2024 წლის 24 ოქტომბერს ქალაქ თბილისის საკრებულოს თამარ მეფის დარბაზში გაიმართა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის დაბადებიდან 92-ე და აღსაყდრებიდან 47-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება, რომელზეც წარმოდგენილი იყო საეკლესიო-ეროვნული მნიშვნელობის ორი მონუმენტური პუბლიკაცია: “მრავალენოვანი ბიბლია [Biblia Polyglotta] – ფსალმუნნი [დავითნი]” და “მართლმადიდებელი ეკლესიის დიდნი კურთხევანი სქოლიოებით”.
შეკრებილთ მისასალმებელი სიტყვით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, თეოლოგიის, ფილოლოგიისა და პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, მართლმადიდებელი ეკლესიის პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ. მან ისაუბრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის უდიდეს დამსახურებაზე ქართული სახელმწიფოს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართველი ხალხისა და მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საზოგადოებას წარუდგინა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პუბლიკაციები – “მრავალენოვანი ბიბლია [Biblia Polyglotta] – ფსალმუნნი [დავითნი]”, “მართლმადიდებელი ეკლესიის დიდნი კურთხევანი სქოლიოებით” – და ისაუბრა თითოეული მათგანის განსაკუთრებულ სამეცნიერო-საღვთისმეტყველო და ეროვნულ მნიშვნელობაზე. მან გულითადი მადლობა გადაუხადა ღონისძიების მონაწილეებს მობრძანებისა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ გამოხატული უდიდესი პატივისცემისთვის. პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ უდიდესი პატივისცემა და მადლიერება გამოხატა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ბატონი ირაკლი კობახიძის მიმართ, რომლის თანადგომითა და მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ამ უნიკალური, ეროვნული მნიშვნელობის ძეგლების გამოცემა. მადლიერება გამოხატა იმ განსაკუთრებული დახმარებისთვის, რაც ამ უმნიშვნელოვანესი პუბლიკაციის განსახორციელებლად გასწია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის ყოფილმა მინისტრმა, ბატონმა გიორგი ამილახვარმა.
გამომსვლელთა შორის იყვნენ – საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ქალაქ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი როინ მეტრეველი; წმინდა საყდრის დესპანი, მისი აღმატებულება ანტე იოზიჩი; ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ჰადას ესთერ მეიცადი; ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი).
თითოეულმა მათგანმა უდიდესი სიყვარული, პატივისცემა და მადლიერება გამოხატა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისადმი და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს გაწეული ღვაწლისა და მეტად მასშტაბური და წარმომადგენლობითი ხასიათის ღონისძიების ორგანიზებისთვის.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორის თანაშემწემ საღვთისმეტყველო მეცნიერებათა საკითხებში, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, თეოლოგიის დოქტორმა, გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პროფესორმა ედიშერ ჭელიძემ ვრცლად მიმოიხილა აღნიშნული გამოცემები. მან ბრძანა, რომ “მრავალენოვანი ბიბლიის” აღნიშნული პუბლიკაცია გულისხმობს წმ. დავით წინასწარმეტყველის “ფსალმუნთა” უმნიშვნელოვანესი ძველი ქართული თარგმან-რედაქციების სრული სახით გამოცემას ყველა არსებული ხელნაწერის მიხედვით ამავე “ფსალმუნთა” სხვაენოვან (ებრაულ, ბერძნულ, ლათინურ, სომხურ, კოპტურ, სლავურ და ა. შ.) ტექსტებთან ერთად პარალელური სვეტების სახით.
მიზანდასახულობა აღნიშნული პუბლიკაციისა, ერთი მხრივ, არის შევსება იმ სამწუხარო ხარვეზისა, რაც ახასიათებდა Biblia Polyglotta-ს უკლებლივ ყველა გამოცემას, განხორციელებულს ევროპაში XVIII-XIX სს-ში, და რაც, ასევე, ბოლოდროინდელი ცნობების მიხედვით, კვლავაც ნიშანდობლივი იქნება ხსენებული Biblia Polyglotta-ს იმ უახლესი გამოცემისთვის, რომელიც ამჟამად მზადდება. მითითებული ხარვეზი გულისხმობს წმინდა წერილის ძველი ქართული თარგმან-რედაქციების აბსოლუტურ იგნორირებას ბიბლიის სხვადასხვაენოვან თარგმანთა შორის, ისე, თითქოს, ცხონების ეს უშრეტი წყარო – წმინდა წერილი – არასოდეს თარგმნილიყოს ქართულად, მაშინ, როცა ქართულ ენაზე დაცული ბიბლეისტური მასალა თავისი სისავსითა და რედაქციულ-ტერმინოლოგიური მრავალფეროვნებით ბევრად აღემატება არათუ სომხურს, არამეულს, კოპტურს, ეთიოპურს, არაბულსა და სლავურს ერთად აღებულს (რომლებშიც, არსებითად, ერთჯერადი თარგმანი გვაქვს), არამედ თვით ბერძნულსა და ებრაულსაც კი…
“ფსალმუნთა” უადრესი ქართული თარგმანის ეს გამოცემა თავისთავად გულისხმობს დავით წინასწარმეტყველის ამ უდიდესი წიგნის ერთ-ერთი ყველაზე არქაული თარგმანის მიწოდებას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისთვის. ამავე გამოცემაში, მესამე პარალელურ სვეტად არის წარმოდგენილი, აგრეთვე “ფსალმუნთა” წმ. გიორგი მთაწმინდელისეული თარგმან-რედაქცია, – ყველა მონაცემის მიხედვით, სრულად დადგენილი. აღნიშნული თარგმან-რედაქცია ჭეშმარიტად გონებამიუწვდომელი ღირსებითაა შემკული და სწორედ ამიტომ, უცვლელად არის დამკვიდრებული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკულ წიაღში.
მეორე პუბლიკაციის – “მართლმადიდებელი ეკლესიის დიდნი კურთხევანი სქოლიოებით” – მიმოხილვისას ბატონმა ედიშერმა აღნიშნა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის ლიტურგიკული ფუძე – ესაა შვიდი ცხოველმყოფელი საეკლესიო საიდუმლოს მღვდელმოქმედება, რასაც წერილობითი სახით შემოკრებს უწმინდესი საღვთისმსახურო წიგნი – “კურთხევანი”.
პუბლიკაციაში წარმოდგენილი ძველი ქართული ტექსტები მოიცავს ყველა იმ წეს-განგებას, რაც საეკლესიო მღვდელმოქმედებაში გამოიყენება საღვთო კურთხევათა აღსასრულებლად. აღნიშნულის გამო, წინამდებარე ნაშრომი მარადიული ღირსების მქონე ძეგლია და განუზომელი მნიშვნელობის მატარებელია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის.
ნაშრომს აქვს, ამავე დროს, განსაკუთრებული ეროვნული მნიშვნელობა, ვინაიდან მასში გამოქვეყნებული მასალა მოიცავს პერიოდს უძველესი დროიდან მეცხრამეტე საუკუნემდე ანუ, არსებითად, ქართველი ერის მთელ სულიერ ისტორიას, რის გამოც, საკუთრივ ისტორიული ასპექტით, აღნიშნული ნაშრომი ფასდაუდებელი წყაროა საქართველოს ქრისტიანული წარსულის სიღრმისეული შესწავლისთვის.
ამგვარი პუბლიკაცია არ განხორციელებულა არცერთ ენაზე იმ მიზეზის გამო, რომ ნაშრომში შემოკრებილი კურთხევითი ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი (განსაკუთრებით ის ნაწილი, რომელიც მეხუთე-მეათე საუკუნეებს ეკუთვნის) დაცულია მხოლოდ ქართულ ენაზე და, შესაბამისად, სწორედ ამ პუბლიკაციით გაიცნობს მას მსოფლიო მეცნიერება და კულტურა. ამასთან, აღნიშნული ნაწილი (დაცული მხოლოდ ქართულ ენაზე) გულისხმობს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის დასაბამიერ, იერუსალიმურ ეპოქას ანუ ეპოქას, რომელიც იწყება პირველი საუკუნიდან და წარმოჩნდება უშუალო მემკვიდრედ თავად მაცხოვრისგან დაფუძნებული მღვდელმოქმედებითი მსახურებისა. კვლავ ხაზს გავუსვამთ, რომ აღნიშნული უადრესი და უმნიშვნელოვანესი ეპოქა თავისი თავდაპირველი სახით დაცულია მხოლოდ ქართულ ხელნაწერებში, რომელთა პუბლიკაციასაც ეძღვნება წინამდებარე ნაშრომი, ეს გარემოება კი ხსენებულ ნაშრომს სრულიად განსაკუთრებულს ხდის.
ბატონმა ედიშერმა თავის გამოსვლაში უდიდესი მადლიერება გამოხატა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიმართ, ვისი ლოცვა-კურთხევითაც განხორციელდა აღნიშნული გამოცემები და, ამასთანავე, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ამ უდიდესი ეროვნული მნიშვნელობის პროექტის განხორციელების საქმეში გაწეული დახმარებისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები – ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი (დათუაშვილი), მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), წალკის ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) და სხვა სასულიერო პირები; საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი რამაზ ხუროძე; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი ვლადიმერ პაპავა; უმაღლესი სასწავლებლის რექტორები; აკადემიკოსები; პროფესორ-მასწავლებლები; დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – გარეთ ედვარდ ვორდი; ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – დარიუს ვიტკაუსკასი; ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – მარგე მარდისალუ-კაჰარი; ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – რობერტ გერშნერი და სხვანი.
შემაჯამებელ სიტყვაში თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორმა, პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მობრძანებისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ქალბატონ ნინო ქადაგიძეს, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერებს, ბატონ არჩილ თალაკვაძესა და ქალბატონ ნინო წილოსანს, მღვდელმთავრებს, სასულიერო პირებს, პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებს, პარლამენტის წევრებსა და მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ბატონ გიორგი ტყემალაძეს, განათლების ყოფილ მინისტრებს, ბატონებს – მიხეილ ჩხენკელსა და გიორგი ამილახვარს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიური წრეების წარმომადგენლებს, უმაღლესი სასწავლებლის რექტორებს, კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელს, საქართველოს ყოფილ ელჩს ისრაელის სახელმწიფოში, ბატონ ლაშა ჟვანიას, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პროფესორ-მასწავლებლებს. აღნიშნა, რომ მათი მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში არის უდიდესი პატივისცემის გამოხატულება საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის, საქართველოს წმინდა ეკლესიისა და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის მიმართ.
საზეიმო ღონისძიება გახსნა თბილისის სასულიერო სემინარიის მგალობელთა გუნდმა ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით. შესრულდა ქართლ-კახური საგალობელი „შენ ხარ ვენახი“. ღონისძიების დასასრულს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა (ხელმძღვანელი – სვიმონ ჯანგულაშვილი) შეასრულა შუა საუკუნეების საგალობელი „წმინდაო ღმერთო“, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საგალობელი „კირიე ელეისონ“ და ქართლ-კახური „მრავალჟამიერი“.