26 Ιουνίου, 2024

უწმინდესი პატრიარქი კირილე პატიმრობიდან გათავისუფლებულ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტ იონათანს შეხვდა

Διαδώστε:

2024 წლის 25 ივნისს მოსკოვის დანილოვის მონასტრის საპატრიარქო და სინოდალურ რეზიდენციაში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი მიიღო.

მიტროპოლიტი იონათანი, რომელსაც უკრაინის სასამართლომ აბსურდული ბრალდებებით 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით, შაბათს გათავისუფლებულ იქნა პატრიარქის შუამდგომლობით ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად. იერარქმა მის წინააღმდეგ წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავედ არ სცნო.

უწმინდესი პატრიარქი სიხარულით მიესალმა მეუფე იონათანს, რომელმაც, მისი უწმინდესობის თქმით, „რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და პატრიარქისადმი ერთგულებისთვის და ღალატის დარ კომპრომისებზე წაუსვლელობის გამო, მნიშვნელოვანი მწუხარებები განიცადა“. მოსკოვის საპატრიარქოს წინამძღვარმა განაცხადა, რომ როგორც პატრიარქის, ისე პირად მოვალეობად მიიჩნია „შექმნილ სიტუაციაში ჩარევა, რათა მეუფე გამოეხსნა ამ საშინელი და არაპროგნოზირებადი შედეგების მქონე ვითარებიდან“.

„მეუფეს მე ათეული წლებია ვიცნობ, – აღნიშნა პატრიარქმა კირილემ. – როცა სასულიერო აკადემიის რექტორი ვიყავი, ის ჩემი სტუდენტი იყო, შემდეგ კი – მგალობელთა გუნდის ყველაზე შესანიშნავი ლოტბარი. მახსოვს, როგორ გალობდა ეს გუნდი, როგორ მოდიოდნენ ურწმუნოებიც კი აკადემიაში მხოლოდ მის მოსასმენად. მეუფე მასში თავის სულს და მთელ თავის ნიჭს დებდა. თვალწინ მიდგება თავისი საქმის სიყვარულით მგზნებარე კაცის სურათი, რომელიც ამ ემოციებს გამოხატავდა არა მხოლოდ ხელების მოძრაობით, არამედ ზოგადად მთელი თავისი არსებით. მეუფე მართლაც განასახიერებდა სულიერ მუსიკაში სრულად ჩაძირულ ადამიანს, მაგრამ ამ სიტყვის უფრო ფართო გაგებით – სრულად ჩაძირულს ეკლესიურ ცხოვრებაში“.

მისმა უწმინდესობამ ხაზი გაუსვა მიტროპოლიტ იონათანის ერთგულებას კანონიკური მართლმადიდებლობისადმი, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი. „ამ ერთგულებისთვის – და სხვა არაფრისთვის – მეუფე რეპრესირებულ იქნა და ისეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, რომ მისი მომავალი ჩემს გულში ტკივილს იწვევდა. მივხვდი, რომ ამ ადამიანის წინააღმდეგ შეეძლოთ, ყველაფერი გაეკეთებინათ, რადგან ფრიად უკომპრომისო, პატიოსნური და პრინციპული იყო მისი ერთგულების გამოხატულება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი“, – აღნიშნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის უწმინდესმა პატრიარქმა კირილემ.

მიტროპოლიტ იონათანს მან შემდეგი სიტყვებით მიმართა: „მადლობას გიხდი, მეუფევ, ყველა იმ შრომისთვის, რაც შენ გასწიე, იმ მწუხარებისთვის, რაც დაითმინე, იმისთვის, რომ შეინარჩუნე საკუთარი თავი, შენი პრინციპული ცხოვრებისეული პოზიცია, იმისთვის, რომ უერთგულე შენს სამღვდელთმთავრო ფიცს“.

გულმოდგინე სამღვდელთმთავრო მსახურების გათვალისწინებით და დაბადებიდან 75 წლისთავთან დაკავშირებით უწმინდესმა პატრიარქმა ტულჩინისა და ბრაცლავის მიტროპოლიტი იონათანი ღირსი სერგი რადონეჟელის (I ხარისხის) ორდენით დააჯილდოვა.

უწმინდესმა მეუფემ მღვდელთმთავარს ასევე სამახსოვრო ჯვარი და პანაღია გადასცა.

„თქვენო უწმინდესობავ, გმადლობთ თქვენი ძალისხმევისთვის, რომლის წყალობითაც მე ახლა ამ წმინდა ადგილას ვიმყოფები“, – განაცხადა მიტროპოლიტმა იონათანმა საპასუხო სიტყვაში. – პატრიარქი მთელი რუსეთის ეკლესიის სიმბოლოა. არ შემერცხვინა თქვენი სახელი – ეს იყო ჩემი ამოცანა, და ეს მაძლევდა ძალებს ბოროტებასთან დაპირისპირებაში“.

უწმინდესი პატრიარქისა და მიტროპოლიტ იონათანის შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარე, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ანტონი; მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის მრჩეველი, დეკანოზი ნიკოლოზ ბალაშოვი; ეკლესიის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარე, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის პრეს-სამსახურის უფროსის მოვალეობის დროებით შემსრულებელი ვ.რ. ლეგოიდა.

***

2023 წლის 7 აგვისტოს ვინიცის საქალაქო სასამართლომ მიტროპოლიტ იონათანს „აბსურდული ბრალდებებით მიუსაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ქონების კონფისკაციით. ბრალდებები მათ შორის შეიცავდა „ქმედებებს, რომლებიც მიმართული იყო კონსტიტუციური წყობის ძალადობრივ შეცვლასთან ან დამხობასთან ანაც სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდებასთან“, ასევე, „უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასთან“,

უწმინდესი პატრიარქის კირილეს იმავე დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში ეს ბრალდებები აბსურდულად არის მოხსენიებული. როგორც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვარმა აღნიშნა, „ამ უკანონო გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ეპისკოპოს იონათანზე ზეწოლის არაერთი მცდელობა, რომელიც, მიუხედავად ყველაფრისა, დარჩა თავისი ეკლესიისა და ქრისტეს მორწმუნე თანამოძმეთა ერთგული“.

„უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სიძულვილით ნაკარნახევი სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაში ჩვენ ვხედავთ რელიგიური თავისუფლების უხეში დარღვევის მორიგ აქტს, რწმენის დევნის მაგალითს“, – აღნიშნა მისმა უწმინდესობამ და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ იერარქის წინააღმდეგ „ბრალდება აბსოლუტურად უსუსურია, ხოლო ე.წ. მტკიცებულებები გაყალბებულია“.

უწმიდესმა პატრიარქმა კირილემ არაერთხელ მიმართა რელიგიურ ლიდერებს, საერთაშორისო და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიტროპოლიტ იონათანის, სხვა იერარქებისა და სასულიერო პირების, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მონოზვნებისა და ერისკაცების დევნის აღმაშფოთებელ შემთხვევებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ მორწმუნეთა მიმართებით უკრაინის დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებმა „რელიგიური დევნის ღია ხასიათი შეიძინა“. მისმა უწმინდესობამ კურთხევა გასცა, საგანგებო ლოცვები აღევლინათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელთმთავრებისა და სასულიერო პირებისთვის, რომლებიც პატიმრობაში იმყოფებოდნენ, ასევე ყველა მორწმუნისთვის, ვინც იბრძვის ეკლესიის ერთიანობის შესანარჩუნებლად, გამოდის მის დასაცავად და აღასრულებს აღმსარებლობით ღვაწლს.

მიტროპოლიტმა იონათანმა წარდგენილ ბრალდებებში თავი დამნაშავად არ სცნო. სანამ აპელაციის განხილვა მიმდინარეობდა, იგი შინაპატიმრობაში ჰყავდათ.

2024 წლის 18 ივნისს ვინიცის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. მანამდე მეუფეს ასევე ჩამოერთვა უკრაინის მოქალაქეობა.

2024 წლის მარტში მიტროპოლიტმა იონათანმა ინსულტი გადაიტანა. ამჟამად ის მკურნალობასა და სამედიცინო რეაბილიტაციას საჭიროებს, რასაც მას უწმინდესი პატრიარქის დახმარებით აღმოუჩენენ.

mospat.ru

Διαδώστε: