13 Ιανουαρίου, 2021

“დიდი დანაკარგია მთელი ჩვენი ეკლესიისთვის” – პატრიარქი კირილე მიტროპოლიტ ფილარეტს ემშვიდობება

Διαδώστε:

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილემ თავისი მწუხარება გამოხატა სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების გამო.

პატრიარქმა კირილემ სამძიმრის ოფიციალური წერილი გააგზავნა მინსკში, სრულიად ბელარუსის ეგზარქოსის, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტის ბენიამინის, ბელარუსის საეგზარქოსოს მღვდელმთავრების, სასულიერო პირების, მონაზვნებისა და სამწყსოს სახელზე.

“ღრმა მწუხარებით მივიღე ცნობა ერთ-ერთი გამოჩენილი იერარქის, სრულიად ბელარუსის საპატიო საპატრიარქო ეგზარქოსის, მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების შესახებ. ეს ნამდვილად დიდი დანაკარგია არამხოლოდ ბელარუსელი მორწმუნეების, არამედ მთელი ჩვენი ეკლესიისთვის”, – აღნიშნავს რუსეთის პატრიარქი.

რუსეთის ეკლესიის მეთაური თავის წერილში საუბრობს მიტროპოლიტ ფილარეტის საქმიანობის შესახებ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობაზე. “მსურს აღვნიშნო განსვენებულ მიტროპოლიტ ფილარეტის მნიშვნელოვანი წვლილი ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ძმური კავშირების განმტკიცებასა და კონფესიათა შორის დიალოგის განვითარებაში”, – წერს პატრიარქი კირილე.

რუსეთის პატრიარქი გამორჩეულად აღნიშნავს მიტროპოლიტ ფილარეტის დიდ მოღვაწეობაზე მინსკის კათედრაზე, სრულიად ბელარუსის ეგზარქოსობისას. “ბელარუსში მისი მღვდელმთავრული მოღვაწეობის წლები აღინიშნა საეკლესიო ცხოვრების ყოვლისმომცველი აღორძინებით, ტაძრებისა და მონასტრების აღდგენითა და აგებით, სასულიერო განათლების განვითარებითა და საგანმანათლებლო საქმიანობით”, – აღნიშნავს მისი უწმიდესობა.

წერილის დასასრულს პატრიარქი კირილე ლოცვით ავედრებს უფალს ახლადშესვენებული მიტროპოლიტის ფილარეტის სულის ცხონებასა და მის საუკუნო ხსენებას.

შეგახსენებთ, რომ სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი, 2021 წლის 12 იანვარს, ამსოფლიური სიცოცხლის 86-ე წელიწადში, კორონავირუსული ინფექციის შედეგად გარდაიცვალა.

 

wenews.ge

Διαδώστε: