მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესი პატრიარქის, კირილეს ლოცვა-კურთხევით 2024 წლის 13 ნოემბერს მოკლე სამუშაო ვიზიტით ისრაელში ჩავიდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი.
მოგზაურობაში მიტროპოლიტ ანტონის თან ახლავს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; სსკგ-ის თავმჯდომარის მოადგილე, დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სსკგ-ის თავმჯდომარის მდივანი, მღვდელი ნიკოლოზ ვასინი.
14 ნოემბერს, იერუსალიმის საპატრიარქო რეზიდენციაში, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი და მისი თანხლები პირები მიიღო წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა უნეტარესმა თეოფილე III-მ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იერუსალიმში რუსეთის სულიერი მისიის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი ბასიანე (ზმეევი) და მისი მოადგილე, იღუმენი ნიკონი (გოლოვკო).
თბილი საუბრის პროცესში მხარეებმა განიხილეს რუსეთისა და იერუსალიმის ეკლესიების ორმხრივ ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი, მართლმადიდებლთაშორისი დღის წესრიგი და ორმხრივი ინტერესის შემცველი სხვა საკითხები.
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს.
შემდეგ მიტროპოლიტმა ანტონიმ და მისი თანმხლები დელეგაციის წევრებმა მოილოცეს ქრისტეს აღდგომის ტაძარი, სადაც თაყვანი სცეს უდიდეს ქრისტიანულ სიწმინდეებს – უფლის ცხოველმყოფელ საფლავს და გოლგოთის მთაზე იესო ქრისტეს ჯვარცმის ადგილს.
იმავე დღეს სსკგ-ის თავმჯდომარე ეწვია რუსეთის სულიერ მისიას იერუსალიმში, სადაც მას გულთბილად შეხვდნენ მისიის ხელმძღვანელი, არქიმანდრიტი ბასიანე (ზმეევი); მისი მოადგილე, მღვდელი ნიკონი (გოლოვკო); მისიის მუშაკები და გორნენის მონასტრის დები. მოწამე დედოფალ ალექსანდრას ტაძარში მიტროპოლიტმა ანტონიმ მათ სამღვდელთმთავრო სიტყვით მიმართა და ღვთის შემწეობა უსურვა წმინდა მიწაზე მოღვაწეობაში.