30 Απριλίου, 2020

უნდა სჯეროდეს თუ არა მორწმუნეს სასწაულების? – დეკანოზი თამაზ ლომიძე სასწაულებსა და ანტიქრისტეს შესახებ წერს

Διαδώστε:

“ანტიქრისტეზე დაწერილია იოანეს გამოცხადების მე-13 თავში, რომ ბოლო ჟამს გამოჩნდება იგი და აცდუნებს მრავალს ისე, რომ მის ხატს შექმნიან და თაყვანისცემას დაუწყებენ. ექნება მას პირი მზვაობრად (მედიდურად) მოსაუბრე და ღვთის მგმობელი, გახსნის ბაგეებს და დაჰგმობს ღმერთს, მის სახელს, მის სამკვიდრებელს და ცის მკვიდრთ. შეებრძოლება წმინდანებს, სძლევს მათ და დაიმონებს ყველა ტომს, ენას და ხალხს. ყველა, ვინც დასაბამიდან არაა ჩაწერილი კრავის (იესო ქრისტეს) სიცოცხლის წიგნში, თაყვანს სცემს მას.

თუმცა იქნება ანტიქრისტე აშკარად ღვთისმგმობელი და ღვთის მოწინააღმდეგე, მაინც ბევრის ცდუნებას მოახერხებს იგი. როგორ შესძლებს ამას? – სასწაულების ძალით. დაწერილია: მოახდენს ისეთ დიად სასწაულებს, რომ ზეციდან ცეცხლი გარდამოხდება ადამიანთა წინაშე. და აცდუნებს დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცემა მას სატანის წინაშე. მიეცემა მას ძალა, რომ სული ჩაუდგას მხეცის ხატს და ლაპარაკს დაიწყებს ბოროტის ხატი (გამ. 13,15). ასეთი სასწაულებით ცდუნდება ხალხი და ამ სასწაულების ძალით მონუსხულნი თაყვანისცემას დაუწყებენ ანტიქრისტეს. ამიტომ, სულიერ ცხოვრებაში მკაცრადაა აკრძალული სასწაულების ძებნა და სასწაულებზე ორიენტირება. მას, ვინც მხოლოდ სასწაულების ძიებაშია, პირდაპირ საშიშროება ემუქრება ცდუნდეს ასევე ბოროტისმიერი სასწაულებით და დაემონოს ანტიქრისტეს.

ქრისტე წინასწარ გვაფრთხილებს ამ დიდ და ძალიან საშიშ სასწაულებზე მისი მეორედ მოსვლის წინ: “…აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც. აჰა, წინასწარ გაუწყეთ თქვენ.” (მთ. 24,24-25)

მოსეც აფრთხილებდა ღვთის ერს ამ საფრთხეზე: “თუ გამოჩნდა შენს შორის წინასწარმეტყველი ან სიზმართმხილველი და მოგცა რამე ნიშანი ან სასწაული,და ახდა ეს ნიშანი და სასწაული, რაც გამოგიცხადათ, და გითხრათ: მივმართოთ სხვა ღმერთებს, რომელთაც შენ არ იცნობ, და ვემსახუროთო, ყურს ნუ დაუგდებ ამ წინასწარმეტყველის ან სიზმართმხილველის ნათქვამს…უფალს, თქვენს ღმერთს, მიჰყევით და მისი გეშინოდეთ, მისი მცნებები შეასრულეთ, მისი სიტყვა გაიგონეთ, მას ემსახურეთ, მას მიეწებეთ.” (2 რჯული, 13, 1-4)

ამასვე ამბობს პავლე მოციქულიც: “ჩვენ კი არა, თვით ანგელოზმა ზეციდანაც რომ გახაროთ სხვა სახარება, და არა ის, რაც გვიხარებია, წყეულიმც იყოს.” (გალ. 1,8) ე.ი. სასწაულიც რომ იხილოთ ზეციდან, ანგელოზი გამოგეცხადოთ და იმისგან განსხვავებული რამ გასწავლოთ, რაც სახარებაშია ნაქადაგები, წყეულიმც იყოს იგიო.

როგორც წმინდა წერილიდან ჩანს, ეშმაკსაც ეძლევა ხანდახან სასწაულების აღსრულების ძალა, ამიტომ, სასწაულებს კი არ უნდა მივენდოთ ქრისტიანები, არამედ საღმრთო წიგნს – წმინდა წერილს, მაცხოვნებელ მოძღვრებას, მის მცნებებს, სიტყვებს და სწავლებას.

“მთელი წერილი (ბიბლია) ღმრთივსულიერია და სარგო – დასამოძღვრად, სამხილებლად, გამოსასწორებლად და სიმართლის სასწავლებლად.” (2 ტიმ. 3,16) , “დაუკვირდი შენს თავს და მოძღვრებას; დამკვიდრდი მათში: რადგან ამის მოქმედი შენს თავსაც აცხონებ და შენს მსმენელსაც.” (1 ტიმ. 4,16)”

 

dogma.ge

Διαδώστε: