21 Ιουνίου, 2020

მეუფე საბა: “ახლა კი წავალ და მივხედავ ჩემ თავს”

Διαδώστε:

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი, მეუფე საბა გიგიბერია მიიჩნევს, რომ ეკლესიის კრიტიკოსებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციებს, არც სახელმწიფოზე შესტკივათ გული და არც ეკლესიაზე. ამის შესახებ მიტროპოლიტმა ქადაგებისას განაცხადა. ქადაგების ვიდეოჩანაწერს ფეისბუკგვერდი “საქართველოს იმედი” ავრცელებს. სრულად გთავაზობთ გავრცელებულ ქადაგებას:

“როდესაც გამწერეს საავადმყოფოდან, ექიმმა მითხრა, რომ 6 თვე სახლიდან არ გამოვსულიყავი და რეაბილიტაცია იყო ძალიან მკაცრად განსაზღვრული – წოლითი რეჟიმით. მე მეექვსე დღეს თქვენთან ერთად ვიდექი წირვაზე. როდესაც მკითხეს, რატომ გააკეთე ეს? – ვუპასუხე, რომ იმ დროს ისეთ განსაცდელში და გაურკვეველ ვითარებაში, რაშიც აღმოვჩნდით, არ შემიძლია აღდგომის დღეებში, სახლში ვიჯდე და არ ვიყო ხალხთან. ასე აკეთებს თითოეული მღვდელმთავარი და რაღა ვთქვა 87 წლის პატრიარქზე, რომელიც ახალგაზრდა ბიჭებს ხელით დაყავთ, არც ერთ წირვას და ლოცვას, არც პანდემიის დროს, არ აკლდება და ადამიანებს მოუბრუნდებათ ენა მისი და სხვა მღვდელმსახურების სალანძღავად. ვინ არიან ეს ადამიანები? – მათ სახელმწიფოზე შესტკივათ გული? მათ ეკლესიაზე შესტკივათ გული? მათ თქვენზე შესტკივათ გული? – არა! ეს არიან სიტუაციაზე კარგად მორგებული ე.წ. გრანტის მჭამელი არასამთავრობოები, რომლებსაც ქვა ქვაზე არ დაუდიათ ამ ქვეყანაში და მუდმივად სხვის გაკეთებულ საქმეში იქექებიან. იმას კი არ გეუბნებიან, რამდენი გაგიკეთებია და მადლობა… თუ ბევრი აღმოჩნდება, გეტყვიან, რაში გჭირედებოდა ამის გაკეთება, ღარიბები დაგეპურებინა? თუ არაფერს გააკეთებ, გეტყვიან ესენი არაფერს აკეთებენ და რა საჭიროა ასეთი ხალხი? ვერ გაიგებ: „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“…

ჩვენ, მე პირადად, შეიძლება, ბევრს ვაკლებ ჩემ საქმიანობას, მაგრამ გულისტკივილით შემიძლია ვთქვა: არ მახსოვს შემთხვევა, ვინმეს ეთქვას: მეუფე, ჩემი შესაძლებლობა და თქვენი შესაძლებლობა გავაერთიანოთ, ერთად დავდგეთ და ერთად ვაკეთოთ უფრო მეტი კეთილი საქმე, რაც ჩვენ ქვეყანას სჭირდება. ჩემი კარი ყველასთვის ღიაა, მობრძანდით გულშემატკივარიც, გამქილიკებელიც და საყვედურის მთქმელიც, არასამთავრობოებიც და ჟურნალისტებიც და დადექით იმ ხალხის გვერდით, ვინც კეთილ საქმეს აკეთებს და თქვენი მწირი შესალებლობები მოახმარეთ კეთილ საქმეს. დარწმუნებული ვარ, თითოეულ მათგანს – ჟურნალისტს, არასამთავრობოს წევრს ბევრად მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე ყველაზე მდიდარ მღვდელს საქართველოში, თუკი არსებობს ასეთი.

რატომ ხდება იმ გაჭირვებული მღვდლის თუნდაც მწირი საქმიანობა სასაყვედურო და გაზულუქებული ადამიანის ცხოვრების წესი კარგია? რატომ მევალება მე დაპურება ყველა გაჭირვებული ადამიანის ამ ქვეყანაში და მათ არ ევალებათ? სად წერია ეს? ან რას ვაკლებთ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ამ ხალხს? კარგით, გავყიდი მანქანას და დავურიგებ ათას კაცს მთელ ფულს, მეორე დღეს ვინ დაურიგებს? მეორე ეპისკოპოსი, მესამე ასე მოიქცევა და ა.შ. კარგი, ერთი წელი ასე იქნება. მეორე წელს ვინ იზამს ამას? მანქანა ხომ აღარ გვექნება გასაყიდი? ამას არ სჯობს, შესაძლებლობების შეერთება და საქმის კეთება და ერთად ვიზრუნოთ, ვიდრე ერთმანეთს ვაყვედროთ – შენ მეტს აჭმევ და მე ნაკლებს, ან პირიქით. ჩვენ იმდენს ვაჭმევთ, რამდენიც შეგვიძლია. მე ვთქვი, ჩვენ არ შეგვიძლია ჩვენ ეპარქიაში ყველა ადამიანის მატერიალური მდგომარეობა დავაკმაყოფილოთ, რადგან არ ვარ ღმერთი და ამიტრომ არ შემიძლია. კაცი ვარ, ადამიანი ვარ, ეპისკოპოსი ვარ და შეზღუდული ვარ. რასაც ვშოულობ, აქ მომაქვს და აქედან არ მიმაქვს და არასოდეს წავიღებ. 25 წელია მომაქვს – არავის ვაყვედრი, მაგრამ მე რას მაყვედრით? რატომ არ მაცდით ან საქმეს ან ცხოვრებას, საერთოდ? იქნებ, დადგა დრო, რომ მეც, როგორც ადამიანმა, როგორც მირჩია ექიმმა, ჩემ თავს მივხედო და ჩემ ჯანმრთელობას? და არ ვიარო მუდმივად ბეწვის ხიდზე და რამდენჯერ გავიარე ბეწვის ხიდზე იმისთვის, რომ თქვენ მარტო არ ყოფილიყავით. მეც ისეთი ადამიანი ვარ, როგორც თქვენ – ხან შეცდომას ვუშვებ, ხან არა. მე ბევრჯერ მომიხდია ბოდიში და ახლაც ვიხდი იმისთვის, რაც გამიკეთებია და არ გამიკეთებია და ვერ გამიკეთებია. ახლა კი წავალ და მივხედავ ჩემ თავს”.

dogma.ge

Διαδώστε: