წელს, 26 სექტემბერს, სრულდება 400 წელი ქეთევან დედოფლის მარტვილობიდან.
საქართველო გამორჩეულია წმინდა მეფე-დედოფალთა სიმრავლით, მათ შორის კი განსაკუთრებული ადგილი დიდმოწამე ქეთევან დედოფალს უკავია.
მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაშიც ასეთი მოწამეობრივი ხვედრის ქრისტიანი დედოფალი უაღრესად იშვიათია.
მისი ცხოვრება სიყრმიდანვე განსაცდელებით იყო სავსე, რაც შემდეგში კიდევ უფრო მეტად დამძიმდა. თუმცა, ყველაზე მტკივნეული მაინც შაჰ აბასის მიერ ქეთევან დედოფლისგან რჯულის დატევების კატეგორიული მოთხოვნა და მისი შვილიშვილების მოწამებრივი აღსასრული იყო; მაგრამ უფლისა და სამშობლოს სიყვარული დედოფალში ვერც ოჯახურმა ტრაგედიამ და ვერც საშინელი ტანჯვით სიკვდილის მუქარამ შეარყია.
დედოფლის წამება სპარსეთში, შირაზში, საჯაროდ მოხდა. მისი დასჯის ამბავი დიდად გახმაურდა; თვითმხილველმა კათოლიკე ბერებმა კი ინდოეთსა და ევროპის ქვეყნებს ამცნეს ენითგამოუთქმელი საშინელი დასჯისა და ქრისტესთვის თავდადების საოცარი მაგალითი, რის საფუძველზეც შემდეგში არაერთი ნაწარმოები შეიქმნა.
მთელმა საქართველომ, განსაკუთრებით კი, ჩვენმა ახალგაზრდობამ, კარგად უნდა გააცნობიეროს წმ. ქეთევან დედოფლის პიროვნების სიდიადე და ღვაწლი ღვთისა და სამშობლოს წინაშე. ამიტომაც, მთელი წელი უნდა მიეძღვნას მას და დაიგეგმოს სხვადასხვა ღონისძიება.
დღეს ჩვენთან მრავალი ბავშვი, ახალგაზრდა და ასაკოვანი ადამიანია წმ. ქეთევანის მოსახელე. პირველ რიგში, მათ და, შემდეგ, ჩვენს მთელ მოსახლეობას ვულოცავთ საქართველოს გამორჩეული მეოხისა და მნათობის, მართლმადიდებლური სამყაროს მშვენების, ქეთევან ბაგრატიონის (მუხრანელის) ცათა შინა დიდ წმინდანად დაბადების დღეს და შევთხოვთ დიდმოწამე დედოფალს, თვისი შეწევნა და მფარველობა არ მოაკლოს საქართველოს და თითოეულ თქვენგანს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის