06 Ιουνίου, 2019

გამომცემლობა „პალიტრა L“-მა „ლოცვანის“ მეორე ტირაჟი გამოუშვა

Διαδώστε:

„პალიტრა L-ის“ მიერ გამოცემული მაღალხარისხიანი, სპეციალურ ტყავის დამცავ ჩანთაში ჩასმული „ლოცვანის“ მეორე ტირაჟი 3 ივნისს, ამაღლების კვირაში გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გამოვიდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „პალიტრა L”-დან აცნობეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მომზადებული „ლოცვანის“ 1-ლი ტირაჟი 29 აპრილს, გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად გავიდა ქსელში და სრული ტირაჟით გაიყიდა.

4 ივნისს ჟურნალ „კარიბჭის“ სარედაქციო ჯგუფი, რომლის მიერაც მომზადდა „ლოცვანის “ ეს გამოცემა და “პალიტრა L”-ის წარმომადგენლები პატრიარქს შეხვდნენ და საჩუქრად წიგნებიც გადასცეს.

3-დან 9 ივნისის ჩათვლით „ლოცვანის“ შეძენა პირველი ტირაჟის გამოცემის მსგავსად, „კვირის პალიტრის“ მკითხველებს, სპეციალურ ფასად, 13 ლარად შეუძლიათ.

“პალიტრა L”-ისა და ჟურნალ კარიბჭის თანამშრომლების პატრიარქთან სტუმრობის მიზეზი იყო აგრეთვე მეორე უდიდესი პროექტი – წიგნების სერია „ბიბლიის მუხლობრივი განმარტებები“, რომელიც ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით მზადდება კარიბჭის სარედაქციო ჯგუფის მიერ და რომლის გამოცემაც შემოდგომაზე დაიწყება.

ჟურნალ „კარიბჭის“ მთავარმა რედაქტორმა და „ბიბლიის განმარტებების“ პროექტის ავტორმა თამარ მამაცაშვილმა პატრიარქთან შეხვედრისას წარადგინა ახალი პროექტი და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, გამოსაცემად უკვე გამზადებულია „ბიბლიის განმარტებების“ პირველი წიგნები. პროექტზე მუშაობს საკმაოდ გამოცდილი და კვალიფიციური ადამიანების ჯგუფი. ამ ჯგუფში ჩართულნი არიან სასულიერო პირებიც, ბერ-მონაზვნებიც.

შეხვედრას ესწრებოდა სასულიერო სემინარიის ბიბლეისტიკის კათედრის წარმომადგენელი, დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი, რომელიც გაეცნო პირველი წიგნს, დადებითად შეაფასა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი და პატრიარქსაც მოახსენა ამის შესახებ. პატრიარქმა კი „ბიბლიის განმარტებების“ პროექტს „შესანიშნავი“ უწოდა.

„ბიბლიის პირველი ხუთი წიგნის ავტორი მოსე წინასწარმეტყველი გახლავთ. „ბიბლიის განმარტებების“ სერიის პირველ ტომში მკითხველი „დაბადებისა“ და „გამოსვლის“ განმარტებებს გაეცნობა. წიგნი „დაბადება“ მოგვითხრობს სამყაროს შექმნის ისტორიას. „გამოსვლაში“ კი მოთხრობილია, როგორ გამოიყვანა ებრაელი ერი ეგვიპტის მონობიდან მოსე წინასწარმეტყველმა უფლის შემწეობით.

როცა ბიბლიას და მის განმარტებებს კითხულობ, საკუთარი თვალით, გონებითა და გულით რწმუნდები, რომ ეს არ არის წიგნი წარსულზე, ოდესღაც მომხდარ ამბებზე – ბიბლია მარადიული წიგნია, მასში ყოველი ადამიანი ყველა კითხვაზე ნახავს პასუხს. ოღონდ გადავშალოთ და გული დავუდოთ, წმინდა მამათა განმარტებები კი მის გაგებაში უთუოდ დაგვეხმარება. ვიმედოვნებ, რომ „ბიბლიის განმარტებების“ პროექტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოცემა იქნება და ათასობით ადამიანის სამაგიდო სერია გახდება“ – აღნიშნა პროექტის ავტორმა თამარ მამაცაშვილმა.

IPN

Διαδώστε: