15 Αυγούστου, 2020

დღესაც განსაცდელშია კონსტატინეპოლის დიდებული კათედრალი – აია-სოფია..!

Διαδώστε:

“პირველს შვიდთაგან ბორცვზედა სტამბოლისა, ძველ მოედანზედ “აგვისტეონისა”,
ბრწყინავს დიდებული ტაძარი წმ. სოფიასი, – დიდებული, წარჩინებული ხელოვნება ბიზანტიისა,  გვირგვინი ხელოვნებისა და კანონი საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა..”
დეკ. პეტრე კონჭოშვილი

იმპერატორმა კონსტანტინემ ახალი დედაქალაქისათვის ადგილი ბოსფორის ნაპირას, ბორცვებიან ნახევარკუნძულზე შეარჩია, სადაც ადრე პატარა დაბა ბიზანტიონი მდებარეობდა. 324-330 წლებში აშენდა ქალაქი, რომელსაც მისი დამაარსებლის სახელი – კონსტანტინეპოლი ეწოდა. პირველ რიგში აიგო ეკლესიები, მათ შორის წმინდა სოფიას ტაძარი – ღმრთის სიბრძნის სახელზე,-გვიამბობს ისტორიის დოქტორი ირაკლი ლორთქიფანიძე. ნიკეამდელ პერიოდში ანუ პირველ მსოფლიო საეკლესიო კრებამდე (325წ.) არქიტექტურულ შენობას გადამწყვეტი როლი არ ენიჭებოდა, რადგან პირველი ქრისტიანული ეკლესია  მოწრმუნეთა შეკრება, ერთობა იყო. კონსტანტინე დიდის პერიოდიდან ეკლესია კარგავს ამ ეკლესიოლოგიურ აზრს და ტაძარი იძენს დამოუკიდებელ მნიშვნელობას. დაიწყო ტაძრების მშენებლობა წმინდა ადგილებში, მოციქულთა და მოწამეთა საფლავებზე. კონსტანტინე დიდმა და ელენე დედოფალმა წმინდა ადგილებში 80-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი ააგეს. პერიოდიკაში გამოქვეყნებული მასალებიდან ჩანს, რომ საქართველოში დიდ ყურადღებას აქცევდნენ აია-სოფიას ტაძარს. ამის დასტურად მოვიტანთ რამდენიმე ამონარიდს.
1887 წელს სასულიერო ჟურნალში “მწყემსი” გამოქვეყნდა წერილი სათაურით: “წმინდა სოფიის ტაძარი კონსტანტინეპოლში:””კაცის გონებას არ შეუძლია გამოხატოს სიდიდე და სიმშვენიერე ამა ტაძრისა! – ამბობდნენ ძველნი მოგზაურნი. იმპერატორმა აღაშენა ფრიად დიდი შენობა, რომლის მსგავსი არ მოიპოვება ისტორიაში! აღაშენა ტაძარი წმინდა სოფიისა! უდიდესი, უმშვენიერესი და უნატიფესი, რომლის ასაწერად სიტყვები ვერ მოგიგონებია კაცსა…” საუკუნეების განმავლობაში ტაძარი იმპერიასთან ერთად არქიტექტურულად იცვლებოდა, იზრდებოდა და ვითარდებოდა.
პირველი ტაძარი 360 წელს დასრულდა და  იმპერატორ კონსტანტინე მეორის სახელთანაა დაკავშირებული. ეკლესიის მეორე პერიოდი უკავშირდება იმპერატორ თეოდოსი მეორეს. მესამე ტაძრის აგება და გამშვენება დაკავშირებულია იმპერატორ იუსტინიანე პირველთან. მეხუთე საუკუნეში კონსტანტინეპოლში რამდენიმე ტაძარი აიგო. იმპერატორი იუსტინიანე დიდ აღმშენებლობით საქმიანობას ეწეოდა. ახალი ტაძარი აია-სოფია 537 წლის 22 დეკემბერს აკურთხა კონსტანტინეპოლის პატრიარქმა მინამ (536-552წ.წ.), ეკლესიის კურთხევას ესწრებოდა იმპერატორი იუსტინიანე, რომელმაც აია-სოფია იერუსალიმის სოლომონის ტაძარს შეადარა და ბრძანა: “ჵი, სოლომონ, მე გარდაგემატე შენ”! აია-სოფიის დიდებული ახალი ტაძრის გარდა აიგო სხვა მრავალი ეკლესიაც.
1888 წელს გაზეთ “ივერიაში” დავით მიქელაძე წერდა: “ძველი აია-სოფია, ეს დიდებული ძეგლი ბერძენთ ხელოვნებისა. მე, არა მგონია, რომ ამაზე საკვირველი სანახავი სხვა შემხვედროდეს! არ იცის კაცმა, რას მიაპყროს გაოცებული თვალი და აღელვებული გული..”
დედაქალაქში, და ზოგადად მთელ აღმოსავლეთ იმპერიაში, გამორჩეული იყო ახალი აია-სოფია, რომელიც, როგორც ვთქვით, იუსტინიანეს დროს არქიტექტორების–ანთიმოზისა და ისიდორეს მიერ აშენდა.

დეკანოზმა პეტრე კონჭოშვილმა (შემდგომში ეპისკოპოსი) 1899 წელს იმოგზაურა იერუსალიმში. თავისი მოგზაურობა აღწერა წიგნში: “მოგზაურობა წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ”. წიგნში სათაურით: “წმინდა სოფიას ტაძარი კონსტანტინეპოლში”- მოცემულია აია-სოფიას ტაძრის ისტორია. “პირველს შვიდთაგან ბორცვზედა სტამბოლისა, ძველ მოედანზედ “აგვისტეონისა”, ბრწყინავს დიდებული ტაძარი წმ. სოფიასი, – დიდებული, წარჩინებული ხელოვნება ბიზანტიისა, გვირგვინი ხელოვნებისა და კანონი საეკლესიო ხუროთმოძღვრებისა..”

იმპერატორ იუსტინიანეს დროს აია-სოფიას ტაძარში 1000 სასულიერო პირი მსახურობდა.  იმპერატორმა ირაკლიმ (ირაკლიოსი)  ტაძარში მსახურებისათვის დაადგინა: 80 მღვდელი, 150 დიაკონი, 70 კერძო დიაკონი (იპოდიაკონი), 40 დიაკონისა, 160 წიგნისმკითხველი ანუ მედავითნე, 25 მგალობელი, 75 მეკარენი (კარის მცველნი).
აია-სოფიას დიდი ტაძრის გეგმა ასეთი იყო: საკურთხეველი, სოლეა, ნავი და ამბიონი, შესასვლელი, კიბე, საჭურჭლე, ჩრდილოეთით გვერდითა ნავი, სამხრეთით გვერდითა ნავი, იმპერატორის ლოჟა, კიბე, სანათლავი, ნართექსი, გარეთა ნართექსი, ატრიუმი, შესასვლელი, ჰოროლოგიონი, კიბე.

როგორც დეკანოზი კორნელი კეკელიძე აღნიშნავს, თავდაპირველად ცალ-ცალკე ჩამოყალიბდა სამრევლო  და სამონასტრო ტიპიკონები. სამრევლო ტიპიკონი ორნაირი იყო: 1) იერუსალიმის, ანუ ქრისტეს საფლავის და 2) კონსტანტინეპოლის, აია სოფიისა ანუ დიდი ეკლესიისა. სამონასტრო ტიპიკონი კი სამი სახის იყო: 1) პალესტინაში საბაწმინდისა, 2) კონსტანტინეპოლში, სტუდიის მონასტრისა და 3) ათონზე მთაწმინდისა. როგორც მოგეხსნებათ, მეჩეთად გადაკეთებულ აია სოფიაში რელიგიური მსახურება 2020 წლის 24 ივლისიდან დაიწყება. მიმდინარე წლის 10 ივლისს თურქეთის სახელმწიფომ გააუქმა   1934 წლის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც აია სოფია მუზეუმად გამოცხადდა. დღეისათვის კი ის კვლავ მეჩეთად გადაკეთდა.

ცოტა ხნის წინ, ძველი პერიოდიკის მასალებზე მუშაობისას, მოვიძიე XIX-XX საუკუნეში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირების ჩანაწერები აია– სოფიის ტაძრის შესახებ. ჩემი საუბარი მინდა დავასრულო XX საუკუნეში მოღვაწე სასულიერო პირის, მღვდელ სერგი მაჭარაშვილის სიტყვებით, რომელიც 1913 წელს გამოაქვეყნა. მოვიტან  ამონარიდს: “მეტად სასიამოვნო და სასურველ მოვლენადვე ჩაითვლებოდა ის გარემოებაც, რომ ოსმალებს ეს დიდებული, ისტორიული და სასიქადულო ქრისტიანული ნაშთი, ძველი აია სოფია, ქრისტიანებისთვის დაეთმოთ, რითაც იგინი ქრისტიანების მხრით დიდ თანაგრძნობას დაიმსახურებდნენ, ქრისტიანებს კი შეძლება მიეცემოდათ თავისი სათაყვანებელი ძველი ნაშთი განეახლებიათ, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, იმ შემთხვევაში ყოველი ღონე მაინც უნდა იქნეს მიღებული აღნიშნული შენობის დაცვისათვის, რომ ამ დიდებულმა ნაშთმა, ქრისტიანეთა სიამაყემ, კიდევ დიდხანს შეინარჩუნოს თავისი არსებობა”.

107 წლის წინაა ეს სიტყვები წარმოთმული და დღესაც აქტუალურია! დღესაც  განსაცდელშია კონსტატინეპოლის დიდებული კათედრალი – აია-სოფია..!


— karibche.ambebi.ge

Διαδώστε: