07 Ιουνίου, 2020

საეკლესიო კალენდარი: 7 ივნისი

Διαδώστε:

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 7 ივნისს სულთმოფენობას და წმიდა იოანე ნათლისმცემლის თავის მესამედ პოვნას აღნიშნავს, ეს თარიღი  საეკლესიო კალენდარში ასევე არის აჭარაში თურქთაგან წამებულთა წმიდა მამათა და დედათა ხსენების დღეც.

 

სულთმოფენობა, წმიდა სამების დღე

ამაღლების შემდეგ მოწაფეები იერუსალიმში დაბრუნდნენ. ისინი ერთად ელოდებოდნენ დაპირებული ნუგეშისმცემლის – სულიწმიდის – მოვლინებას. და აი, ამაღლებიდან მეათე დღეს (რომელიც აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეა), დილის ცხრა საათზე, იერუსალიმში მოულოდნელად ამოვარდა უცნაური ქარი, ციდან გარდამოვიდა ღმრთაებრივი ცეცხლი და მოწაფეებს ცეცხლის ენების სახით დაადგა თავზე. მოწაფეებმა, რომლებიც მანამდე ებრაელებთან შეხვედრას ერიდებოდნენ, საოცარი ძალით დაიწყეს ქადაგება სხვადასხვა ენაზე. სულიწმიდის მადლი ქრისტეს 120 მოწაფეზე გადმოვიდა, მაგრამ უკვე პირველ დღეს წმ. პეტრე მოციქულის პირველივე ქადაგებამ 3000 ადამიანი მოაქცია. სულთმოფენობის დღესასწაულზე,აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა სრულდება; წირვის შემდეგ იკითხება მუხლმოდრეკის ლოცვები, რა დროსაც პირველად იყრიან მუხლს აღდგომის დღესასწაულის შემდეგ. ამ დღეს ქრისტიანები ასევე პირველად ამბობენ სულიწმიდის მოწვევის ლოცვას „მეუფეო ზეცათაო“….

სულთმოფენობის დღესასწაულს მეტად ღრმა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: როდესაც წმ. წინასწარმეტყველი მოსე ებრაელებს ეგვიპტიდან გამოუძღვა, მან ისინი მეორმოცე დღეს სინას წმ. მთასთან მიიყვანა, ხოლო ორმოცდამეათე დღეს მისცა ღმრთაებრივი სჯული ძველი აღთქმისა. აქედან მოყოლებული, დღე სჯულის მიღებისა ებრაელებისათვის უდიდესი ყოველწლიური დღესასწაული იყო, რომლის დროსაც იერუსალიმში მთელი მაშინდელი მსოფლიოდან თითქმის ყველა ებრაელი იკრიბებოდა. ღმერთმა სწორედ ამ დღეს მოუვლინა მოწაფეებს სულიწმიდის მადლი, რაც ძველი სჯულის ახლით შეცვლის ნიშანი იყო.

ეს დღე ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღედ ითვლება.

ტრადიციულად, სულთმოფენობის დღესასწაულზე ეკლესიები მწვანით უნდა შეიმოსოს. ტაძარი შიგნიდან ირთვება ყვავილებით, ფოთლებითა და აყვავებული ტოტებით; ძირს ეფინება რაც შეიძლება ბევრი ბალახი. მორწმუნეები წირვაზე მიდიან ყვავილის ლამაზი თაიგულებით; შუაში დამაგრებულია ანთებული სანთლები, რომლებიც წირვის შემდეგ იკურთხება. ეს ყველაფერი საოცარი სანახაობაა. ტაძრის მწვანით შემოსვის ტრადიციაც ძველი აღთქმიდან მოდის: ებრაელები სჯულის მიღების დღესასწაულზე უფალს მადლობის ნიშნად ტაძარში პირველ ნაყოფს სწირავდნენ.

იგულისხმება, რომ სულიწმიდის მადლი ამ სიმწვანეზე გადმოდის, რის გამოც მორწმუნეები ტაძარში დაფენილ სიმწვანეს, ბალახებს მთელ წელს ინახავენ – ამ ბალახის ნახარშს კურნების სასწაულთმოქმედი ძალა აქვს, რაშიც თითოეულ ადამიანს შეუძლია დარწმუნდეს.

მესამედ პოვნა პატიოსნისა თავის ნათლისმცემლისა იოანესი

როცა წმიდა იოანე ოქროპირი გადაასახლეს, კონსტანტინეპოლში შფოთი ატყდა. ამასთან დაკავშირებით წმიდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავი ემესაში გადააბრძანეს, აქედან კი სარკინოზთა თავდასხმების დროს (810-820) კომანში ჩამოასვენეს. ხატმბრძოლთა ერესის მძვინვარების ჟამს სიწმიდე მიწაში ჩაფლეს. ხატთაყვანისცემის აღდგენის შემდეგ პატრიარქ ეგნატეს (847-857) უფლისგან ეუწყა წმიდა იოანე წინამორბედის პატიოსანი თავის ადგილსამყოფელი. მწყემსმთავარმა ამის შესახებ იმპერატორს აუწყა. მან კომანში გააგზავნა ელჩები, რომლებსაც პატრიარქის მიერ მითითებულ ადგილას დახვდა სიწმიდე. ეს მოხდა 850 წელს. მოგვიანებით ნათლისმცემლის თავი კვლავ კონსტანტინეპოლში გადაასვენეს და საიმპერატორო სასახლის კარის ეკლესიაში დააბრძანეს. მისი ნაწილი ინახება წმიდა ათონის მთაზე.

 

მრავალნი წმიდანი მამანი და დედანი, აჭარაში თურქთაგან წამებულნი

აჭარა ოდითგანვე იყო ქრისტიანობის შეურყეველი ბურჯი და ერთგული მეციხოვნე. სწორედ დიდაჭარით შემოვიდა საქართველოში წმიდა ანდრია პირველწოდებული და აქ იქადაგა პირველად სახარება. ქრისტესთვის მოწამეობრივად აღსრულებული წმიდა მატათა მოციქულიც აჭარის მიწამ მიიბარა. იგი გონიოშია დაკრძალული.

XVI საუკუნიდან აჭარა თურქთა მუდმივი აგრესიის ობიექტი გახდა. ირან-ოსმალეთს შორის გამართული ომი ოსმალეთის გამარჯვებით დამთავრდა. ზავით დასავლეთ საქართველოს ოსმალეთს ერგო. სამცხე, აჭარა, ჭანეთი თურქებმა საქართველოს მოსწყვიტეს, ოსმალეთის პროვინციად გამოაცხადეს და ოსმალური მმართველობა დაამყარეს.

ცნობილ მეცნიერს ზაქარია ჭიჭინაძეს თავის ნაშრომში „ქართველების გამაჰმადიანება ანუ ისლამის გავრცელება დასავლეთ საქართველოს ქართველებში XVII-XVIII საუკუნეებში“, მოჰყავს ღრმად მოხუცი აჭარელის ნაამბობი: „აჭარაში გამაჰმადიანების საქმე ერთობ გაძნელებულა. ზოგიერთი მოხუცებული კაცები და ნამეტურ დედაკაცები ქრისტიანობაზე მტკიცედ იდგნენ და თან ოსმალოს მოლა-ხოჯებსაც ეკამათებოდნენ და ედავებოდნენ… ასეთ მოხუცებულთა რიცხვი აჭარაში დიდი ყოფილა… ბოლოს მთავრობისაგან ასეთი ბრძანება გამოსულა, რომ ყველა ეგენი დაიჭირეთ და გაამაჰმადიანეთ, თუ არ გამაჰმადიანდნენ, მერე დახოცეთო. მალე აჭარის მოხუცებულები შეუკრებიათ და აქა-იქ ციხეებში დაუმწყვდევიათ, ესენი აჭარისწყლის შესართავთან მიურეკიათ, სადაც ძველად თამარ მეფის ხიდი ყოფილა და რომელ ხიდის ნიშნებიც დღესაც დგას. ამ ხიდზე დაუდვითა თავ-საკვეთი. მოხუც ქრისტიანებს თავს სჭრიდნენ, მერე ენის წვერსა და ფაშას უგზავნიდნენ: თავსა და ტანს კი ჭოროხში ჰყრიდნენ. ეს საქმეები მომხდარა ამ ასი წლის წინათ, ე.ი. 1790 წლებში“.

საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა ქრისტიანობის დაცვისათვის აჭარაში მოწყვეტილი დედები და მამები.

 

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

Διαδώστε: