26 Σεπτεμβρίου, 2020

გილოცავთ ქეთევანობას!

Διαδώστε:

26 სექტემბერს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ქეთევან დედოფლის ხსენებას აღნიშნავს.

ტროპარი: მოწყლულმან სურვილითა საღმრთოჲთა, წყლულებანი მრავალი თავს ისხენ და ტანჯვათა ფერადობანი ახოვნად დაითმინენ, ვინაცა წარმავალისა დედოფლობისა წილ სუფევაჲ ზეცისა დაიმკვიდრე, სამგზის სანატრელო ქეთევან, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი: ითვისებს თვისსა და შეიტკბობს მისთვის მოწყლულსა ზეცათა დედოფალი ქვეყნიერსა დედოფალსა ასული დავითისი ყოვლად უხრწნელი მარიამ, სანატრელსა ქეთევანს, დავითის ტომით აღმოსრულსა, რომელმან საქმით აჩვენა თვისება მისი და აწ გვირგვინითა შემკული, წინაშე მისსა იღწვის ჩუენ ყოველთათვის.

ქეთევან დედოფალი აშოთან მუხრან-ბატონის უკეთილშობილესი, ულამაზესი და უჭკვიანესი ასული იყო, რომელიც ცოლად მიათხოვეს კახეთის მეფის ალექსანდრე პირველის უფროს ვაჟს, დავითს.

შაჰ-აბასმა დედოფალს შეუთვალა, რომ თუ ქრისტიანობას განუდგებოდა, შეიწყნარებდა, თუ არა და, აწამებდნენ და მოკლავდნენ. ქეთევანმა ქრისტიანობა არ დათმო.

შაჰ-აბასის ბრძანებით ქეთევან დედოფალი 1624 წლის 26 სექტემბერს სასტიკად აწამეს: თავზე გახურებული რვალის ქვაბი დაამხვეს, მარწუხებით მკერდი დააგლიჯეს, მკერდიდან ზურგში გავარვარებული შამფურები გაუყარეს, ფრჩხილები დააძრეს, ხორცი, ლურსმნიან ფიცარზე დააგდეს, ბოლოს გახურებული ბარით შუბლი გაუპეს.

წამების მხილველმა ფრანგებმა დედოფლის ნაწილები დიდი პატივით წაასვენეს, საკმევლით და მურით გაჟღენთილ ქსოვილში გაახვიეს და კათოლიკურ მონასტერში დაასვენეს.

ამჟამად საქართველოში წმ. დედოფლის მხოლოდ მარჯვენა ხელის, ნეკნის ნაწილი და საფლავის ქვა ინახება.

ქეთევან დედოფლის ხსენების დღეა 26 სექტემბერი – მისი აღსასრულის დღე.


ambioni.ge

Διαδώστε: