02 Μαΐου, 2019

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებმა პატრიარქთან შეხვედრაზე გამოთქვეს ძალიან დიდი წუხილი იმ ინციდენტის გამო, რაც მოხდა

Διαδώστε:

პანკისის ხეობის მოსახლეობის წარმომადგენლებმა პატრიარქთან შეხვედრაზე გამოთქვეს ძალიან დიდი წუხილი იმ ინციდენტის გამო, რაც მოხდა, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ილია მეორესა და პანკისის ხეობის მცხოვრებლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პანკისის ხეობის წარმომადგენლებმა ამას დაარქვეს ძმათა შორის მომხდარი გაუგებრობა, რომელსაც სიყვარულით უნდა მოვერიოთ. რაღაც შორს მიმავალი წინააღმდეგობები არ უნდა დავინახოთ, არამედ უნდა ვეცადოთ, რომ ეს გადავლახოთ. მათი მხრიდან მკაფიოდ იყო ნათქვამი, რომ ეს იყო გადაცდომა, შეცდომა, სამართალდამცავების წინააღმდეგ ასეთი ფორმით წინააღმდეგობის გაწევა, თუმცა ისიც აღინიშნა ორივე მხრიდან, რომ ადამიანების შეუმზადებლად მსგავსი პროექტების დაწყებისას ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ, რომ შესაძლოა დაპირისპირების მცდელობაში, ხალხის უკმაყოფილებაში გადაიზარდოს.

ამიტომ არის იმედი იმის, რომ საბოლოო ჯამში ჩვენი ხალხების ტრადიციული მეგობრობის ეს განწყობები და დიდი გამოცდილება ამ იარას მოაშუშებს. მათ წუხილი გამოთქვეს, რომ სამართალდამცავების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გამო აღძრულია სისხლია სამართლის საქმე და მიაჩნიათ, რომ როგორღაც ეს უნდა დამშვიდდეს და არ უნდა მიეცეს განვითარება ასეთი მიმართულებით. თუმცა, ეს მაინც სამართალდამცავების საქმეა. როდესაც გამოთქვეს მკაფიო სინანული, რომ ასეთი რამ მოხდა და აქამდე მივიდა საქმე, მისმა უწმინდესობამ უთხრა, რომ შეუძლიათ, ეს ხმამაღლა თქვან. ეს ძალიან პოზიტიური იქნება იმისთვის, რომ საერთო ჯამში, სიტუაცია ნორმალურ ჩარჩოებში ჩაჯდეს“, – განაცხადა დღეს საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

1tv.ge

Διαδώστε: