საეკლესიო კალენდარი: 6 მარტი
მართლმადიდებელი ეკლესია 6 მარტს შიო მღვიმელის, კოლაელი ცხრა ყრმის, მოწამეების: მავრიკიოსისა და 70 მხედრის, ფოტინისი, თეოდორესი, ფილიპესი და სხვების, სირიელი მეუდაბნოეების: თალასის ლიმნის და ვარადატის, ასევე ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეს აღნიშნავს.
შიო მღვიმელი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 6 მარტი შიომღვიმის მონასტრის დამაარსებლის – შიო მღვიმელის ხსენების დღეა.
შიო მღვიმელი ერთ-ერთი იმ ცამეტი ასურელი მამათაგანი იყო, რომლებიც მე-6 საუკუნეში საქართველოში სამოღვაწეოდ სირიიდან მოსულან.
შიო ანტიოქიაში დაიბადა. 20 წლისა განთქმული მეუდაბნოის იოანეს მოწაფე გახდა, თავისი ქონება გლახაკებს და მონასტრებს დაურიგა თავად კი ბერად აღიკვეცა.
ცხრა ყრმა კოლაელი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 6 მარტი ცხრა ყრმა კოლალელის ხსენების დღეა.
ცხრა კოლაელი ყრმა გუარამ, ადარნასე, ბაქარ, ვაჩე, ბარძიმ, დაჩი, ჯუანშერ, რამაზ და ფარსმანი, VI საუკუნეში მდინარე მტკვრის სათავეში საკუთარ მშობელთა მიერ იქნენ ჩაქოლილნი ქრისტეს აღსარებისთვის.
სოფელი კოლა მდინარე მტკვრის სათავეში მდებარეობდა. აქ გვერდიგვერდ ცხოვრობდნენ ქრისტიანები და წარმართები. უმეტესობა კერპთაყვანისმცემელი იყო.
ქრისტიანთა და წარმართთა ბავშვები მთელი დღეების განმავლობაში ერთად თამაშობდნენ. საღამოობით, როდესაც სოფლის ეკლესიაში მწუხრის ზარებს დარეკავდნენ, ქრისტიანი ბავშვები თამაშს თავს ანებებდნენ და ტაძარში მიდიოდნენ სალოცავად. ქრისტიან ბავშვებთან ერთად წარმართი ყრმები ეკლესიამდე მიყვებოდნენ მათ თანატოლებს, მაგრამ ტაძარში ვერ შედიოდნენ. ისინი თანდათან უფრო და უფრო ინტერესდებოდნენ ქრისტიანული მოძღვრებით; და ბოლოს გადაწყვიტეს ქრისტიანებს შეერთებოდნენ. კოლაელი ქრისტიანები სოფლის მღვდელთან მივიდნენ და აუწყეს ყრმათა სურვილი. იგი არ შეუშინდა წარმართთაგან მოსალოდნელ რისხვას და ზამთრის სუსხიან ღამეს ბავშვები მდინარეზე წაიყვანა მოსანათლად. ხუცესმა გაყინულ მდინარეში ჩაიყვანა ბავშვები და ნათელსცა მათ. ნათლობის დროს მოხდა სასწაული: წყალი გათბა და ყრმებმა ნათლის ანგელოზები იხილეს. ანგელოზთაგან განმტკიცებულმა ბავშვებმა აღარ ისურვეს წარმართ მშობლებთან დაბრუნება და ქრისტიანებთან დარჩნენ. მალე მშობლებმა გაიგეს შვილების ნათლისღების ამბავი, ძალით გამოიყვანეს ისინი ეკლესიიდან და ცემა-ტყეპითა და ლანძღვა-გინებით მიიყვანეს სახლში.
ეს ამბავი მოხდა სამხრეთ საქართველოში, ისტორიულ ტაოში.
მოწამე მავრიკი და 70 მხედარი: ფოტინი, ფილიპე, თეოდორე და სხვები
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 6 მარტი წმინდა მოწმაეების მავრიკის და 70 მხედრის ფოტინის, ფილიპეს, თეოდორეს და სხვების ხსენების დღეა.
მავრიკი მხედართმთავარი იყო, იგი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს, 305 წელს ეწამა ძესთან, ფოტინთან და თავისი ლაშქრის 70 მეომართან ერთად (მათგან მხოლოდ ორის სახელია ცნობილი თეოდორე და ფილიპე).
დევნილობის დროს წარმართმა ქურუმებმა მოახსენეს იმპერატორს, მავრიკი ქრისტეს სარწმუნოებას ავრცელებსო. სამსჯავროზე შვილთან და მხედრებთან ერთად წარმდგარმა წმიდანმა აღიარა ქრისტე. ისინი სასტიკ სატანჯველებს მისცეს, ჭაბუკ ფოტინეს მამის თვალწინ მოკვეთეს თავი, მაგრამ ამ განსაცდელმა ვერ შეარყია წმიდა მავრიკი; მან მადლობა შესწირა უფალს შვილის მოწამებრივი აღსასრულისათვის.
სირიელი მეუდაბნოეები: თალასი, ლიმნეი და ვარადატი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით, 6 მარტი სირიელი მეუდაბნოეების: თალასის, ლიმნეის და ვარადატის ხსენების დღეა.
ღირსი თალასი, სირიელი მეუდაბნოე V საუკუნეში ცხოვრობდა. იგი სიყმაწვილეშივე განმარტოვდა ერთი მთის მწვერვალზე, სოფელ ტარვალის მახლობლად და 38 წელი გაატარა ღია ცის ქვეშ. უფალმა განდეგილს სასწაულთქმედების და კურნების ნიჭი მიმადლა. მრავლად იყვნენ მისი ხელმძღვანელობით მოღვაწეობის მსურველები და წმიდა მამაც არავის ისტუმრებდა უარით; ღირსი თალასი მშვიდობით მიიცვალა.
მოყვასის სიყვარულითა და თანაგრძნობით აღძრულმა წმიდა მამამ, მისი სულიერი შვილების დახმარებით, მთის კალთებზე ააგო დავრდომილთა თავშესაფარი. ნეტარმა მოსაგრემ საძმოს ამ მდაბიო და უპოვარ წევრებს მდუმარება და მარტომყოფობაც კი შესწირა, თავს იდო ზრუნვა მათ სულიერ საკვებზე და დაუცხრომლად შეაგონებდა, ელოცათ და ედიდებინათ ღმერთი. წმიდა ცხოვრებისთვის ღირსმა მამამ სასწაულთქმედების ნიჭი მიიღო ღვთისგან.
ათანასე აღმსარებელი
საეკლესიო კალენდრის მიხედვით 6 მარტი ღირსი ათანასე აღმსარებელის ხსენების დღეა.
ათანასე აღმსარებელი მდიდარ და კეთილმსახურ კონსტანტინეპოლელთა ოჯახში დაიბადა. ის ბავშვობიდანვე ოცნებობდა, უფლისთვის მიეძღვნა თავი და როცა სრულწლოვანებას მიაღწია, ნიკომიდიაში მოციქულთა თავთა სახელობის მონასტერს მიაშურა. მისი კეთილმსახური ცხოვრების ამბავი სამეფო კარზეც შეიტყვეს. ხატმბრძოლი იმპერატორის, ლეონ სომეხის (813-820) ზეობისას მართლმადიდებლობის ერთგული დამცველი სასტიკად აწამეს, დევნეს და შეავიწროვეს. ნეტარი ათანასე მშვიდობით მიიცვალა 821 წელს.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.