ერკეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია დედა მარიამი (ფოჩხუა):
-მონასტერში დაბრძანებულია უძველესი დაახლოებით XVIII საუკუნის მთავარანგელოზის ხატი, რომელიც კანკელის ხატი იყო. იკარგებოდა ხოლმე პერიოდულად და მერე ღვთის მადლით ისევ ბრუნდებოდა მონასტერში. სოფლის ერთ-ერთმა მკვიდრმა შუბით გააპო მთავარანგელოზის ხატი, თან უთქვამს რა უნდა დამემართოსო. მის ოჯახში მერე დიდი ტრაგედია მოხდა. უფალმა ამქვეყნიდან ახალგაზრდა ოჯახის წევრი გაიყვანა. გამოჩნდა ადამიანი რომელმაც ამ ხატს რესტავრაცია გაუკეთა. ბატონ ავთოს ჰქონდა გამოცხადება მთავარანგელოზის, რომ ის უნდა ამოსულიყო მონატერში. როცა შეხედა ამ ხატს შეიცნო, მთავარანგელოზ მიქაელის ხატი. ამის შემდეგ სურვილი გაუჩნდა ხატისთვის რესტავრაცია გაეკეთებინა. ორი წლის რესტავრაციის შემდეგ, ხატი კვლავ დაბრუნდა მონასტერს.
მონასტრის ძირითადი მფარველი მთავარანგელოზ მიქაელის ხატია. მონასტრის სიწმინდეებიდან გამოვყოფ ასევე უძველეს სახარებას. როდესაც კომუნისტების დროს ანადგურებდნენ რელიგიურ ლიტერატურას, ანგრევდნენ ტაძრებს აქ მოღვაწე ბოლო მღვდელმა თურმე ცეცხლწაკიდებული სახარება ჩადო წყალში, შემდეგ გააშრო და სათუთად ინახავდა ოჯახში. შვილებს დაუბარა სახარება მაშინ გამოეჩინა როცა არ იქნებოდა დევნა, ნგრევა. ასე სასწაულებრივად გადარჩენილი სახარება ჩვენი მონასტრის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა. სასწაულია, მიუხედავად ქარიშხლისა, წყლისა და ათასი განსაცდელისა, სახარებას ერთი გვერდიც არ აკლია. გვაქვს უძველესი ვაზის კარი, რომელიც მოცულობით ძალიან დიდია და საუკუნეების განმავლობაში ამშვენებდა ჩვენს მონასტერს.
ჩვენს მონასტერს, მთავარანგელოზთა ტაძარს უნიკალური მდებარეობა აქვს. როცა მტერი შემოდიოდა, პირველ ცეცხლს გონიოს ციხეზე ანთებდნენ, რომელიც ჩანდა ჯუმათის მამათა მონასტერიდან. იქიდან ანთებული ცეცხლის კვამლით აგებინებდნენ მოსალოდნელ საფრთხეს ერკეთის მონასტერს. ჩვენს მონასტრში მობრძანდა სამოცამდე წმინდა ნაწილები. მათ შორის ხუთი დიდმოწამის-წმინდა გიორგის, წმინდა დიდმოწამე მინასი, წმინდა ქალწულმოწამე ბარბარესი, ქალწულმოწამე მარინესი და წმინდა მკურნალი პანტელეიმონის წმინდა ნაწილები. ოცდახუთამდე წმინდა მამის წმინდა ნაწილებია ჩამობრძანებული კიევ-პეჩორის ლავრიდან, ასევე არის სიწმინდეების ჩასაბრძანებელი, რომელიც 1870 წელს რომიდან ჩამოაბრძანეს. ეს სიწმინდეები ერთ-ერთ კათილიკე მღვდელს ეკუთვნოდა და სასწაულებრივად შემდეგ ინახებოდა ერთ-ერთი მართლმორწმუნე მართლმადიდებლის ოჯახში. სიწმინდეების ჩასაბრძანებელში მოთავსებულია წმინდა იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი, მოციქულთა თავთა პეტრეს და პავლეს წმინდა ნაწილები, ამდენმა დიდმა სიწმინდეებმა სასწაულებრივად ინება ერკეთის დედათა მონასტერში დავანება. ეს წმინდანები არიან ჩვენი მონასტრის მფარველები და მეოხნი.
სტატიის ავტორი: თეა ცაგურიშვილი