08 Απριλίου, 2019

დეკანოზი იოანე გორელიშვილი – ხელვაჩაურის სამარხში აღმოჩენილ ნეშტებთან დაკავშირებით რელიგიური რიტუალი არ ჩატარდება, რადგან შეუძლებელია მათი აღმსარებლობის დადგენა

Διαδώστε:

ხელვაჩაურში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა სამარხი დაახლოებით ორი წლის წინ აღმოაჩინეს,- ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესპიკერმა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ნეშტები ბათუმში, ღვისმშობლის შობის საკათედრო ტაძარის სარდაფშია დასვენებული. დეკანოზი აცხადებს, რომ პირველადი დათვალიერების შედეგად ირკვევა, რომ რეპრესირებულთა შორის სამი მართლმადიდებელი სასულიერო პირია.

„თითქმის 2 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობასთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, თუ რა პროცედურები უნდა ჩატარებოდა ნეშტებს. მათი ექსპერტიზა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, დაახლოებით 150 ადამიანის ნეშტია, რომლებიც სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლები არიან: მართლმადიდებელი, კათოლიკე, მუსლიმები და ებრაელები. არანაირი რელიგიური რიტუალი არ ჩატარდება მათი დაკრძალვის დროს, რადგან შეუძლებელია გაარკვიო, რომელი ადამიანი რომელი რელიგიის მიმდევარია. ამიტომ შეუძლია ყველა სასულიერო პირს და მოქალაქეს, დაკრძალვას დაესწროს. რაც შეეხება ფაქტის გახმაურებას, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რეპრესირებული ადამიანები იყვნენ დაკრძალული. 21 აპრილს რეპრესირებულთა ნეშტებს იმავე ტერიტორიაზე პატივით დავკრძალავთ”,- განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა

(IPN)

Διαδώστε: