10 Μαΐου, 2021

მეუფე სტეფანე – დედა სოსანამ სპექტაკლები დადგა, მან არ გამოიყენა ჩემი შეთავაზება, კამერების გარეშე ნორმალურად გველაპარაკა, შოუები უფრო მოეწონა

Διαδώστε:

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ბალდის მამათა მონასტერში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

მისი თქმით, ბალდის მონასტერში წირვა ჩაატარა და წასვლას აპირებდა, თუმცა სთხოვეს, რომ კითხვებისთვისაც ეპასუხა.

„ბალდის ინციდენტს რაც შეეხება, მე ბალდაში წირვა ჩავატარე, მეტს არაფერს ვაპირებდი იქ, რომ გამოვედი, მითხრეს, გთხოვთ, კითხვები გვაქვს, მობრძანდითო. იქაც ჯერ თვითონ გაავრცელეს კადრები და შემდეგ იძულებული გავხდით, ჩვენც გაგვევრცელებინა კადრები ვრცლად, როგორ იყო რეალურად სიტუაცია“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

რაც შეეხება დედებთან გამართულ კრებას, მეუფე სტეფანემ აღნიშნა, რომ კრება სხვა დროსაც ექნება, რადგან სინამდვილეში, ის სულ სხვა მნიშვნელობის მატარებელია.

„შემდეგ იყო დედებთან კრება. დედებთან კრება ახლაც მექნება და სხვა დროსაც, ყოველთვის მექნება კრებები. დაინახავთ, რომ ეს კრებები სულ სხვა მნიშვნელობისაა და არა იმის, რომ ვიღაცას გავუსწორედეთ ან რაღაც. თვითონვე სვამდნენ საკითხებს ისე, რომ მე არ მოვიხსენიებ პატრიარქსო. თუ არ მოიხსენიებ პატრიარქს, კანონიკურად ეს ნიშნავს ამბოხს, ეკლესიაში განხეთქილების შემოტანას. აქედან გამომდინარე, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ამას პასუხი უნდა გავცეთ. პასუხი არის ის, რომ ვაფრთხილებთ, მოდით, ხალხო, ნუ იზამთ ამას, ვუხსნით. დედა სოსანასთან ორი საათი ვლაპარაკობდი არა იმიტომ, რომ ის არ მიყვარს და მინდა, საშინელ მდგომარეობაში ჩავაგდო, არამედ მინდოდა, გამეგებინებინა, კანონიკურად რა შეცდომაში შეიყვანეს ის და რა პრობლემების წინაშე დადგა. საბოლოო ჯამში, როგორც მოხდა ისე მოხდა. შემდეგ მე ავუხსენი, რომ მონაზონს არ აქვს უფლება, თავის ჭკუაზე ირბინოს, არანაირად არ აქვს უფლება, სადღაც რაღაც აქციებში მიიღოს მონაწილეობა და ა.შ. ამ გაფრთხილების შემდეგ დემონსტრაციულად წავიდა და შემდეგ რომ არ შევუშვით იქ, დადგა სპექტაკლი“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მისი განმარტებით, დედა სოსანა წინასწარ დადგმული სცენარის მიხედვით მოქმედებდა.

„სამჯერ მოვიდა იქ. პირველად რომ მოვიდა და არ შეუშვეს, ჩვეულებრივად შეეძლო, წასულიყო და დაეძინა, პრობლემა არ ჰქონდა, მაგრამ ჩაიფიქრა შემდეგი განვითარება. მოვიდა მეორედ, დადგეს სცენარი, როგორი იქნებოდა. მესამედ რომ მოვიდა, დატოვეს წვიმაში ზუსტად 10 წუთით, შემდეგ მოვიდნენ ტელევიზიები, კიდევ სხვები და იღებდნენ საწყალ მონაზვნებს, რომლებიც გარეთ დარჩნენ წვიმაში და რა ქნან, არ იციან, როგორ გაათიონ ღამე. ეს არის კიდევ ერთი ტყუილი, აქედან გამომდინარე გვიწევდა ამაზე ჩვენი პოზიციის დაფიქსირება. ჩვენი კადრებიც გვაქვს, სადაც ჩანს, რომ ეს სპექტაკლი განვითარდა.

დედა სოსანა შემდეგ ერთხელ კიდევ მოვიდა, ჩვენ გვითხრეს, რომ დედა სოსანაა მოსული, მე სასწრაფოდ ვთხოვე, გასულიყვნენ და დალაპარაკებოდნენ, ოღონდ, ვეღარ მოასწრეს, ვიდრე ჩემგან წარგზავნილები მონასტრამდე მივიდნენ, ის უკვე წავიდა. უბრალოდ კადრები აიღეს, როგორ აბრახუნებს კარზე – გააღეთ, თქვე დალოცვილებო, ეს იყო და წავიდა, შემდეგ შექმნეს კინო, ამ კინოს უყურებს ხალხი და ჰგონიათ, რომ საწყალი მონაზონი დაიჩაგრა, სად შეყოს თავი“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მეუფე სტეფანეს თქმით, მან დედა სოსანას ლასურიაშის მონასტერში წასვლა შესთავაზა.

„ძალიან კარგი ადგილია, მონაზვნისთვის დამამშვიდებელია, ამ არეულობას გაშორდებოდა და დაწყნარდებოდა, გაცილებით მეტი იქნებოდა მისი სულისთვის სარგებელი, რომ გამოეყენებინა ჩემი წინადადება.

მე შევუთვალე, რომ თუ უნდა, კამერების გარეშე მოვიდეს, ჩვეულებრივად, ყველაფერზე ნორმალურად დავილაპარაკებთ, თუ უნდა, კამერებით მოვიდეს და მაშინ კამერებით ვილაპარაკოთ ისე როგორც კამერებით ლაპარაკობენ, მაგრამ მონაზონსა და ეპისკოპოსს შორის უკამეროდ ლაპარაკი გაცილებით მეტი სარგებლის მომტანია სულისთვის, ამიტომ, მე შევთავზე, არ გამოიყენა, ეს შოუები უფრო მოეწონა“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

1 tv.ge

Διαδώστε: