01 Ιουλίου, 2024

გაიხსნა მართლმადიდებელი ახალგაზრდობის XIV სრულიად საზღვარგარეთის ყრილობა

Διαδώστε:

2024 წლის 25 ივნისს შტუტგარტის გარეუბანში (გერმანია), მიხელსბერგში, შედგა მართლმადიდებელი ახალგაზრდობის XIV სრულიად საზღვარგარეთის ყრილობის გახსნა – „მართლმადიდებლური იდენტობისა და მემკვიდრეობის შენარჩუნება საზღვარგარეთ“.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებს 130 ჭაბუკი და გოგონა 11 ქვეყნიდან – ავსტრალიიდან, ავსტრიიდან, გერმანიიდან, კანადადან, აშშ-დან და სხვ.

ყრილობაში მონაწილეობენ ლონდონისა და დასავლეთ ევროპის ეპისკოპოსი ირინეოსი, შტუტგარტის ეპისკოპოსი იობი, სასულიერო პირები ავსტრალიიდან, გერმანიიდან, კანადიდან და აშშ-დან, – იუწყება Патриархия.ru რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის საიტზე დაყრდნობით.

ფორუმის დაწყებამდე ჩიკაგოს ეპარქიის მდივანმა, დეკანოზმა გიორგი ჯოისმა პარაკლისი აღასრულა. საღვთისმსახურო გალობები შეასრულა ახალგაზრდული ყრილობის მონაწილეთა გაერთიანებულმა გუნდმა.

ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის სამღვდელთმთავრო სინოდთან არსებული ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების თავმჯდომარის მოადგილემ, დეკანოზმა ანდრია სომერმა.

„თქვენო ყოვლადუსამღვდელოესნო! XIV სრულიად საზღვარგარეთის ახალგაზრდული ყრილობის ძვირფასო მონაწილენო!

ჩვენ აქ, შვაბიის ალბის მთებში, შტუტგარტის მახლობლად, შევიკრიბეთ, რათა გავაგრძელოთ რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის 50 წელზე მეტი ხნის ტრადიცია და ჩავატაროთ XIV სრულიად საზღვარგარეთის ახალგაზრდული ყრილობა.

ამჟამინდელმა ყრილობამ შეკრიბა ახალგაზრდები მთელი მსოფლიოდან –ერთობლივი ლოცვისთვის, ურთიერთგანსწავლისა და გაცნობისთვის. დღეს ჩვენ გვყავს სულ 130 მონაწილე 11 ქვეყნიდან.

პირველი სრულიად საზღვარგარეთის ყრილობა ჩატარდა კანადაში 1973 წელს. მაშინ მასში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ადამიანმა ათი ქვეყნიდან. ყრილობის გახსნაზე მიტროპოლიტმა ფილარეტმა (ვოზნესენსკი) ახალგაზრდებს შემდეგი სიტყვებით მიმართა: „წივწივა გერჩივნოს ხელში, ვიდრე წერო ცაში [იდიომა: „დღევანდელი კვერცხი გერჩივნოს ხვალინდელ ქათამს“]. შექმენით ორგანო, რომელსაც შეეძლება მუშაობა და მიმართულებების მიცემა შემდგომი ნაყოფიერი საქმიანობისთვის და პრაქტიკულად გაუწევთ სულიერ დახმარებას თქვენს თანამოძმეებს, რათა მართლმადიდებელ ქრისტიანებად იცხოვრონ ამქვეყნად“.

ჩვენი ყრილობის თემა – „მართლმადიდებლური იდენტობისა და მემკვიდრეობის შენარჩუნება საზღვარგარეთ“ – საშუალებას გვაძლევს, ვუპასუხოთ კითხვას: „ვინ ვარ მე? და როგორ შევინარჩუნო ჩემი რწმენა თანამედროვე სამყაროში?“.

ჩვენ აქ შევკრიბეთ ყველა თქვენგანი სხვადასხვა ქვეყნიდან ათ ჯგუფად. თქვენი ამოცანაა, მოიფიქროთ და წარმოადგინოთ პროგრამები, რათა დაეხმაროთ ახალგაზრდებს, გააცნობიერონ მართლმადიდებლური იდენტობის მნიშვნელოვანი როლი ხალხის სულიერ ცხოვრებაში და ეკლესიის ცხოვრებაში. თითოეულმა ჯგუფმა უნდა დაგეგმოს ახალგაზრდული პროექტი, რომელიც თეორიულად შეიძლება გამოყენებული იქნეს დიასპორულ სამრევლოებში, როგორც სამუშაო მოდელი. თქვენი პროექტები ჩაიწერება ჩვენს ახალგაზრდულ YouTube-არხზე, რათა ყველა ეპარქიას და სამრევლოს ჰქონდეს წვდომა წყაროზე –ახალგაზრდული მისიონერული ბაზის მონაცემთა ბიბლიოთეკაზე.

თითოეულ თქვენგანს ბევრი განსაკუთრებული ნიჭი აქვს. გავიხსენოთ ყველა ჩვენგანისთვის ცნობილი სახარებისეული იგავი ტალანტების შესახებ, თუ როგორ დაურიგა ბატონმა ტალანტები თავის მონებს და დროებით დატოვა ისინი, ხოლო დაბრუნებისას უხმო მათ და ანგარიში მოსთხოვა – ვინ როგორ განკარგა მისთვის რწმუნებული ტალანტი, და რისხვით წაართვა ის მას, ვინც უბრალოდ დამარხა და არ გაამრავლა ბატონისგან მიცემული ტალანტი.

ყველა ჩვენგანს, ვინც აქ შევიკრიბეთ სრულიად საზღვარგარეთის ახალგაზრდულ ყრილობაზე, გვაკისრია ვალდებულება, გავამრავლოთ ის ტალანტები/ნიჭები, რომელიც ღმერთმა მოგვცა. ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა ასევე დავეხმაროთ ერთმანეთს საკუთარი ნიჭის გამრავლებაში. სიხარულით გაცნობებთ, რომ ამ კვირის განმავლობაში თქვენ შეხვდებით თანატოლებს შორეული ავსტრალიიდან, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან, კანადადან, ამერიკის სხვადასხვა შტატებიდან, მათ შორის ჰავაის კუნძულებიდან“.

შემდეგ შეკრებილებს მიმართა ეპისკოპოსმა ირინეოსმა. მისი სიტყვა მიეძღვნა ისტორიული სამშობლოს გარეთ ცხოვრების პირობებში იდენტობისა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას.

26 ივნისს ყრილობის ფარგლებში მოხსენებებით გამოვიდნენ შტუტგარტის ეპისკოპოსი იობი, შტუტგარტის წმინდა ნიკოლოზ მირონ-ლუკიელის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი ილია ლიმბერგერი და აღმოსავლეთ ამერიკის ეპარქიის კლირიკოსი დიაკონი პატრიკ ჰაინდსი.

შემდეგ ახალგაზრდები ჯგუფებად დაიყვნენ და მასპინძელი ეპარქიიდან დამრიგებლების ხელმძღვანელობით შეუდგნენ პროექტების შემუშავებას, რომლებიც შემდგომში განხორციელდება სამრევლოებსა და ახალგაზრდულ განყოფილებებში.

საღამოს ვიდეო-კავშირის საშუალებით ყრილობის მონაწილეებს შეხვდა აღმოსავლეთ ამერიკისა და ნიუ-იორკის მიტროპოლიტი ნიკოლოზი.

რუსეთის საზღვარგარეთის ეკლესიის პირველიერარქმა ახალგაზრდებს ღვთის კურთხევა გადასცა შემდგომი მუშაობისთვის.

მართლმადიდებელი ახალგაზრდობის XIV სრულიად დიასპორული ყრილობა 1 ივლისამდე გაგრძელდება.

mospat.ru https://mospat.ru/ge/news/91938/

Διαδώστε: