2024 წლის 5-6 ნოემბერს, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს ლოცვა-კურთხევით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციამ საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ანტონის მეთაურობით მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე რელიგიურ ლიდერთა გლობალურ სამიტში, რომელიც იმართება გაეროს კლიმატის ცვლილების 29-ე ყოველწლიური კონფერენციის (COP29) ფარგლებში.
ფორუმის ორგანიზატორია კავკასიის მუსლიმთა სამმართველო, მუსლიმ უხუცესთა საბჭო, აზერბაიჯანის მთავრობა და გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა.
რელიგიურ სამიტში მონაწილეობენ ტრადიციული ქრისტიანული, ისლამური, იუდაური და ბუდისტური თემების ლიდერები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან, სამთავრობო და საზოგადო მოღვაწენი, ექსპერტთა საზოგადოების წარმომადგენლები და ჟურნალისტები აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან. არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, საუდის არაბეთიდან, ბაჰრეინიდან, ქუვეითიდან, კატარიდან, ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან, სერბეთიდან, რუმინეთიდან, მონღოლეთიდან, აშშ-დან, ევროკავშირიდან და სხვა რეგიონებიდან.
სამიტი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მისალმებით გაიხსნა, რომელიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა წაიკითხა. პირველ პლენარულ სხდომაზე სსკგ-ის თავმჯდომარემ მიტროპოლიტმა ანტონიმ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის კირილეს მისასალმებელი მიმართვა გააჟღერა, რომელშიც, კერძოდ, ნათქვამია: „ადამიანის, როგორც სამყაროს ერთპიროვნული პატრონის იდეა, რომელიც საზოგადოების ცნობიერებაში ფესვგადგმულია, ღრმად მცდარი აღმოჩნდა“. ამის შედეგი იყო „უამრავი ტექნოლოგიური კატასტროფა, ფლორისა და ფაუნის მთელი სახეობების გაქრობა, ასევე, შეუქცევადი კლიმატური ცვლილებები დღეისათვის ფართომასშტაბიანი ბირთვული კონფლიქტის მკვეთრად გაზრდილ რისკთან ერთად, რაც საფრთხეს უქმნის ჩვენი პლანეტის არსებობას“. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა გაიხსენა, რომ „შემოქმედმა თავს-ადვა ადამიანს – როგორც შემოქმედების გვირგვინი – მნიშვნელოვანი მოვალეობა: დაამუშავოს და დაიცვას დედამიწა (დაბ. 2:15), და არა ძარცვოს და გამოფიტოს იგი საკუთარი ცოდვილი სურვილების დასაკმაყოფილებლად“, და იმედი გამოთქვა, რომ ფორუმზე შეკრებილი „ტრადიციული რელიგიების ლიდერების ერთიანი ხმა შესმენილი იქნება გადაწყვეტილების მიმღებთა მხრიდან და ხელს შეუწყობს ღვთის ქმნილების გადარჩენას“.
რელიგიათშორის სამიტში მონაწილეობა მიიღეს, ასევე, სრულიად ბელარუსის საპატრიარქო ეგზარქოსმა, მინსკისა და ზასლავის მიტროპოლიტმა ბენიამინმა; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილემ, არქიმანდრიტმა ფილარეტმა (ბულეკოვი) და სსკგ-ის თავმჯდომარის მდივანმა, მღვდელმა ნიკოლოზ ვასინმა.
ვიზიტის პირველ დღეს ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპისკოპოს ალექსის მიწვევით, მიტროპოლიტებმა ანტონიმ და ბენიამინმა, ასევე სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა ხვოსტანსკის ეპისკოპოსმა ალექსიმ და დელეგაციის სხვა წევრებმა მოილოცეს მოსკოვის საპატრიარქოს ბაქოს ეპარქიის ტაძრები: წმინდა მენელსაცხებლე დედათა საკათედრო ტაძარი, მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის ტაძარი და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის ტაძარი, გაეცნენ სამრევლოების ისტორიასა და თანამედროვე ცხოვრებას.
იმავე დღეს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს მეთაურის შეიხ-ულ-ისლამ ფაშაზადეს მიერ ბაქოში ჩასული მაღალი რელიგიური მოღვაწეების პატივსაცემად გამართულ მიღებას. მეორე დღეს კი ეწვივნენ სამიტის დელეგატებისთვის აზერბაიჯანის მთავრობის სახელით ორგანიზებულ მიღებას.