06/08/2020 06/08/2020 … კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით. ეს თვითონ ამ ისტორიის გმირისგან შევიტყვე გასულ წელს, ათენში ყოფნისას. ერთი მდიდარი ქალი ბერი პორფირის სულიერი შვილი იყო. ამ ქალს ჰყავდა ვაჟიშვილი, რომელსაც ათენში ერთი გოგონა შეუყვარდა. მაშინ ეს ბიჭი ტაძარში არ დადიოდა და დიდი ნდობა არ ჰქონდა არც მღვდლების და არც სხვა რამის, რაც ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. ასე რომ,...
06 Αυγούστου, 2020 - 15:04

ბერი პორფირი კავსოკალიველის ერთი სასწაულის შესახებ

Διαδώστε:
ბერი პორფირი კავსოკალიველის ერთი სასწაულის შესახებ

… კიდევ ერთ ისტორიას მოგიყვებით. ეს თვითონ ამ ისტორიის გმირისგან შევიტყვე გასულ წელს, ათენში ყოფნისას. ერთი მდიდარი ქალი ბერი პორფირის სულიერი შვილი იყო. ამ ქალს ჰყავდა ვაჟიშვილი, რომელსაც ათენში ერთი გოგონა შეუყვარდა. მაშინ ეს ბიჭი ტაძარში არ დადიოდა და დიდი ნდობა არ ჰქონდა არც მღვდლების და არც სხვა რამის, რაც ეკლესიასთან იყო დაკავშირებული. ასე რომ, მას უყვარდა გოგონა, დედამისს კი არ მოსწონდა ის, არ ვიცი რატომ, მაგრამ არ მოსწონდა. ბოლოს დედამ ჰკითხა ბერს: გერონდა, ეს გოგონა არის ჩემი ვაჟის შესაფერისი? ბერმა უპასუხა: არა, ჩემო ძვირფასო, არ არის შესაფერისი. – მაშ როგორ გადავარწმუნო? – უთხარი, მოვიდეს ჩემთან სასაუბროდ. დედამ ბერის ნათქვამი შვილს გადასცა, მაგრამ მან არ ისურვა – „წავიდე სადღაც, რომელიღაც ბერთან, რომ მან კიდევ რაღაცები მითხრას“. და ბიჭი არ წავიდა. ის მილიონერი იყო, ძალიან ბევრი ფული ჰქონდა. მან გადაწყვიტა თავის გოგონასთან ერთად ლონდონში წასულიყო და იქ ეთხოვა, ცოლად გაჰყოლოდა. ყმაწვილმა მშობლებს გამოუცხადა, რომ მათი სურვილის მიუხედავად, დანიშნავდა გოგონას: „ყველაფერი გადაწყვეტილია, მე მას წავიყვან და დავინიშნებით, თქვენ კი რაც გინდათ ის ქენით“.

დედამ ეს ამბავი ბერს მოუყვა, მან კი უპასუხა: კარგი, უთხარი, რომ ახლა მაინც, როდესაც ლონდონში გაემგზავრება, დამირეკოს, რომ წინდობის წინ ვაკურთხო. დაუყენე პირობა, უთხარი: კარგი, ჩემო შვილო, გაძლევ კურთხევას დაქორწინდე მასზე, ოღონდაც ბერს დაურეკე. დედამ შვილს ბერის ტელეფონი მისცა და უთხრა (ამას თვით ეს ყმაწვილი მომიყვა): კარგი, მოიყვანე ცოლად, რაკი გიყვარს, მხოლოდ ერთი პირობით – ვიდრე გამოუცხადებ, რომ ცოლად მოგყავს, წინდობამდე, დაურეკე ბერს და კურთხევა სთხოვე. თუკი ასე მოიქცევი, ჩვენი მხრიდან წინააღმდეგობა არ გექნება, დაქორწინდი მასზე და მთელ მემკვიდრეობას მოგცემთ. შვილმა უთხრა: თუკი მთელი პრობლემა ამაშია, ეგრე იყოს, დავურეკავ.

ვაჟი ლონდონში გაემგზავრა, შევიდა სასტუმროს ნომერში თავის გოგონასთან ერთად, შემდეგ ჩავიდა ადმინისტრატორთან და სთხოვა ტელეფონით ესარგებლა. თავის გოგონას კი ჯერ არაფერი განუცხადა და არ უთქვამს, რომ ბერ პორფირის ურეკავდა: რცხვენოდა. და რა უნდა ეთქვა? რომ მიდის ბრმა ბერთან დასარეკად? გოგონა ვერ გაიგებდა. ამგვარად, მან დაურეკა ბერს და ეუბნება: გერონდა, დიმიტრი ვარ, კურთხევა მინდა გთხოვოთ. ბერი პასუხობს: ერთი წუთით მოიცადე, არ დაკიდო ყურმილი. ტელეფონში რაღაც შრიალი გაისმა და ბიჭი ჩაერთო თავისი სასტუმრო ოთახის ტელეფონის ხაზში. წარმოგიდგენიათ? ეს ყველაფერი 300 ნომრიან სასტუმროში ხდება! ამგვარად, ტელეფონი დაუკავშირდა მისი ოთახის ტელეფონის ხაზს, სადაც მისი გოგონა დარჩა. და აქ ბიჭს ესმის, რომ გოგონა ესაუბრება თავის მეგობარს ათენში და ეუბნება: ჩვენ ლონდონში ჩამოვედით. დღეს ის მეტყვის, რომ ცოლად მოვყავარ და დავინიშნებით. შემდეგ მე მას გამოვკრეფ, მთელ ფულს გამოვწურავ მისგან და დაგიბრუნდები, რადგან მხოლოდ შენ მიყვარხარ… და ა.შ., ამის მსგავსი. დარეტიანებული ბიჭი უსმენდა თავისი გოგონას საუბარს მის მეგობართან. ეს საუბარი რომ მოისმინა, მან ისევ შრიალი გაიგონა ტელეფონში, შემდეგ კი ბერის სიტყვები: რა გინდოდა, ჩემო ძვირფასო? – არაფერი, გერონდა, მაკურთხე, – უპასუხა მან, დადო ყურმილი და გაწყვიტა ის ურთიერთობა, რომელიც მას უბედურებას მოუტანდა.


ambioni.ge

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων