29 Ιανουαρίου, 2020

ანდრია ჯაღმაიძე აზარტულ თამაშებზე – თუ დროულად არ შევაჩერებთ ამ „მონსტრ ბიზნესს“, უახლოეს მომავალში ძალიან მძიმე შედეგები გველის

Διαδώστε:

საპატრიარქოში, საქართველოს საპატრიარქოსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივით, მრგვალი მაგიდის ფორმატში, რიგით მეორე შეხვედრა გაიმართა, რომელიც საქართველოში აზარტული თამაშების ზიანის შემცირების სტრატეგიის შემუშავებას ეხებოდა.

როგორც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მამა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო.

მამა ანდრია აზარტულ თამაშებს “მონსტრ ბიზნესს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ “დროულად არ შევაჩერებთ ამ მონსტრ ბიზნესს, უახლოეს მომავალში ძალიან მძიმე შედეგები გველის”.

“დღეს საპატრიარქოში გაიმართა რიგით მეორე შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში. ეძღვნებოდა პრობლემას, რომელიც აზარტულ თამაშებთან არის დაკავშირებული. მრავალმხრივ განხილული იქნა ეს პრობლემა, მონაწილეობას ღებულობდნენ არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, “იუნისეფი”, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია, ნატო-ს წარმომადგენლობა, ევროსაბჭოს წარმომადგენლობა, ასევე, ფინანსთა სამინისტროს, განათლების სამინიატროს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

პრობლემა არის მრავალმხრივ მოსაგვარებელი, კომპლექსური მიდგომა არის საჭირო და გვაქვს ძალიან ცუდი სტატისტიკა და თუ დროზე არ მოევლება და დროულად არ შევაჩერებთ ამ მონსტრ ბიზნესს, უახლოეს მომავალში გველის ძალიან მძიმე შედეგები. ეს ბიზნესი ორიენტირებულია ახალგაზრდებზე და ძირითადი პრობლემები სწორედ ახალგაზრდების თამაშებში ჩათრევას მოსდევს”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისივე თქმით, შეხვედრაზე, აღნიშნული პრობლემის მოსაგვარებლად რამდენიმე ინიციატივა გაჟღერდა.

“გამოსავალთან დაკავშირებით, იქნა აქ გაჟღერებული რამდენიმე საინტერესო ინიციატივა. უმთავრესად ეს ეხებოდა საერთაშორისო გამოცდილების ქართულ რეალობაზე მორგებას. სულ ცოტა ხნის წინ ევროსაბჭოს ჰქონდა ასეთი პროგრამა წარმოდგენილი – ახალგაზრდების განვითარების პროგრამა, რომელიც შეიძლება იოლად მოერგოს ქართულ რეალობას. ამის გარდა, გამზადებულია კანონპროექტი, რომელიც ერთი წლის წინ იქნა საბოლოოდ დახვეწილი, შეთანხმებული და ველოდებით ამ კანონპროექტის კანონად ქცევას”, – განაცხადა ჯაღმაიძემ.

 

ipn.ge

Διαδώστε: