14 Μαΐου, 2024

სებასტიელი მთავარეპისკოპოსი თეოდოსი: უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა – ეს არის თავდასხმა მთელს მართლმადიდებლობაზე

Διαδώστε:

იერუსალიმის საპატრიარქოს იერარქმა, სებასტიის მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარსა და იერარქებს მისალოცი წერილები გაუგზავნა და წმინდა ქალაქ იერუსალიმიდან სააღდგომო მისალმებით მიმართა: „ქრისტე აღდგა! – ჭეშმარიტად აღდგა!“.

„აღდგომა გვასწავლის, რომ სიკეთე დაამარცხებს ბოროტებას, სიცოცხლე დაამარცხებს სიკვდილს. და ის, ვინც მკვდრეთით აღდგა ჩვენს გადასარჩენად და ახალ აღთქმაში შესაყვანად, იმედსა და სასოებას გვინერგავს, განსაკუთრებით, რთულ დროსა და მძიმე ვითარებაში, – აღნიშნა იერარქმა. – ჩვენ განვიცდით კრიზისს ღაზაში და მოვითხოვთ ომის დასრულებას ამ წმინდა მიწაზე. თქვენ კი უკრაინაში იმყოფებით და სხვა სახის კრიზისს განიცდით: თქვენს ეკლესიას თავს ესხმიან, ეპისკოპოსებს დევნიან და აპატიმრებენ; არსებობს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ლიკვიდაციის საფრთხე, ასევე, უკრაინაში უძველესი ტაძრებისა და მონასტრების ჩამორთმევის საშიშროება“.

როგორც მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ ხაზგასმით აღნიშნა, საუბარია ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევაზე, „და ვინც დუმს ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ საშინელ დანაშაულთან დაკავშირებით, მას დღემდე ასევე არ გამოუჩენია აქტივობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სისტემატური დევნისა და მასზე თავდასხმების შესაჩერებლად“.

„ჩვენ ვლოცულობთ თქვენთვის, გამოვხატავთ ჩვენს სოლიდარობას და მხარს გიჭერთ თქვენ“, – მიმართა ეპისკოპოსმა უკრაინელ მღვდელთმთავრებს.

„აღდგომით შთაგონებულნი, ჩვენ ვამბობთ, რომ დავრჩებით აღდგომისა და ნათლის შვილებად, რომ დავიცავთ ჩვენს სარწმუნოებას და ამსოფლიური ბოროტი ძალები ვერ შეძლებენ ბოლო მოუღონ ეკლესიას“, – განაგრძო მან და დარწმუნებით განაცხადა: „ამქვეყნად ნებისმიერი მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა – ეს არის მთელი ეკლესიის დევნა, და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დევნა – ეს არის თავდასხმა მართლმადიდებელ ეკლესიაზე ყველგან“.

„ჩვენ ვლოცულობთ, რომ უფალმა გაგათავისუფლოთ თქვენ ამ უსამართლობისაგან, იცოდეთ, რომ რთულ დროში ცხოვრობთ, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი თქვენთანაა, ის არ მიგატოვებთ. ჩვენ ვლოცულობთ წმინდა საფლავთან – სადაც აღდგომის შუქი აღმოდის –თქვენი განმტკიცებისთვის, ნუგეშინისცემისთვის, ხილული და უხილავი მტრებისგან დაცვისთვის“, – განაცხადა დასასრულს სებასტიის მთავარეპისკოპოსმა თეოდოსიმ.

mospat.ru

Διαδώστε: