13 Ιανουαρίου, 2021

“ჩვენ დავკარგეთ ბელარუსის გმირი” – პრეზიდენტი ლუკაშენკო მიტროპოლიტ ფილარეტს ემშვიდობება

Διαδώστε:

ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ სამძიმარი გამოხატა ბელარუსის გმირის, სრულიად ბელარუსის პირველი ეგზარქოსის (ამჟამად საპატიო ეგზარქოსი), მიტროპოლიტ ფილარეტის გარდაცვალების გამო.

პრეზიდენტი თავისი სამძიმრის ოფიციალურ წერილში წერს:

“ჩვენ გაგვიმართლა, რომ მან თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა ბელარუსის მიწას, რომელიც მთელი სულით უყვარდა. ტყუილად არ უწოდებენ მიტროპოლიტ ფილარეტს ერის ზნეობისა და სინდისის საზომს. მისი მღვდელმთავრული მსახურება ბელარუსში დაემთხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ფორმირების ეპოქას. მეუფის მხარდაჭერისა და მამობრივი რჩევის წყალობით, ჩვენ ერთად შევქმენით ძლიერი სუვერენული ქვეყანა, სადაც ყველა მშვიდობიანად ცხოვრობს თანხმობაში და ადგილი არ აქვს რელიგიურ მტრობას. ჩვენი მრავალწლიანი მეგობრობა და დიდი ურთიერთპატივისცემა გახდა ძლიერი სულიერი საყრდენი ჩემთვის. ჩვენ დავკარგეთ ბელარუსის გმირი, მასწავლებელი და ყველაზე გულწრფელი დამცველი, რომელიც ბოლო საათამდე ლოცულობდა ამ ქვეყნისა და მისი ხალხის კეთილდღეობისთვის”, – ნათქვამია პრეზიდენტ ლუკაშენკოს სამძიმრის წერილში.

ბელარუსის პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიტროპოლიტ ფილარეტის ნათელი ხსოვნა სამუდამოდ დარჩება ხალხის გულებსა და ბელარუსის ქრონიკებში.

შეგახსენებთ, რომ სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსი, მიტროპოლიტი ფილარეტი, 2021 წლის 12 იანვარს, თავისი ამქვეყნიური სიცოცხლის 86-ე წელიწადს აღესრულა კორონავირუსული ინფექციის შედეგად.

ის 1978-2013 წლებში იყო მინსკის მიტროპოლიტი. 1992 წლიდან 2013 წლამდე კი სრულიად ბელარუსის ეგზარქოსი გახლდათ (იგი ბელარუსის პირველი ეგზარქოსი იყო). 2013 წელს გავიდა პენსიაზე და რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის გადაწყვეტილებით მიენიჭა სრულიად ბელარუსის საპატიო ეგზარქოსის წოდება, შეუნარჩუნდა წმ. სინოდის მუშაობაში მონაწილეობის უფლება და განესაზღვრა საპატიო პროტოკოლური ადგილი ღვთისმსახურებისა და ოფიციალური შეხვედრებისას. 

მიტროპოლიტ ფილარეტს სიცოცხლეში მიენიჭა ბელარუსის გმირის წოდება.

 

რუსული ენიდან თარგმნა “მსოფლიო საეკლესიო სიახლენმა”

wenews.ge

Διαδώστε: