02 Φεβρουαρίου, 2019

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელი – საქართველოს პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს

Διαδώστε:

ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მღვდელმთავრებს შორის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა განუცხადა.

მღვდელმთავარმა პატრიარქთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ეს იყო ძმური, ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა”.

მისივე თქმით, განსაკუთრებული სიხარულია მათთვის, რადგან იმყოფებიან საქართველოში და საშუალება ჰქონდათ კიდევ ერთხელ შეხვედროდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს და ესაუბრათ გარკვეულ საკითხებზე.

„ჩვენი საუბარი დღეს შეეხებოდა გარკვეულ საკითხებს, იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა საქართველოს საპატრიარქოსა და მსოფლიოს საპატრიარქოს შორის. შევეხეთ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს. ტომოსზეც გვქონდა მსჯელობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და მღვდელმთავრებთან”, – განაცხადა მეუფე ემანუელმა.

მისივე თქმით, მათი შეხვედრის მიზანი გარკვეულ დეტალებზე ინფორმირება იყო.

“ჩვენი მიზანი არ იყო რაიმე აზრის თავს მოხვევა, ან ზეწოლა, ან შეთავაზება. ეს იყო მხოლოდ ინფორმაციული შეხვედრა და დეტალებზე შეთანხება, რაზე არის საუბარი ტომოსში. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სიბრძნე იმისთვის, რომ ბრძნული გადაწყვეტილება მიიღოს. ეს იყო ძმური ეკლესიური და საერთო შეთანხმებული შეხვედრა მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლებსა და საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და მღვდელმთავრებს შორის. კეთილი, გაგებული, ერთაზროვანი შეხვედრა ძალიან ბევრ საკითხზე”, – განაცხადა მეუფემ.

 

Διαδώστε: