05 Σεπτεμβρίου, 2024

დასრულდა საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ‘ლაზარეს’ სამშვიდობო პროექტების ფარგლებში დაგეგმილი საზაფხულო ბანაკების მესამე ნაკადი

Διαδώστε:

საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ “ლაზარეს” პროექტის – “ახალგაზრდები მშვიდობისათვის სამხრეთ კავკასიაში”, – სამშვიდობო ახალგაზრდული გაცვლა წარმატებით განხორციელდა და ამით წელს დასრულდა ფონდის სამშვიდობო პროექტების ფარგლებში დაგეგმილი საზაფხულო ბანაკების მესამე ნაკადი.

აღნიშნულ ფაზაში, რომელიც 18-დან 27 აგვისტომდე პერიოდში ბობოყვათის საპატრიარქო რეზიდენციაში გაიმართა, მონაწილეობდა ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი 42 ახალგაზრდა. ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულნი ისეთ აქტივობებში, როგორიცაა სესიები კონფლიქტის ტრანსფორმაციაში, არაფორმალური განათლების სავარჯიშოები, სპორტული და ინტელექტუალური ღონისძიებები, ქართული, აფხაზური, აზებაიჯანული და სომხური ენის გაკვეთილები, სხვადასხვა თემატიკის კულტურული საღამოები და სხვა.

ახალგაზრდებმა დრო საინტერესოდ და სახალისოდ გაატარეს, ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი კულტურა და ტრადიციები, დააგროვეს უამრავი სასიამოვნო მოგონება, რომელიც ცხოვრების მანძილზე გულწრფელ მეგობრობასთან ერთად წარუშლელად გაჰყვებათ.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილური და მშვიდობიანი მომავლის შექმნაში, მითუმეტეს, მსოფლიოში არსებული რთული სიტუაციის ფონზე, ფონდის სამშვიდობო პროექტებს მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საქმეში.

აღნიშნულ პროექტს ფონდი “ლაზარე” შვეიცარული ორგანიზაცია HEKS-EPER-ისა და საქართველოს საპატრიარქოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

sazu.ge

Διαδώστε: