07 Δεκεμβρίου, 2020

“წუხს, რომ ეკლესიაში ვერ დადის” – პატრიარქის ექიმი

Διαδώστε:

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის პირადი ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი გულიკო ჩაფიძე:

“ბოლოს ორი დღის წინ ვნახე და დღესაც მივდივარ მოსანახულებლად. რა საკვირველია კარანტინშია, მეც კარანტინში ვარ. სახლში ვარ ჩაკეტილი, რომ მისი ნახვის უფლება მქონდეს. ჩვენთან, კლინიკაში, ვირუსი გავრცელებულია და ამიტომ მე სახლში ვარ.

სექტემბერში 31 წელი შესრულდა, რაც მე უწმიდესთან დავდივარ საპატრიარქოში.

პატრიარქი ფიზიკურად კარგად არის, ღმერთის წყალობით, სამკურნალო არაფერი სჭირს. წუხს, ვირუსი რომ ასე არის გავრცელებული. პანდემიურ სიტუაციას განიცდის. ხალხზე ლოცულობს, სიმშვიდეზე ლოცულობს. უნდა, რომ ხალხი დაწყნარდეს. წუხს, რომ ეკლესიაში ვერ დადის.

დეკემბრის მეორე ნახევრიდან, ალბათ, დაიწყებს ტაძარში სიარულს. ვირუსის გავრცელებაც, ალბათ, შემცირდება… მთელი იანვარი დატვირთული იქნება. ამიტომ ახლა უნდა მოვუფრთხილდეთ.

დღეს შედარებით მცირე შემთხვევაა და მიხარია. პროფილაქტიკის მიზნით ესინჯებიან და ხალხი უკვე იზოლირებულია. ყველა რომ სწორად იცავდეს რეგულაციებს, ასეთი ფონი არ იქნებოდა.

პატრიარქს აინტერესებს, სხვა ქვეყნებში პანდემიის კუთხით რა მდგომარეობაა. ამას წინათ მკითხა, ინგლისის დედოფალი როგორ არისო? გადმოსცეს, ელისაბედი დეკემბერში ვაქცინას იკეთებსო.

დიდად საუბრის განწყობაზე არ არის. მოცარტი უყვარს და კლასიკას ხშირად უსმენს. მე უბრალოდ მოსანახულებლად მივდივარ. ყურადღებას ვაქცევ. ზოგჯერ კვირაში ორჯერ, ზოგჯერ სამჯერ ვნახულობ. მენატრება ხოლმე…

ახლა საპატრიარქოში სიწყარეა, არავის უშვებენ. მიმოსვლა აკრძალულია, უწმიდესი იზოლირებულია. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი თუ ვნახულობთ. დანარჩენი, ვინც საპატრიარქოშია, გარეთ არ გამოდიან. გაფრთხილება საჭიროა. თორემ ისე, სულ ხალხმრავლობაა უწმიდესთან. დასალოცად მიდის ხალხი. ესეც აწუხებს, რომ ახლა ხალხი ვეღარ დადის, მაგრამ ეს დროებითია”.

wenews.ge

Διαδώστε: