27 Φεβρουαρίου, 2020

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ეწვივნენ

Διαδώστε:

ა.წ. 25 თებერვალს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლებისა და აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლები ეწვივნენ.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა გიორგიმ (ჯამდელიანი) მის უწმინდესობას ეპარქიაში არსებული მდგომარეობა გააცნო და აღნიშნა, რომ 6 წლის წინ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის ჩამოყალიბებამ ხელი შეუწყო ქრისტიანული ცხოვრების აღორძინებას ქვემო ქართლის რეგიონში. გაიზარდა სასულიერო პირთა რაოდენობა და ჩამოყალიბდა სამრევლოები.

სტუმრებმა ხაზი გაუსვეს მისი უწმინდესობის როლს მრავალეთნიკურ საქართველოში, რომელიც აერთიანებს ყველა ადამიანს და არის მაგალითი შემწყნარებლობისა.

აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თემის სახელით მხარდაჭერა გამოუცხადა და აღნიშნა, რომ პატრიარქის სიტყვა მათთვის განსაკუთრებით ფასეულია. ასევე მადლიერებით მოიხსენიეს მეუფე გიორგის მოღვაწეობა ეპარქიაში.

შეხვედრის დროს შესრულდა ფოლკლორული სიმღერები და წაკითხულ იქნა ლექსებიც.

მისმა უწმინდესობამ დალოცა სტუმრები და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა მათ.

 


patriarchate.ge

Διαδώστε: