14 Αυγούστου, 2020

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა ნეშტებია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

Διαδώστε:

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპული 13 პირის ნეშტია დასვენებული და სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

პანაშვიდზე იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.

სახელმწიფო მინისტრის თეა ახვლედიანის განცხადებით, ამ ეტაპზე იდენტიფიცირებულია 8 სამხედრო და 5 სამოქალაქო პირი.

“წითელი ჯვრის” ეგიდით შექმნილი, ჰუმანიტარული მექანიზმების ფარგლებში, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩართულია სახელმწიფო მინისტრის აპარატი. წლების წინ შეიქმნა ეს ფორმატი, თუმცა პირველი იდენტიფიცირება მოხდა და მას მერე მიმდინარეობს ეს პროცესი. სულ იდენტიფიცირებულია და გადმოსვენებულია 191 პირი, რომლებიც საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტებისას დაიღუპნენ. მათ შორის არიან როგორც სამხედრო მოსამსახურეები, ასევე სამოქალაქო პირები. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში შევხვედროდით ამ ეტაპზე 8 სამხედრო და 5 სამოქალაქო იდენტიფიცირბული პირის ოჯახებს. მათ კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ და კიდევ ერთხელ მივაგებ პატივს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას”,- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ცნობისთვის, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო – უკვლოდ დაკარგული 13 პირის იდენტიფიცირებული ნეშტია გადმოსვენებული. პანაშვიდი ასევე გაიმართება 15 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე. იდენტიფიცირებულთაგან 2 ნეშტის სამხედრო პატივით დაკრძალვა 15 აგვისტოს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე შედგება.


ipn.ge

Διαδώστε: