9 ოქტომბერს, წმინდა იოანე ღვთისმეტყველის რუსეთის მართლმადიდებლური უნივერსიტეტის ლექტორიუმის ფარგლებში, მოსკოვის ნოვაიას მოედანზე რმუ-ის სააქტო დარბაზში, მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი უნივერსიტეტის მასწავლებლებისა და სტუდენტების წინაშე გამოვიდა, იუწყება Patriarchia.ru.
უნივერსიტეტის შესასვლელთან მიტროპოლიტ ანტონის შეხვდნენ რმუ-ის რექტორი ა.ვ. შჩიპკოვი და ვიაზის მახლობლად მდებარე მოციქულ იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი მიხეილ დუდკო.
რმუ-ის სააქტო დარბაზში საღვთისმეტყველო და იურიდიული ფაკულტეტების, ასევე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები შეიკრიბნენ. შეხვედრას უძღვებოდა ა.ვ. შჩიპკოვი.
რექტორის საზოგადო ლოცვისა და მისალმების შემდეგ მეუფე ანტონიმ წაიკითხა ლექცია „მართლმადიდებლობა საერთაშორისო პოლიტიკაში“, რომელიც მიეძღვნა ეკლესიათაშორისი ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობას, რელიგიათაშორისი დიალოგის მართლმადიდებლურ გაგებას, მის მიზნებსა და მნიშვნელობას ჰარმონიული კონფესიათაშორისი ურთიერთობების უზრუნველსაყოფად.
სსკგ-ის თავმჯდომარემ ცალკე გაამახვილა ყურადღება უკრაინაში კანონიკური ეკლესიის დაცვის საკითხებზე და დეტალურად ისაუბრა მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვრებთან თავის კომუნიკაციებზე მართლმადიდებელთა შორის ურთიერთობებში არსებული კრიზისის დაძლევასთან დაკავშირებით.
მიტროპოლიტმა ანტონიმ სტუდენტების ყურადღება გაამახვილა ეკლესიის პოლიტიკურ ინსტიტუტებთან ურთიერთობის ძირითად პრინციპებზე, რომლებიც დაფიქსირებულია ზოგადსაეკლესიო დოკუმენტებში, კერძოდ, „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური კონცეფციის საფუძვლებში“. მეუფემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების საქმიანობა, რომელიც თავისი არსებობის თითქმის რვა ათწლეულის მანძილზე ახორციელებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კავშირებს ადგილობრივ ეკლესიებთან, უცხოდმადიდებელ ეკლესიებთან და ქრისტიანულ გაერთიანებებთან, მთავრობათაშორის და საერთაშორისო საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, მონაწილეობს საზღვარგარეთ თანამემამულეებთან მუშაობაში, ეხმარება მათ დაამყარონ და განავითარონ რეგულარული კონტაქტები მთელს მსოფლიოში თანამორწმუნეებთან და სამშობლოს ეკლესიასთან.
მღვდელთმთავრის ლექციამ მრავალრიცხოვანი მსმენელის ცოცხალი ინტერესი გამოიწვია. გამოსვლის ბოლოს მიტროპოლიტმა ანტონიმ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა, რომელთა თემატიკა საკმაოდ ვრცელი აღმოჩნდა. კითხვებზე პასუხის გაცემისას, სსკგ-ის თავმჯდომარემ ისაუბრა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოების მსახურების თავისებურებებზე საზღვარგარეთის სამრევლოებში, ასევე იმ სირთულეებზე, რომლებსაც აწყდებიან უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეები ბავშვებისა და მოზარდების სახარებისეული ღირებულებების სულისკვეთებით აღზრდის საქმეში. ერთობლივი ლოცვის შემდეგ მიტროპოლიტმა ანტონიმ პედაგოგები და მოსწავლეები დალოცა.
ვლადიმერ ხოდაკოვის ფოტო