09 Μαΐου, 2020

ანდრია ჯაღმაიძე “სააღდგომი კლასტერის” შესახებ

Διαδώστε:

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მთავარ საფრთხედ მრევლი და ეკლესია მიიჩნეოდა. მიუხედავად მედიკოსების მოწოდებებისა, საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, ეკლესიის კარი მრევლისთვის არ დაიკეტა. მაღალი რისკის შემცველად შეფასებული პროცესები – მათ შორის ერთი კოვზით ზიარება – დასრულდა. შედეგი, სავარაუდოდ, ეკლესიისა და მრევლის სიფრთხილის შედეგად, დამაიმედებელია.

აღდგომის მარხვაში, შვიდგზის ზეთისცხება, ბზობის დღესასწაული და სააღდგომო ლიტურგია ყველა წესისა და რეკომენდაციის დაცვით სგანგებო პირობებში ჩატარდა. დღესასწაულებიდან 2 კვირაში ქვეყანაში ინფიცირებულების რაოდენობის გაზრდას ელოდებოდნენ, თუმცა მოლოდინმა არ გაამართლა.

PIA.GE გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ანდრია ჯაღმაიძესთან, რომელმაც აღდგომამდე და მის შემდეგ არსებული ვითარება შეფასა.

– მამა ანდრია, 2 კვირა გავიდა აღდგომიდან. სპეციალისტების ორი კვირისწინანდელი პროგნოზით, სააღდგომო ლიტურგიის შემდეგ ინფიცირების შემთხვევბი მკვეთრად გაიზრდებოდა. არსებული მონაცემებით ეპიდემია კონტროლს ექვემდებარება და ნახტომისებრი ზრდა არ შეიმჩნევა. როგორ ახსნით ამ მოვლენას?

– დავიწყებ იმით, რომ აღდგომის წინა დღეებში განსაკუთრებით მძიმე სურათი იხატებოდა და მინდა აღვნიშნო, რომ ეკლესიამ ნამდვილი ვნების კვირა გამოიარა, ნამდვილი სახარებისეული სასამართლო და ჯვარცმა განვიცადეთ მრევლთან ერთად. სასამართლო, მსგავსი ბრალდებებით, რაც იესოს ესმოდა მის მიმართ ანას, კაიაფას და პილატეს წინაშე, რომ ის იყო ქვეყნის მოძულე და დამაქცევარი. ერთის მხრივ ეს სამწუხაროა, მეორეს მხრივ სახარებისეულ მდგომარეობაში ვიყავით – ეს კი სასიხარულოა.

რაც შეეხება იმას, რომ ნახტომისებური ზრდა არ არის, ადამიანები, მეცნიერები აკეთებენ გათვლებს იმის მიხედვით, რა გამოცდილებაც მათ სფეროშია დაგროვილი. არ არსებობს ცოდნის აბსოლუტური ჯამი. ნებისმიერი პროცესი, რაც ბუნებაში ხდება, მხოლოდ გარკვეულ, ჩვენთვის ცნობილ კატეგორიებში შეიძლება აღიწეროს, არცერთ დარგში არ არსებობს ცოდნის ისეთი სისავსე, რომ ამოუხსნელი ამოცანები არ რჩებოდეს. აქვე კიდევ ერთხელ მადლიერებით უნდა აღინიშნოს ექიმების დაუღალავი შრომა იმ შედეგის მიღწევაში, რაც ზოგადად ქვეყანაშია.

– რას ეტყოდით ამ ყველაფრის ფონზე, იმ ადამიანებს, რომლებიც ერთი კოვზით ზიარების წესის შეცვლას მოითხოვენ?

– იყო გამოთქმული მოსაზრებები, თუმცა კატეგორიული მოთხოვნებიც ისმოდა და უმეტესად იმ ადამიანებისაგან, ვინც ნებისმიერი ცვლილების შემთხვევაშიც კი არ ეზიარებოდნენ, რადგან არ სწამთ. აქ არც ზიარების წესი იყო მთავარი, საუკეთესო იქნებოდა ეკლესიების გამოკეტვა და ნებისმიერი სახით ზიარების აკრძალვა. მათ ვეტყოდი, ხომ შეიძლება დავუშვათ, რომ მართლაც ღმერთმა შექმნა ეს სამყარო და მის მართვაში მონაწილეობს, როგორც ამას ეკლესია ასწავლის, ხოლო ჩვენ მის ამ საიდუმლო, უხილავ მოქმედებას უგულვებელვყჰოფთ და ადამიანის არსენალში არსებული გამოცდილებით სრულად გვსურს ყველაფრის პროგნოზირება? გამოდის, რომ მოცემულ ამოცანაში ერთ-ერთი ძირითადი ცვლადი, გადაგვიგდია, შეურაცხგვიყვია მთავარი და ასეთ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვან ამონახსნს არ უნდა ველოდოთ. მსჯელობისას მომავალში მაინც ნუ იქნებით ასეთი კატეგორიულნი, ერთმანეთს ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას და დავაბრუნოთ მოვლენების განვითარების სავარაუდო სცენარში ღვთის მოქმედების ფაქტორი.

მე არ მაქვს რაციონალური პასუხი, როგორ ხდება, რომ მიუხედავად საეკლესიო „კლასტერის“ წარმოშობასთან დაკავშირებით ასეთი მძიმე პროგნოზებისა, სხვა რეალობა გვაქვს, ღვთის მოქმედებას დაზუსტებით ხომ ვერავინ განსაზღვრავს? ერთი კი ცხადია, ღმერთი მოქმედებს ჩვენი გათვლებისაგან დამოუკიდებლად და რაც უფრო კატეგორიულია გარედან ესა თუ ის მსჯელობა ეკლესიასთან მიმართებაში, მით მეტია ალბათობა, რომ რეალობა მოლოდინს ასცდეს, რადგან მსჯელობაში არ დავტოვეთ ღმერთის მოქმედების ადგილი.

– როგორც ცნობილია, სასულიერო პირების აზრებიც იყოფოდა საერთო კოვზით ზიარებასა და წირვებზე მრევლის დასწრებასთან დაკავშირებით. ხომ არ შეიცვალა დღეს მათი პოზიციები?

-ჩვენ ვუსმენთ სპეციალისტებს და ხშირად დროში ერთმანეთის გამომრიცხავია ეპიდემიოლოგების დამოკიდებულებაც, ისევე როგორც სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფისა. ადამიანები ადრე თუ კატეგირიულად ითხოვდნენ ეკლესიების ჩაკეტვას, ისინი შემდგომში თითქმის ყველა შეზღუდვის მოხსნის მომხრენი იყვნენ, ეს ალბათ გარემოებების სწრაფი ცვლილების ბრალია. დანამდვილებით ვერ გეტყვით, დღეს ვის რა მოსაზრება აქვს.

– თუ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა წამოვა და ინფექციის შემთხვევები გაიზრდება, იხელმძღვანელებს თუ არა ეკლესია რეკომენდაციებით? მათ შორის ხომ არ გადაიხედება ზიარების წესიც?

ამ მოცემულ ვითარებაში ეკლესია ვერ დარჩებოდა უმოქმედო და ყველა ჩვენგანმა ნახა, რომ რეკომენდაციებს ეკლესია გასცემდა ყოველ ჯერზე, როგორც კი სიტუაციის ცვლილება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ზომების მიღების აუცილებლობას ბადებდა. ეს მითითბები ხდებოდა სახელმწიფოსთან და დარგის სპეციალისტებთან ხშირი კონსულტაციების ფონზე.

უნდა აღინიშნოს მრევლის მხრიდან გამოჩენილი დიდი პასუხისმგებლობა, ვინც მოვიდა ეკლესიაში და ვინც სახლიდან შემოუერთდა ლოცვას; სასულიერო პირების მიერ რეკომენდაციების ზედმიწევნით შესრულება, ტაძრების შესაბამისად მოწყობა და მომზადება; სახელმწიფოს მხრიდან ეკლესიის მიმართ ზომიერი გზების ძებნა და მადლობა ღმერთს, რომ მთელი საზოგადოების ერთიანი პასუხისმგებლობით მოხერხდა, კანონის დარღვევის დარეშე სააღდგომო წირვის ჩატარება. ეს აჩენს მოლოდინს, რომ სხვა დროსაც ეკლესია შესაბამისად იმოქმედებს.

რაც შეეხება ზიარების წესს, ამ ვითარებაში, როდესაც ხარების, ბზობის, და აღდგომის დღესასწაულებიდან, სასულიერო პირებისა და მრევლის დავირუსების ყველა სავარაუდო დრო გავიდა და არ გვაქვს ზრდა, თუკი რაიმის მტკიცება გაჭირდება, ეს იქნება ზიარების წესში ცვლილების აუცილებლობა.

 

pia.ge

Διαδώστε: