24/12/2020 24/12/2020 † ბ ა რ თ ლ ო მ ე ო ს ი წყალობითა ღმრთისაჲთა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი ეკლესიის მთელ სისავსეს, ბეთლემში შობილი მაცხოვარი ქრისტეს მიერ მადლი, წყალობა და მშვიდობაჲ * * * პატიოსანნო ქრისტესმიერნო ძმანო და საყვარელნო შვილნო, თანამავალნი ყოვლადწმიდისა ქალწულისა, რომელიც წინასაუკუნეთა სიტყვის „გამოუთქმელად შობად” მოვალს და შემხედვარენი ბეთლემისა, რომელიც...
24 Δεκεμβρίου, 2020 - 15:53

მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2020

Διαδώστε:
მსოფლიო პატრიარქის საშობაო ეპისტოლე 2020

† ბ ა რ თ ლ ო მ ე ო ს ი

წყალობითა ღმრთისაჲთა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი

ეკლესიის მთელ სისავსეს, ბეთლემში შობილი მაცხოვარი ქრისტეს მიერ მადლი, წყალობა და მშვიდობაჲ

* * *

პატიოსანნო ქრისტესმიერნო ძმანო და საყვარელნო შვილნო,

თანამავალნი ყოვლადწმიდისა ქალწულისა, რომელიც წინასაუკუნეთა სიტყვის „გამოუთქმელად შობად” მოვალს და შემხედვარენი ბეთლემისა, რომელიც საღმრთო ჩვილის მისაგებებლად ემზადება, აი, კვალად მოვედით ქრისტეს შობამდე, სიყვარულის ღმერთის მიმართ მადლიერებით სავსენი. წელს სამყაროს მხსნელის ხორციელად შობის დიდი დღესასწაულისაკენ სვლა იყო განსხვავებული, გარეგანი ფაქტორების მხრივ, საზარელი პანდემიის გამო. ჰიგიონომიური შეზღუდვების შედეგები შეეხო საეკლესიო ცხოვრებასაც, წმიდა მსახურებებში მორწმუნეთა თანამონაწილეობას, სამოძღვრო მზრუნველობასა და სამყაროში კეთილ მოწამეობას. მიუხედავად ამისა, ეს ყოველივე არ ეხება ქრისტეს მოსახელე ერის ქრისტესთან შინაგან ურთიერთობას, მისი მზრუნველობისადმი რწმენასა და ერთგულებას იმისა, რომ „აქა ერთისაჲ არს საჴმარ“[1].

სეკულარულ საზოგადოებებში ქრისტეშობა გახდა უფერული, მოჩვენებითი ფულის ხარჯვისა და მიწიერების დღესასწაული, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე მასზე, რომ ამ წმიდა დღეს პატივს მივაგებთ ღმერთის განკაცების „მარადიულ საიდუმლოს“[2]. დღეს ქრისტეშობის ქრისტიანობისათვის შესაფერისი აღნიშვნა წარმოადგენს წინააღმდეგობის აქტს ცხოვრების სეკულარიზაციისა და საიდუმლოს განცდის უნარის დაუძლურების ან კვდომის მიმართ.

სიტყვის განხორციელებისას გამოცხადდება ადამიანის არსებობის შინაარსი, მიმართულება და მიზანი. ყოვლადსრული ღმერთი არსებობს როგორც სრული ადამიანი, რათა შევძლოთ ვიარსებოთ „ღმრეთის გზით“, „რამეთუ ღმერთი განკაცდა, რათა ჩვენ განვიღმრთოთ“ [3]. წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველის ღრმააზრობრივი გამოთქმის თანახმად, ადამიანი არის „ღმერთი მოწოდებული”[4], „ცხოველი განღმრთობადი“[5]. ესაა ადამიანისათვის უმაღლესი პატივი, რაც მის არსებობას ანიჭებს ყოვლადაღმატებულ ღირებულებას. ქრისტეში ყველა ადამიანი მოწოდებულია საცხონებელად. ღმერთის წინაშე „არა არს ჰურიაება, არცა წარმართება; არა არს მონება, არც აზნაურება; არა არს რჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქუენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესუჲს მიერ“[6], – ღმრთივშთაგონებით ღმრთისმეტყველებს მოციქული პავლე. აქ ლაპარაკია გადამწყვეტ ამოტრიალებაზე ანთროპოლოგიის სფეროში, ღირებულებების იერარქიაში, ეთოსის აღქმაში. ის, ვინც ადამიანს აზიანებს, იმ მომენტიდან ღმერთის წინააღმდეგ აღიძვრის. „არაფერია ადამიანზე წმიდა, რომლის ბუნებასაც ღმერთი ეზიარა“ [7].

ქრისტეშობა არის ეკლესიის მთლიანი ღმერთკაცობრივი ცხოვრება, რომელშიც მარადის ცხოვრებისეულად განიცდება ქრისტე, ვითარცა „რომელი იყო, რომელი არს და რომელი მოვალ არს“, „წიაღთა დედისათა იტვირთა, წიაღთა მამისათა მყოფი“. ყრმა იესო არის ის, რომელიც ჯვარს ეცვა, აღდგა და დიდებით ზეცად ამაღლდა, მსაჯული მართალი და მეუფე დიდებისა. ამ გამოუთქმელ საიდუმლოს ვადიდებთ ფსალმუნებითა და გალობით, ამას ვმსახურებთ, რომელიც ამავდროულად თვითონ გვემსახურა და გვემსახურება. ეს დაადასტურა ღმრთივშთაგონებით „წმიდა მამათა შედგომილმა“ ქალკედონის მეოთხე მსოფლიო კრებამ. „ქალკედონის დოგმას“, უაღრეს სიტყვათა და გონებათა სახეს, რომლითაც ღმრთის სიტყვამ სოფლის ხორცი მიიღო, „უგალობს“ თავისი არქიტექტორული გამოთქმით, სივრცის ორგანიზებით, შთამბეჭდავი გუმბათით, რომელიც ასახავს ყოვლისმომცველ საღმრთო კაცთმოყვარებას და აერთიანებს ზეციერს მიწიერთან, ხატებითა და მორთულობით, ნათლის სხივთა განმაცვიფრებელი ღვრის განუმეორებელი საღმრთისმეტყველო ენით, ღმრთის სიბრძნის ყოვლადწმიდა ტაძარი [აია სოფია] ქალაქთა ქალაქში, მართლმადიდებლობის სიქადული და მსოფლიოს სიდიადე.

დღეს, მრვალი გასაჭირისა და მწუხარების ჟამს, გაისმის „უფლის ანგელოზის“ მქუხარე ხმა: „ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა: რამეთუ იშვა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი“[8]. ვდღესასწაულობთ ქრისტეშობას და ვლოცულობთ განსაცდელსა და უძლურებაში მყოფი ჩვენი ძმებისათვის. შევხარით ექიმების, მედდებისა და ყველა მათ თავდადებას, რომლებსაც პანდემიის გამკლავებაში შეაქვთ წვლილი. გვიხარია, რამეთუ შევნიშნავთ, რომ სნეულს ეპყრობიან როგორც წმიდა პიროვნებას და არა, როგორც უბრალო რიცხვს, შემთხვევას, საგანს, ან უსახო ბიოლოგიურ ერთეულს. სამართლიანადაა ნათქვამი, რომ ექიმების „თეთრი ხალათი“ ერთგვარი „თეთრი ანაფორაა“, გამოხატავს ძმის გულისათვის საკუთარი “მე“–ს უარყოფას, „არა ხოლო თავისასა, არამედ მოყუსისასაცა ძიებას“[9], ვნებულის მიმართ სრულ ერთგულებას. ეს „თეთრი ანაფორა“ და მღვდლის ანაფორა ორივე მსხვერპლისა და მსახურების სულისკვეთების სიმბოლოებია, ხოლო მათი შთაგონების წყარო და მამოძრავებელი ძალა არის სიყვარული, რომელიც ყოველთვის საღმრთო მადლის საჩუქარია და არასოდეს ყოფილა მხოლოდ ჩვენი საკუთარი მიღწევა.

ამ შიშის შემცველმა პანდემიამ შეარყია ის, რაც თავისთავადად ცხადი იყო, გამოაჩინა თანამედროვე „კაცღმერთის“ ტიტანიზმის საზღვარები და წინა პლანზე წამოსწია სოლიდარობის ძალა. იმ უეჭველ ჭეშმარიტებასთან ერთად, რომ სამყარო ერთ მთლიანობას წარმოადგენს, რომ ჩვენი პრობლემები ყველასათვის საერთოა და რომ მათი გადაჭრა მოითხოვს თანადგომასა და თანამშრომლობას, გამოკვეთილად წარმოჩინდა პიროვნული წვლილის – კეთილი სამარიტელის სიყვარულის ფასი, რომელიც აღემატება ადამიანურ საზომებს. ეკლესია აქტიურად, სიტყვითა და საქმით, გვერდში უდგას იწროებაში მყოფ ძმებს და ლოცულობს მათი, მათ ნათესავთა და მათ მკურნალობაზე პასუხისმგებელთა გაძლიერებისათვის. ამასთან ქადაგებს, რომ სნეულის განკურნება, როგორც სიკვდილზე დროებითი გამარჯვება, შეგვახსენებს ქრისტესმიერ სიკვდილის დაძლევასა და საბოლოო გაუქმებას.

სამწუხაროდ, ჰიგიონომიურმა კრიზისმა არ მოგვცა იმ აქტივობების განვითარების საშუალება, რომელიც დაგეგმილი იყო 2020 წლისათვის, „სამოძღვრო განახლებისა და ახალგაზრდობისათვის სავალდებულო მზრუნველობის წლისათვის“. იმედი გვაქვს, რომ მომავალ წელს შესაძლებელი გახდება ახალი თაობისათვის დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება. გამოცდილებით ვიცით, რომ, როცა ახალგაზრდებს გაგებითა და სიყვარულით ვუდგებით, ამჟღავნებენ საკუთარ შემოქმედებით ძალებს და აღტაცებით მონაწილეობენ ყოველ აქტივობაში. დასასრულ, ახალგაზრდობა ადამიანის ცხოვრების განსაკუთრებულად „რელიგიური“ პერიოდია, ოცნებებით, მიზნებით, ღრმა ეგზისტენციალური ძიებებითა და ცოცხალი იმედით ძმობისა და თანადგომის ახალი სამყაროსადმი. სწორედ ამ „ახალ შესაქმეს[10]“ „ახალ ცასა და ახალ ქვეყანას…, რომელსა შინა სიმართლე დამკჳდრებულ არს“[11], ახარებს ქრისტეს ეკლესია, ამას ასახავს აღსასრულისკენ მიმავალ გზაზე.

საყვარელო ძმანო და კურთხეულო შვილებო,

ეკლესიაში ადამიანი განახლდება სრულიად, უბრალოდ „შეწევნას“ კი არ პოულობს, არამედ „იდასტურებს”, ცხოვრებისეულად გამოცდის მის საღმრთო დანიშნულებაში. როგორც მართლმადიდებლობის წმიდა და დიდმა კრებამ გამოაცხადა, ეკლესიაში „თითოეული ადამიანი წარმოადგენს ერთადერთ არსებას, რომლის დანიშნულება ღმერთთან პიროვნული ზიარებაა“[12]. გვაქვს ღმრთივბოძებული რწმუნებულება, რომ აწმყო ცხოვრება არაა ადამიანის მთლიანი ცხოვრება, რომ ბოროტსა და უარყოფითს არ აქვთ უკანასკნელი სიტყვა ისტორიაში. ჩვენი მაცხოვარი არაა რომელიღაც „deus ex machina“, რომელიც ერევა და აქარვებს ჭირს, როცა ამავდროულად ანადგურებს ჩვენს თავისუფლებას, თითქოს ეს თავისუფლება „სასჯელი“ იყოს, რომლისგანაც გათავისუფლება გვჭირდება. ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის ძალაშია უტყუარი მამებისეული სიტყვა: „არ გვნებავს ტირანული ცხონების საიდუმლო“[13]. ქრისტესმიერი თავისუფლების ჭეშმარიტება გამოიცდება ჯვრით, რომელიც გზაა აღდგომისაკენ.

ამ სულისკვეთებითა და ღვისათვის სათნო აზროვნებით, თანავდღესასასწაულობთ თქვენ ყველასთან ერთად ქრისტეშობას და თორმეტდღის დანარჩენ დღესასწაულებს და ვისურვებთ ფანარის ჩვენი წმიდა ცენტრიდან, რომ მაცხოვარმან, რომელი განკაცდა წყალობისათვის კაცთა ნათესავისა, მოგანიჭოთ თქვენ ჯანმრთელობა, ურთიერთსიყვარული, წარმატება ყველა კეთილ საქმეში და ზეგარდმო კურთხევა, დამდეგ ახალ წელსაც და თქვენი ცხოვრების ყოველთა დღეთა! იყავნ!

ქრისტეს შობა 2020

† ბართლომეოს კონსტანტინეპოლელი

ღმრთის მიმართ თქვენ ყოველთათვის გულმხურვალედ მლოცველი

[1] ლკ. 10,42.

[2] მაქსიმე აღმსარებელის, Κεφάλαια διάφορα Θεολογικά καί Οἰκονομικά περί ἀρετῆς καί κακίας, ἑκατοντάς πρώτη, ΙΒ’, PG 90, 1184.

[3] ათანასე დიდის, Περί ἐνανθρωπήσεως, 54.

[4] გრიგოლი ღვთისმეტყველის, Εἰς τόν Μέγαν Βασίλειον Ἐπιτάφιος, PG 36, 560.

[5] მისივე, Λόγος ΜΕ’, Εἰς τό Ἅγιον Πάσχα, PG 36, 632.

[6] გალ. 3,28.

[7] ნიკოლაოს კავასილასი, Περί τῆς ἐν Χριστῷ ζωῆς, ΣΤ’, PG 150, 649.

[8] ლუკ. 2, 9-11.

[9] I კორ. 10, 24.

[10] II კორ. 5, 17.

[11] II პეტრ. 3, 13.

[12] ცირკულარი, § 12.

[13] მაქსიმე აღმსარებლის, Εἰς τήν προσευχήν τοῦ Πάτερ ἡμῶν, PG 90, 880.
wenews.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων