ა.წ. 1 ივნისს იწყება აღნიშვნა საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავისა. ამასთან დაკავშირებით ხვალ, შაბათს, 10:00 საათზე მღვდელმთავრების მონაწილეობით წირვა დაიწყება ახალქალაქის რაიონის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა ეკლესიაშიც.
თბილისის სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურებას აღავლენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და გამობრძანებული იქნება წმინდა ნინოს ჯვარი.
9 ივნისს, კვირა დღეს, 10:00 საათზე, ასევე საზეიმო წირვა ჩატარდება ახლა უკვე ბოდბეში, სადაც იკურთხება და გაიხსნება წმინდა ნინოს სახელობის ახლად აგებული ეკლესია.
ღმერთმა დაგლოცოთ და წმ. ნინოს მეოხებით უფალმა მშვიდობა არ მოუშალოს სრულიად საქართველოს.