ა.წ. 29 მარტს საქართველოს საპატრიარქოში ქართული გალობის ანთოლოგიის მრავალტომეულის პრეზენტაცია ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი მამუკა ბახტაძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ბ-ნი მიხეილ ჩხენკელი, მღვდელმთავრები, ხელისუფლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
ანთოლოგია ,,ქართული გალობა” მიზნად ისახავს XIX-XX საუკუნეებში ნოტირებული ქართული ტრადიციული საგალობლების ნიმუშების სრულ აკადემიურ პუბლიკაციას.
აღნიშნული გამოცემა უდიდესი მნიშვნელობისაა და ეძღვნება საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ინტრონიზაციის 40 წლისთავს.
მრავალტომეული მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით და ფონდი ,,ქართული გალობის”, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის (ხელმძღვანელი: გიორგი დონაძე), ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით სვიმონ ჯანგულაშვილმა და ლევან ვეშაპიძემ მოამზადეს.