11 Οκτωβρίου, 2019

არქიმანდრიტი კირიონი დავით გარეჯზე – ეკლესიებში მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე – ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი

Διαδώστε:

ეკლესიებში მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე, ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი, – ასე გამოეხმაურა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი) პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.

მისი თქმით, გაიხსნება თუ არა ხვალ მონასტრები სასულიერო პირებისთვის, ეს პირდაპირ არ თქმულა და მხოლოდ ვარაუდია. ამასთან, როგორც არქიმანდრიტმა კირიონმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ეკლესიების გახსნის შემთხვევაში, თავად იქ ასვლისგან ამ ეტაპზე თავს შეიკავებს, რადგან სასულიერო პირების საეროსგან გამოყოფა მისი მხრიდან არაეთიკური ნაბიჯი იქნება.

“ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაფასებთ პრემიერის ენერგიულ ქმედებებს ამ პრობლემის მიმართ, მაგრამ საეკლესიო მორალიდან გამომდინარე, ჩვენ ეკლესია ვართ ერთი წიაღი, სასულიერო პირები და მრევლი ერთი წიაღი ვართ. ვერანაირად გამოვყოფთ თავს ჩვენ სასულიერო პირები ჩვენი მრევლისგან, ჩვენი ერისგან. ვერ ვიტყვით იმას, რომ ჩვენ ავალთ მხოლოდ და თქვენ დაბლა იყავით, ვერ ამოხვალთო. ვფიქრობ, ეს არ არის მორალური საქციელი ეკლესიაში. ასევე ითქვა, რომ სასულიერო პირების შემდგომ უახლოეს ხანში იმედი გვაქვს, მოხდება ისეც, რომ ჩვეულებრივ დაიშვებიან საერო პირებიო. ჩვენ გვირჩევნია, დაველოდოთ იმ უახლოეს ხანს, როდესაც საერო პირებსაც დაუშვებენ და ერი და ბერი ავიდეთ ერთად. იმიტომ, რომ ასე მხოლოდ ჩვენი ასვლა, სასულიერო პირების გამოყოფა საკუთარი ერისგან, ჩვენთვის მიუღებელია ამ ეტაპზე, ეს არის ჩვეულებრივი საეკლესიო მორალი”, – აღნიშნა არქიმანდრიტმა.

მისი თქმითვე, აუცილებელია, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანის მხარეები ერთმანეთის მიმართ სამართლიანები იყვნენ.

“დოკუმენტების, რუკის მიხედვით, ეს ტერიტორია მთლიანად ჩვენია და საქართველოს სახელმწიფოს არავითარი სახვეწარი არ აქვს აზერბაიჯანთან, რომ უფლება მოგვცეს დაშვების ამ მონასტრებში. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ალტერნატივა არ აქვს კეთილმეზობლობას და ამას ჩვენ ვაფასებთ. ამას შენარჩუნება და მოფრთხილება უნდა, მაგრამ სამართლიანობის გარეშე მშვიდობა და სიკეთე არ არის მყარი და სტაბილური. ამიტომ აუცილებელია, რომ აზერბაიჯანის მხარე მიხვდეს, რომ აუცილებელია სამართლიანი იყოს ჩვენ მიმართ, რომ ამ კეთილმეზობლობას და მეგობრობას, ამ კარგ დამოკიდებულებას ჩვენ შორის ალტერნატივა არ ჰქონდეს. იმიტომ, რომ ჩვენ ერთი რეგიონის ხალხი ვართ, კავკასიაში მცხოვრები ხალხი ვართ და ერთმანეთთან კონფლიქტით ვერაფერს მოვიგებთ, მხოლოდ წავაგებთ. ეს უნდა გავაცნობიეროთ”, – განაცხადა არქიმანდრიტმა კირიონმა.

ცნობისთვის, ბაქოში ვიზიტის შემდეგ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ხვალიდან ქართული სამღვდელოებისთვის დავით გარეჯის კომპლექსის ფარგლებში არსებული ეკლესიები გაიხსნება.

 

Διαδώστε: