გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის განცხადება ჟურნალისტთა გაერთიანება ‘აი, ფაქტის’ სტატიასთან დაკავშირებით
გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, ეხმაურება გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”-ს მიერ 2024 წლის 13 აგვისტოს გამოქვეყნებულ სტატიას, სახელწოდებით – „როგორ იქცა გელათის რესტავრაცია “შეუსრულებელ მისიად”.
კომიტეტი საჭიროდ მიიჩნევს პასუხი გასცეს აღნიშნული სტატიის მხოლოდ არსებით, პროფესიულ ნაწილს, რომელიც გელათის კედლის მხატვრობას ეხება და არ აპირებს შევიდეს სუბიექტური ვარაუდებისა თუ ცალკეული ჟურნალისტების კერძო მოსაზრებების განხილვაში.
კედლის მხატვრობის კონსერვაციის მიმართულებით სტატიაში წამოჭრილია შემდეგი საკითხები:
1. გამჭვირვალობა;
2. კედლის მხატვრობის კონსერვაციის დეტალური გეგმა;
3. ლიზა შეკედე და სტივენ რიკერბი და მათი სამუშაო მიდგომები;
4. ფიზიკური ჩარევების განხორციელება – განუხორციელებლობა.
საზოგადოებისათვის სრული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ზემოთ მოყვანილ საკითხებზე პუნქტობრივ პასუხებს წარმოგიდგენთ.
გამჭვირვალობის თემაზე, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციასთან დაკავშირებით, სტატიაში ვკითხულობთ:
ციტატა სტატიიდან: „არაა ბოლომდე გამჭვირვალე, რა მდგომარეობაშია შუა საუკუნეების მხატვრობა ახლა, კონკრეტულად რას აკეთებენ ან აპირებენ ბრიტანელი სპეციალისტები მის გადასარჩენად და რამდენად წარმატებული იქნება მათი მცდელობა.“
კომიტეტის პასუხი:
კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამის საერთაშორისო ხელმძღვანელების მიერ წარმართული სამუშაოების ანგარიშები (რომელშიც წარმოდგენილია სამუშაოთა ეტაპები და საკონსერვაციო პროცესების დეტალური მეთოდოლოგიური განმარტებები) დასრულებისთანავე იტვირთება გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის ვებ-გვერდზე.
სამუშაოები და ანგარიშები მოიცავს:
-კედლის მხატვრობისა და მათი დამაზიანებელი ფაქტორების, მათ შორის მარილის კვლევებს.
-კედლის მხატვრობისა და მარილების მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს.
-კედლის მხატვრობის ფიზიკური სამუშაოების მეთოდოლოგიის განვითარებასა და კრიტიკული ადგილების სტაბილიზაციას.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის მიერ, სამუშაოების საწყის ეტაპზევე შეიქმნა ვებ-გვერდი, რომელზეც პერმანენტულად იტვირთება ძეგლზე ჩატარებული სამუშაოების ანგარიშები თუ სხვა სახის დოკუმენტაცია. საჯაროობის პრინციპების გათვალისწინებით, ამგვარი ვებგვერდის შექმნის პრეცედენტი ქართული კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაცია-რეაბილიტაციის არცერთ სხვა პროცესში არ ყოფილა დანერგილი, რაც ცხადყოფს კომიტეტის დამოკიდებულობას საზოგადოების ინფორმირებულობისადმი გელათში მიმდინარე პროცესებზე.
აღნიშნული პრაქტიკის დაფუძნება მსოფლიო მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის კონსერვაციის სფეროში გამჭვირვალობისა და ცოდნა/გამოცდილების გაზიარების სამაგალითო პრეცედენტია, რასაც კომიტეტის არა მხოლოდ ქართველი, არამედ საერთაშორისო ექსპერტებიც აღნიშნავენ.
შესაბამისად, სტატიაში მოცემული ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ გელათში კედლის მხატვრობის ამჟამინდელი მდგომარეობა და ბრიტანელი ექსპერტების მიერ განხორციელებული თუ დაგეგმილი სამუშაოები ცნობილი არ არის სიცრუეს წარმოადგენს.
ზემოხსენებული სტატიის ავტორებს მოვუწოდებთ, მსგავსი ინფორმაციების გავრცელებამდე, გაეცნონ გელათის რეაბილიტაციის ვებგვერდზე, კედლის მხატვრობის განყოფილებაში გამოქვეყნებულ ანგარიშებს, სადაც დეტალურად არის მოცემული ინფორმაცია კედლის მხატვრობის მდგომარეობასა და მიმდინარე სამუშაოებზე.
უნდა აღინიშნოს, რომ საკონსერვაციო სამუშაოების ასეთი დეტალური დოკუმენტების საჯაროდ გამოქვეყნება შეიცავს გარკვეულ რისკებს, ვინაიდან, მასში განხილულია კვლევის თანამედროვე და ქართული საკონსერვაციო სივრცისთვის ზოგიერთი ინოვაციური მეთოდი და მასალა, რომელიც არასათანადო ცოდნის შემთხვევაში შესაძლოა არაკეთილსინდისიერად და არაკვალიფიციურად იქნას გამოყენებული და ინტერპრეტირებული. მიუხედავად ამ რისკისა, კომიტეტის გადაწყვეტილებით ანგარიშები სრულად იტვირთება ვებ-გვერდზე. ასეთი მიდგომა ემსახურება პროექტის მაქსიმალურ გამჭვირვალობასა და საჯაროობას, რაც ასევე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებითაც არის განპირობებული.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს კედლის მხატვრობის კონსერვაციის 5 წლიანი გეგმა იუნესკოს რეკომენდაციების თანახმად შეიქმნა. საკონსერვაციო პროგრამა/გეგმა მუდმივ განახლებად დოკუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული დოკუმენტი სხვა ანგარიშებთან ერთად არაერთხელ გაეგზავნა იუნესკოს.
საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე, კედლის მხატვრობის კონსერვაციის 5 წლიანი პროგრამიდან გიზიარებთ 2023-2024 წლის ჩათლით უკვე განხორციელებულ, პროცესში მყოფ და განსახორციელებელ სამუშაოებს. 2025 წლიდან 2027 წლის ჩათვლით გაწერილი სამუშაოები, რომელიც ახლად გამოვლენილი გარემოებებიდან გამომდინარე, მუდმივ განახლების პროცესშია, რჩება შიდა დოკუმენტად, რომელიც მხოლოდ შესაბამის უწყებებს უზიარდებათ (სახელმწიფო, იუნესკო, მრჩეველი ორგანოები).
კედლის მხატვრობის პროგრამა (2023-2024)
ფიზიკური ჩარევები – სტატიაში ნახსენებია, რომ 2022 წელს კედლის მხატვრობის კონსერვატორთა იტალიურ-ქართული ჯგუფის წასვლის შემდგომ (სეკო სუარდოს ხელმძღვანელობით) 2024 წლის მარტამდე გელათის დროებითი რეაბილიტაციის კომიტეტის მხრიდან კედლის მხატვრობის არცერთ მონაკვეთზე ფიზიკური ჩარევები არ განხორციელებულა, ხოლო, ამ დრომდე ხელუხლებელი რჩება ღვთისმშობლის შობის ტაძრის მთავარი სივრცის დასავლეთი მკლავის ზედა სცენები:
ციტატა სტატიიდან: „მათი წასვლიდან ამ წლის გაზაფხულამდე მხატვრობას მხოლოდ აკვირდებოდნენ, იკვლევდნენ და მის გასამაგრებლად სამუშაოები არ მიმდინარეობდა. არადა, ინტერვიუს დროს იტალიელებმაც გვითხრეს და ამ აზრს ქართველი სპეციალისტებიც იზიარებენ, რომ ამ განვლილ პერიოდში გელათის მხატვრობას სჭირდებოდა აქტიური ზრუნვა და არამხოლოდ დაკვირვება.“
ციტატა სტატიიდან: „ხელოვნებათმცოდნე მზია ჯანჯალიაც ღელავს იმ ფაქტზე, რომ ბრიტანელები სუარდოს ნამუშევარზე ხელის ხლებას არ აპირებენ. მისი აზრით, ეს მხატვრობის ამ მონაკვეთების დაღუპვას ნიშნავს, რაც გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის პასუხისმგებლობა იქნება.
ციტატა სტატიიდან: “ყველაზე მარტივი გამოსავალია, რომ თქვა ხელს არ ვახლებო და ყველაზე ცუდი გელათისთვის და ჩვენთვის. ამ შემთხვევაში, არის რეალური რისკი, რომ იქნება დანაკარგი და მხარეები ერთმანეთს დააბრალებენ… აქ არის კომიტეტის პასუხისმგებლობა, იმ რგოლის, რომელიც პროექტს მართავს. თუ რაც ჩამოსაცვენია უნდა ჩამოცვივდეს, მაშინ რად გვინდა ამხელა ჩართულობა? შეიძლება, ახალმა ჯგუფმა არ ჩათვალოს მიზანშეწონილად, რომ ხელი ახლოს სხვების ნამუშევარს. თუმცა, ქართული მხარის ვალდებულებაა, რომ დეტალური დასაბუთება მოითხოვოს და იფიქროს გამოსავალზე. ამისთვის, მინიმუმ, არსებობს საერთაშორისო საბჭო.”
კომიტეტის პასუხი:
მიზეზები თუ რატომ არ მოხდა კედლის მხატვრობის ფიზიკური ჩარევების განხორციელება გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ჩართვიდან (2023 წლის აპრილი-მარტიდან) მყისიერად:
2023 წლის აპრილამდე:
არ არსებობდა სათანადო ცოდნა/შესწავლა გელათის კედლის მხატვრობის ორიგინალი ტექნოლოგიის.
არ იყო შესწავლილი და დოკუმენტირებული კედლის მხატვრობის მდგომარეობა და დამაზიანებელი ფაქტორები (განსაკუთრებით მარილები), მეტიც დაზიანებები დამაზიანებელ ფაქტორებთან ერთად ფართო კონტექსტში არ იყო გააზრებული.
2023 წლის აპრილამდე განხორციელებული ფიზიკური ჩარევები, განსაკუთრებით, ღვთისმშობლის შობის ტაძრის ზედა რეგისტრებზე, არაეფექტური იყო, ხოლო რიგ შემთხვევაში, განსაკუთრებით დასავლეთ მკლავში მეტად დამაზიანებელიც აღმოჩნდა.
არ იყო გააზრებული ფიზიკური ჩარევების წარუმატებლობის მიზეზები.
წინარე ისტორია:
2023 წლის აპრილამდე გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დეტალური მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტაცია/კვლევა, კერძოდ, დაზიანებათა გრაფიკული და დეტალური ფოტო დოკუმენტაცია არ არსებობდა. არ იყო გამოვლენილი ყველა კრიტიკული არე, რომელიც ჩამოვარდნის რისკს შეიცავდა. აქცენტი კეთდებოდა მხოლოდ დასავლეთი მკლავის კამარის დონეზე, სადაც წყლის ინფილტრაცია 2020 წლის ზაფხულამდე მიმდინარე იყო, ხოლო კედლები 2021-22 წლებში ბოლომდე გამომშრალი არ იყო, თუმცა გადაუდებელი და გრძელვადიანი ჩარევები მაინც განხორციელდა.
წინა საკონსერვაციო ჩარევები:
როგორც ცნობილია, გელათის სამონასტრო კომპლექსში, განსაკუთრებით ღვთისმშობლის შობის კათედრალის ყველა სივრცეში და წმ გიორგის სახელობის ტაძარში, არაერთხელ განხორციელდა საკონსერვაციო ჩარევა (ადრეული, მე-20 საუკუნეში და თანამედროვე, 21-ე საუკუნეში). მიმდინარე კვლევის ფარგლებში აღნიშნული ინფორმაციის სისტემატიზაცია და ამ სისტემატიზებული ინფორმაციის, ძეგლის ფიზიკური ისტორიის კონტექსტში გაანალიზება, კედლის მხატვრობის კონსერვატორთა ჯგუფის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს, რათა გელათის მოხატულობათა კონსერვაცია – მკურნალობა/გაჯანმრთელება საერთაშორისოდ დადგენილი სტანდარტის შესაბამისად განხორციელდეს.
2024 წლის ზაფხულის ჩათვლით განხორციელებული კვლევა-მონიტორინგი თვალნათლივ აღწერს, რომ დაზიანების პროცესი, მიუხედავად წინა პერიოდის საკონსერვაციო ჩარევებისა, მიმდინარეა, მეტიც, ხშირ შემთხვევაში უფრო დაზიანებულიც.
აქამდე გამოყენებული საკონსერვაციო მასალები ისეთი შემცველობისა და ფიზიკური მახასიათებლების იყო, რომ გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის იმ კონკრეტულ დაზიანებებზე მდგომარეობის გრძელვადიანი სტაბილიზაციის მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა (განსაკუთრებით მარილის შემცველ ტენიან სუბსტრატზე აკრილისა ბაზისა და წყლის კარიერის მქონე კონსოლიდანტების გამოყენებით; მოცულობის არ მქონე, მაღალი სიმკვრივის საინექციო ხნარებისა და დიდი რაოდენობით წყლის შემცველი შესაკეთებელი მასალის გამოყენებით).
ამჟამინდელი მიდგომა:
2023-2024 წლებში განხორციელებულმა კვლევებმა (მარილების, მდგომარეობისა და ტექნოლოგიის შესწავლამ), 2024 წლის მარტში, კონსერვაციის ჯგუფს საშუალება მისცა დაწყებულიყო კედლის მხატვრობის ფიზიკური სამუშაოებისთვის თავსებადი, სტაბილური, შექცევადი და/ან ხელახლა ჩარევადი მასალების საველე ლაბორატორიაში დატესტვისა და ძეგლზე კრიტიკული ადგილების გამაგრების.
აღსანიშნავია, რომ ძეგლზე კედლის მხატვრობის დაზიანების პროცესი და დანაკარგები (რაც სამონიტორინგ ანგარიშებიდანაც ჩანს, ანუ იმ ზიანისა თუ დამაზიანებელი ფაქტორების გათვალისწინებით, რომელიც გელათის სამონასტრო კომპლექს საუკუნეების განმავლობაში მიადგა, მათ შორის 21-ე საუკუნეში) შეუძლებელია შეჩერდეს. ჩვენი დღევანდელი ამოცანა, ამ ზიანის მაქსიმალური შემცირება და მინიმალური ჩარევით უსაფრთხო და სტაბილური პირობების შექმნაა, რომელიც არა მხოლოდ ფიზიკურ გამაგრებებს, არამედ პასიურ და პრევენციულ ღონისძიებებსაც მოიცავს.
მაშასადამე, გელათის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროგრამა ითვალისწინებს: პრევენციულ, პასიურ და პირდაპირ ჩარევებს, რომელიც, მხოლოდ, უსაფრთხო, თავსებადი და სტაბილური მეთოდოლოგიის (მასალებისა და მეთოდის) შემუშავების შემდეგ ხორციელდება. 2024 წლის მარტისა და აგვისტოს მისიების ანგარიშებში, დეტალურად, ნათლად და ამომწურავად არის ახსნილი ის პრინციპები და მიდგომები, რომლითაც ამჟამად ჯგუფი ხელმძღვანელობს.
სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედეს სამუშაო მიდგომები:
სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე კედლის მხატვრობის კონსერვაციის დარგში ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო დონის სპეციალისტები არიან. მათი ექსპერტიზის სფერო მოიცავს სამუშაოთა ფართო სპექტრს: კედლის მხატვრობის სახელოვნებათმცოდნეო და ისტორიულ კვლევას; მდგომარეობისა და ტექნოლოგიის შესწავლას; დაზიანების გამომწვევი პრობლემების დიაგნოსტიკას; გარემო პირობების მონიტორინგსა და შეფასებას; ორიგინალი ნალესობისა და ფერწერის მასალის ანალიტიკურ კვლევას.
მათი მოღვაწეობის უმნიშვნელოვანესი ასპექტი და განუყოფელი ნაწილია პრაქტიკული კონსერვაცია, რომელიც ძეგლზე კედლის მხატვრობის საკონსერვაციო – ფიზიკური ჩარევების ვრცელ ჩამონათვალს მოიცავს. ისინი პროექტებში არა მხოლოდ სამეცნიერო კვლევით კომპონენტს უძღვებიან, არამედ, კედლის მხატვრობის კონსერვაციისთვის ქმნიან და ავითარებენ საკონსერვაციო მასალებს, თავსებადობის პრინციპის გათვალისწინებით.
აღსანიშნავია, რომ სტივენ რიკერბიმ და ლიზა შეკედემ ფასდაუდებელი ღვაწლი გაწიეს კედლის მხატვრობის დარგის განვითარებაში, მეტიც, მათ დიდი როლი ითამაშეს მსოფლიოს წამყვანი საკონსერვაციო ინსტიტუციების კედლის მხატვრობის კონსერვაციის მიმართულების ფორმირებაში. ამის ნათელი მაგალითია გეტის კონსერვაციის ინსტიტუტისა და კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის მრავალწლიანი საერთაშორისო კედლის მხატვრობის პროექტები, რომელთა განხორციელებაც მოხდა მათი ხელმძღვანელობითა და მუდმივი საკონსულტაციო საქმიანობით.
გეტის კონსერვაციის ინსტიტუტისა და კურტოს ხელოვნების ინსტიტუტის გარდა ისინი დღემდე აგრძელებენ აქტიურ თანამშრომლობას ისეთ მნიშვნელოვან ინსტიტუციებთან როგორიცაა the National Trust, English Heritage, the Churches Building Council, and the Courtauld Institute of art. მათ მჭიდრო თანამშრომლობა აქვთ World Monuments Fund და the Ethiopian Heritage Fund.
მათი საპროექტო გამოცდილება ევროპის, შუა აზიის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებს მოიცავს. მათი კონსულტაციებითა და ხელმძღვანელობით შესრულებული პროექტები მოიცავს ნეფერტარის და ტუტანჰამონის აკლდამების კედლის მხატვრობის კონსერვაციას ეგვიპტეში; ეთიოპიის ტიგრას რეგიონის ქრისტიანული ეკლესიების კედლის მხატვრობის სამეცნიერო კვლევასა და საკონსერვაციო ჩარევებს; ბუტანის, კვიპროსისა და მალტის უმნიშვნელოვანესი ტაძრების კედლის მხატვრობათა ტექნიკურ კვლევებსა და კონსერვაციას; ასევე ჩინეთის მოგაოს ქვაბულების კედლის მხატვრობის საკონსერვაციო მრავალწლიან პროექტებს. აღსანიშნავია, რომ მათ მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვთ ქართულ ძეგლებზე მუშაობისა, ამის მაგალითია 2010-იან წლებში განხორციელებული ვარძიის ღვთისმშობლის შობის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროექტი. ამას გარდა, 2019 წელს, ისინი მოკლე ვიზიტით ჩაერთვნენ დოდორქის სამონასტრო კომპლექსში, 2015 წელს აღმოჩენილ დიმიტრი თესალონიკელის სახელობის ეკლესიის კედლის მხატვრობის პროექტში.
სტატიაში აღნიშნულია, რომ 2019 წელს სტივენ რიკერბიმ და ლიზა შეკედემ, დოდორქის მონასტერში, მათი მოკლე საკონსერვაციო/საკონსულტაციო ვიზიტის დროს, მხატვრობის გასამაგრებლად, გამოიყენეს აკრილზე დაფუძნებული კონსოლიდანტი. სამწუხაროა, რომ აღნიშნული ინფორმაციაც სრული სიცრუეა.
ციტატა: „კრიტიკას მერაბ ბუჩუკური ასე პასუხობს: “ადამიანი რომ იტყვის, პოლიმერების გამოყენება არ შეიძლებაო, კითხეთ – აბა, რისი შეიძლება-თქო? ეს არის საკონსერვაციო სამუშაოებში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული მასალა, რომელსაც მსოფლიოში ყველგან იყენებენ. ოღონდ, რესტავრატორი უნდა მიხვდეს, სად რამდენ პროცენტიანი ხსნარი გამოიყენოს… საპატრიარქოში ერთ-ერთ შეხვედრაზე მამა კირიონმა თქვა, ამას ვინღა იყენებსო? 2019 წელს გარეჯში, “დოდოს რქის” მონასტერში [დიმიტრი თესალონიკელის სახელობის XIII საუკუნის კედლის მოხატულობის კონსერვაციისას] იგივე მასალით იმუშავეს ინგლისელებმა [საპატრიარქოს მოწვეულმა], რაზეც არ ვედავები. ოღონდ, არაპროფესიონალურად, მაღალპროცენტულობით ჰქონდათ გამოყენებული”.
სტივენ რიკერბისა და ლიზა შეკედეს მიერ გარეჯში გამოყენებული მასალები და მეთოდები არ გულისხმობდა სინთეტური პოლიმერების გამოყენებას, ვინაიდან, მიიჩნიეს, რომ ამ მასალის თავსებადობა ორიგინალ ტექნოლოგიასთან არასათანადო და დამაზიანებელი იქნებოდა, კერძოდ: დიმიტრი თესალონიკელის ეკლესია შელესილია გაჯით (თაბაშირ-თიხური მინერალი), რომლის ფორიანობა, წყლის ორთქლის გამტარიანობა და ტენის მიმართ მგრძნობიარობა მაღალია.
შესაბამისად, სტატაიში გაკეთებული კომენტარი – მაღალი პროცენტულობის გამო დაწუნება, არათუ მხოლოდ სიცრუე, არამედ პროფესიულადაც გაუმართლებელია, ვინაიდან გაფხვიერებული გაჯის ნალესობის კონსოლიდაცია, აკრილზე დაფუძნებული მასალით გაუმართლებელია.
აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ აკრილზე დაფუძნებული მასალების გამოყენება (არა ყველა მწარმოებლის) შესაძლებელია, თუმცა, მარილით გაჯერებულ სუბსტრატზე და მაღალი ტენიანობის მქონე ძეგლებზე აბკის წარმომქმნელი მასალების გამოყენება მაქსიმალურად უნდა იყოს თავიდან აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი.
საკონსერვაციო პრინციპებია: თავსებადი, ორიგინალის მსგავსი მახასიათებლების მქონე მასალების გამოყენება და ძეგლზე მინიმალური, მხოლოდ აუცილებელი ჩარევა. ამჟამად, გელათში მომუშავე ჯგუფი ამ პრინციპებს მიჰყვება.
წყარო: gelatirehabilitation.ge/ka/news/view/47
H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.
Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.