18 Οκτωβρίου, 2020

მეუფე ანდრია: დავით გარეჯი ჩვენი ქვეყნის კულტურული და სულიერი ფასეულობა და ისტორიული მიწაწყალია

Διαδώστε:

დავით გარეჯი ჩვენი ქვეყნის კულტურული და სულიერი ფასეულობა და ისტორიული მიწაწყალია, – ასე ეხმაურება დავით გარეჯის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ატენისა და გორის მიტროპოლიტი.

მეუფე ანდრია თვლის, რომ ამ თემის გარშემო არ უნდა ჩნდებოდეს კითხვის ნიშანი, არის თუ არა ის საქართველოს ტერიტორია.

მისი თქმით, სამწუხაროა საციხოდ მათი გამეტება, ვინც დააკავეს, თუმცა გამოძიებამ უნდა უპასუხოს ყველა კითხვას.

„97-98 წლებში მაშინდელ ხელისუფლებაში მყოფი ზურაბ ჟვანიაც კი სტუმრობდა ხშირად და კითხულობდა მონასტრის ბედს და მას მერე მთავრობის მუდმივი კონტროლის ქვეშ უნდა ყოფილიყო. მეტი შეფასების გაკეთება კი უკვე გამოძიების დასრულებისა და დასკვნის დადების შემდეგ იქნება შესაძლებელი“, – აცხადებს მიტროპოლიტი.

17 აგვისტოს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე.

7 ოქტომბერს პროკურატურამ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული ქმედების ბრალდებით დააკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის, სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და შსს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა.

ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 8 ოქტომბერს შეეფარდათ.


imedinews.ge

Διαδώστε: