20 Οκτωβρίου, 2020

„ვემსახუროთ თავისუფალ ეროვნულ ეკლესიას და ის მოგვცემს ძალას, შევანახვიოთ ჩვენს ხალხს ეროვნული სახე და თავისუფლება!“

Διαδώστε:

ახ. სტილით 20 ოქტომბერი – ხსენება წმ. ამბროსი აღმსარებელისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა (ხელაია);

წმინდა კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსი აღმსარებლის (ხელაია) სიტყვა აღსაყდრების დღეს

„რა უნდა ვსთქვა ამ ჩემთვის დიდმნიშვნელოვან წამებში დიდებული სვეტიცხოვლის ამბიონიდან, საიდანაც გაისმოდა მრავალ მჭევრმეტყველ მამადმთავართა მკვეთრი სიტყვა. მეკარგება გაბედულობა, როდესაც ამ ისტორიულ ამბიონზე ვდგევარ და როდესაც წარმოვიდგენ ჩემს უღირსებას.

მეხატება წარსული ჩემი ცხოვრება, რომელშიც მე ნათლად ვხედავ ღვთის ჩემს უღირსებაზე განგებულებას, მზრუნველობას, ვხედავდ, რომ ხელი უფლისა იყო ჩემ ზედა მარონინებდა იმ გზით, რომელიც არა სთნდა სულსა ჩემსა და რომელიც კაცობრიულ წარმოდგენით უნდა ამეცილებია თავიდან, რომელიც არ მინდოდა სოფლიურ მიდრეკილებათა და ქეფიც ხელობისა გამო ჩემისა.

ახლაც მწამს, მომიწოდა უფალმა ამ დიდი და მძიმე მსახურებისათვის, მაგრამ რა მეთქმის მორჩილების მეტი და ამ წამებშიაც რა შემფერის თუ არ დუმილი.
 მით უმეტეს, მე არა მეთქმის რა, როდესაც მომავალშიც ვერას ვხედავ, არა ვხედავ, რომ შევიძლო რისიმე საყურადღებოს გაკეთება. ან მართლაც, რა უნდა ვსთქვა ჩემს უღირსებაზე? მამათმთავრობის ტვირთის სიმძიმეზე?

მაგრამ ვინ ჩვენგანმა არ უნდა იცოდეს სიმძიმე და სიძნელე მოვალეობის ასრულებისა, მეტადრე ამ აუტანელ დროს, როდესაც სათავეში მყოფნი სიძულვილით და მტრულად უყურებენ ეკლესიას, როდესაც ურწმუნოება გარეგნულად მაინც გამეფებულა და სირცხვილად მიაჩნიათ თავის სარწმუნოების გამოაშკარავება. მაგრამ ვიცი ჭეშმარიტება მოციქულის სიტყვებისა, რომ მომწოდებელი ღმერთია, ვინაითგან „არავინ თავით თვისით მიიღოს პატივი, არამედ რომელნი წოდებულ არიან ღვთისა მიერ“ (ებრ., 5,4) და რომ „ყოველი მღვდელმთავარი, კაცთაგან მოყვანებული, კაცთათვის დადგეს იგი ღვთისა მიერ“ (იბიდ, 5.1).

მაშასადამე, ჩემი უღირსებაც, ვიმეორებ, ღვთისაგან მოწოდებულია ამ დიდ თანამდებობაზე და ის მომცემს ძალას ხალხისათვის მსახურებას, ვინაითგან მოციქული პავლესთან ერთად მეც მეუბნება უფალი „ძალა ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნებისო“ (2 კორინთ. 12,6).

დღევანდელი ჩვენი ერის მდგომარეობა იმას გვიმტკიცებს, რომ ხალხის ცხოვრებაში თითქმის ყველაფერი ცვალებადია, არ იცვლება მხოლოდ მისი სარწმუნოებრივი განცდა. ამისთვის საუკეთესო მატარებელი და დამცველი ეროვნული იდეალებისა არის ეროვნული ეკლესია.

ერის პოლიტიკური ცხოვრების შეცვლა არ მოასწავებს ეროვნული სარწმუნოების შეცვლას. პოლიტიკურ რწმენაში და ცხოვრების ცვალებადობაში, სადაც ხშირად ეროვნული იდეალებიც დავიწყებას მიეცემიან, უცვლელია მხოლოდ სარწმუნოებრივი ცხოვრების ნორმები, რის გამოც ეკლესიაში ეროვნული იდეაც სამარადისო და შეურყეველია.
ხალხი მჭიდროდ უკავშირებს ერთმანეთს ეკლესიას და სამშობლოს, ვინაითგან ეს მთელი თავისი ისტორიის განმავლობაში იცავდა თავის სამშობლოს, მაგრამ ქრისტეს ჯვარსაც ხელიდან არ უშვებდა. ის სისხლს ღვრიდა სარწმუნოების, სამშობლოს დაცვისათვის, მაგრამ სარწმუნოების დაცვაში ხედავდა უსათუოდ მამულის დაცვასაც. ეს მას შესისხლხორცებია, გახდომია ჭეშმარიტებად და აუცილებელ მოთხოვნილებად.

ახლაც ამნაირია ხალხის ფსიქოლოგია და როგორ გინდათ ამოგლიჯოთ ეს ხალხის გულიდან. მრავალ საუკუნოების განმავლობაში ამ მისი ცხოვრების ღრმად ჩაყრილ საძირკველზე მას აუშენებია მკვიდრი შენობა თავისი ეროვნული ცხოვრებისა და შემეცნებისა და როგორ გნებავთ ახლა ის საძირკველი გამოუცვალოთ ამ დიად შენობას და ჩაუყაროთ ახალი ამავე სიღრმეში?

 მოსახერხებელია განა ამნაირი ცდა, საძირკველის გამოცვლა არ შეარყევს თვით შენობას? თუ ეს მოსახერხებელია და საშიშარიც არ არის, მაშინ გკითხავთ, ამ ახალ საძირკველის გამაგრებისათვის რამდენი საუკუნის განუწყვეტელი მედგარი შრომის განმეორებაა საჭირო ხალხისათვის? ვისთვის ან რისთვის არის ეს საჭირო, სასურველი?

ასე იტყვიან ისინი, ვინც ხალხს ართმევენ სარწმუნოებას, ეროვნულ შენობას უნდათ გამოაცალონ ბურჯი, რომელზედაც ის აშენებულია და ჩაუყარონ ახალი – ინტერნაციონალიზმის და ურწმუნოების საძირკველი, მაგრამ ფუჭი უსარგებლო და უნაყოფოა ამნაირი ცდა. ერთადერთი შედეგი ამისა შესაძლებელია მხოლოდ ის იქმნეს, რომ დროებით შეაჩერებენ ხალხის ეროვნულ განვითარებას.

აი, რას უნდა ჩაუფიქრდეს არა მარტო ეკლესიის მორწმუნე წევრი, არამედ ყველა, ვისაც თავის მოღვაწეობის მიზნად დაუსახავს ჩვენი ერის კეთილდღეობისათვის ზრუნვა, მისთვის სამსახური.

მაშ, მორწმუნენო მამულიშვილნო, ორივე – ეკლესიაც და სამშობლოც, ტკბილია, ორივე წმიდათა წმიდაა. შევიგნოთ ისტორიული გაკვეთილების ძალა, შევისწავლოთ ხალხის მრავალსაუკუნოებრივი ცხოვრების ნაყოფი, ხალხის ფსიქოლოგია და ის გვასწავლის და გვეტყვის, რომ საჭიროა შემოვკრბეთ ეროვნული ეკლესიის გარშემო.

პოლიტიკური მდგომარეობის ცვალებადობასთან ნუ იქნება ცვალებადი ჩვენი შეხედულება სარწმუნოებაზე. ვემსახუროთ თავისუფალ ეროვნულ ეკლესიას და ის მოგვცემს ძალას, შევანახვიოთ ჩვენს ხალხს ეროვნული სახე და თავისუფლება. ეროვნული ეკლესიის თავისუფლება გულისხმობს ეროვნულ თავისუფლებასაც.

აი, ამნაირად არა ხალხის საზოგადოდ, რომელსაც ინსტინქტად გახდომია ამის შეგნება, არამედ ინტელიგენციის გადარქმნის მოლოდინი მომცემს მე ძალას ჩემი ცხოვრების მიწურული საღამო შევსწირო ჩვენი ეკლესიის და ერის კეთილდღეობას, მათ სამსახურს. მხოლოდ ამ იმედით ვიტვირთე ეს დიდი ჯვარი მამამთავრობისა და ჩვენი მრავალტანჯულ ეკლესიის საჭეთმპყრობელისა“.

სიტყვა წარმოთქმულია მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში 1921 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების დღეს

ტექსტი ქვეყნდება შემოკლებით
წყარო: საპატრირქოს უწყებანი

— ambioni.ge

Διαδώστε: