14 Μαρτίου, 2020

მეუფე დოსითეოზი – “მორწმუნეებმა უნდა ვაჩვენოთ მოწერიგებულობის, თანმიმდევრულობისა და სიმშვიდის მაგალითი”

Διαδώστε:

შემთხვევით სამყაროში არაფერი ხდება, – „თმის ღერიც კი არ დაცვივდება შენი თავიდან… “ საღვთო კანონზომიერების გარეშე.
ადამიანი (სადაც ჩვენი თავი აუცილებლად უნდა ვიგულისხმოთ), მთელ რესურსებს მოიხმარს შურითა და სიხარბით. ამჯერადაც, გაუფრთხილებლობით, დაუფიქრებლობითა და „მდგრადი ეკონომიკის“ შენარჩუნების საბაბით, თავიდან ვერ იქნა აცილებული, ახალი კორონა ვირუსის პანდემია (?!)
ჩვენ ყველანი, მიუხედავად გეოგრაფიული სივრცისა, საზღვრებისა და ეროვნული წარმომავლობისა, ერთნაირად აღმოვჩნდით საშიშროების წინაშე. აპოკალიფსზე ფილმები, სადაც მხატვრული შინაარსი გლობალურ სააფრთხეებზეა აგებული, მოგონილი სულაც არ ყოფილა.
იმის გამო რომ, გამოცხადდა ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პანდემია და ადგილობრივი ხელისუფლებისაგან გვაქვს რეკომენდაციები საზოგადოებრივი და რელიგიური შეკრებების რეგულირებასთან დაკავშირებით, ბელგიისა და ჰოლანდიის სამრევლოებს გთხოვთ, გამოიჩინოთ მაქსიმალური მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მიჰყვეთ ოფიციალურ რეკომენდაციებს.
ნუ მოუსმენთ სოციალურ მედიაში გავრცელებულ, ეკლესიის ფუნქციონირების შესახებ არამკითხეთ. განსაკუთრებით მკვეხარებს და პატივმოყვარეთ. ეკლესიამ, ამ ტიპის რეკომენდაციათა გარეშე, იცის როგორ მოიქცეს, როგორ აზიაროს, როგორ თაყვანი სცეს და სათნო ეყოს ღვთისმსახურებაში უფალს. საჭიროების მიხედვით, მან იცის ვისგან მიიღოს კონსულტაციები და რა ფორმით. ჩვენ გვაქვს საოცარი მაგალითები ქრისტიანული ალტრუიზმისა და თავგანწირვისა. ისე როგორც მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებისა და მსახურებისა. მივბაძოთ ღვთივსულიერ ადამიანებს.

• უპირველესად ვილოცოთ სამყაროს შემოქმედის წინაშე მშვიდობისა და წყალობისთვის.
• ვილოცოთ განსაცდელში ჩავარდნლი ადამიანების მიმართ და გადავცეთ მათ გამამხნევებელი ფიქრები.
• გამოვხატოთ მადლიერება და ვილოცოთ მათ მიმართ, ვინც საკუთარი ჯანმრთელობის რისკის ფასად პირნათლად აღასრულებენ პროფესიულ ვალს.
• მოვინანიოთ დედა ბუნების მიმართ თვითოეული ჩვენგანის მიერ და გლობალურად ადამიანისგან მიყენებული ზარალი, ძარცვა, ჰედონისტური სიხარბე და გულგრილი დამოკიდებულება დედა ბუნებისადმი.
• ვინც რწმენაში ძლიერია, ნუ განიკითხავს და ხელს ნუ გაიშვერს სუსტებისა და ურწმუნოებისკენ. პირიქით, თუ უფლებას მოგვცემენ, დავეხმაროთ, რომ გაძლიერდნენ და მხნეობა შევმატოთ. და ეს, უპირველესად, კეთილი მაგალითებით.
• დავეხმაროთ უძლურებაში მყოფთ და დიდსულოვანი ვიყოთ მათ მიმართ, ვისაც დახმარება სჭირდება.
• მოძღვრებმა, სამრევლო სამჭოებთან ერთად იზრუნვონ სამრევლოს ინფორმირებაზე და შეთანხმებულ მოქმედებაზე.
• მორწმუნეებმა უნდა ვაჩვენოთ მოწერიგებულობის, თანმიმდევრულობისა და სიმშვიდის მაგალითი.
• ზედმიწევნით დავიცვათ, როგორც პირადი, ასევე საოჯახო და სამოქალაქო სივრცეებში რეკომენდირებული ჰიგიენის წესები.
• ვურჩიოთ სამრევლოს წევრებს გადადონ მოგზაურობები და თავი შეიკავონ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოხვედრაზე.
• მოვერიდოთ, ეკლესიაში მსახურებაზე დასწრებას, თუ რისკის შემცველი ადგილებიდან თუ ქვეყნებიდან ახალი დაბრუნებული ბრძანდებით (მინიმუმ 2 კვირა), ან გაციების, ან სისუსტის სხვა ნიშნები გამოხატულია.
• მოძღვრბმა უზრუნველყონ მორწმუნეთათვის კერძო მსახურების ჩატარება და ინდივიდუალური ზიარება, თუ ეს საჭირო დარჩა ეკლესიებში საზოგადო მსახურების დროებით შეჩერების გამო.
• ვიზრუნვოთ ეკლესიაში სისუფთავის დაცვაზე, ჰიგიენური საშუალებები გამოვიყენოთ იქ, სადაც ის დაშვებულია (მოძღვრის მითითებით).
• მოვახდინოთ სველი წერტილების დეზინფექცირება და ბავშვებისთვის გამოყოფილი ოთახების სველი წესით დამუშავება.
• მთავარია, ყველგან: ოჯახში, რადგან იქ ბავშვების გარემოცვაა და დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების რწმენასა და კეთილ მაგალითს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგიებში, ტრანსპორტში თუ ეკლესიაში, გამოვიჩინოთ თანმიმდევრულობა, სიფრთხილე და დავიცვათ ოფიციალურად რეკომენდირებული მითითებები.

ხვალინდელი დღიდან ვფიქრობთ ადამიანი უნდა გახდეს უკეთესი.
მაგრამ, შეიცვლება კი, ჩვენი ადამიანური ურთიერთობები, ან სამყაროსთან დამოკიდებულება უკეთესისკენ… ?!
ისტორიის მანძილზე ადამიანს არაერთი განსაცდელის გადატანა მოუხდა .

ღვთის წყალობთ ყველაფერი მშვიდობით იქნება.
ღმერთმა ძალა მოგმადლოთ, მხნეობა და გონიერება.
დოსითეოსი,

 

dogma.ge

Διαδώστε: