09/04/2019 09/04/2019 ვეჯინი გურჯაანის და ველისციხის ეპარქიაში მდებარეობს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „ბაკურციხის ჩრდილოით, ცივის მთის ძირას არის ვეჟინი. მის ზეით, მთის კალთას, კლდესა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებული, შიგ გამომდინარე წყაროთი, და ეკლესია ღმრთაების გუმბათიანი, დიდი, აქა ეფლვიან ანდრონიკაანი.“ ისტორიულ წყაროებში ვეჯინი ჰერეთის ციხედაც იხსენიება. როგორც ირკვევა, იგი ჰერეთის ერთ-ერთი საერისთავო და საეპისკოპოსო ცენტრი იყო....
09 Απριλίου, 2019 - 17:45

ვეჯინის ამაღლების სამონასტრო კომპლექსი

Διαδώστε:
ვეჯინის ამაღლების სამონასტრო კომპლექსი

ვეჯინი გურჯაანის და ველისციხის ეპარქიაში მდებარეობს. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, „ბაკურციხის ჩრდილოით, ცივის მთის ძირას არის ვეჟინი. მის ზეით, მთის კალთას, კლდესა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებული, შიგ გამომდინარე წყაროთი, და ეკლესია ღმრთაების გუმბათიანი, დიდი, აქა ეფლვიან ანდრონიკაანი.“

ისტორიულ წყაროებში ვეჯინი ჰერეთის ციხედაც იხსენიება. როგორც ირკვევა, იგი ჰერეთის ერთ-ერთი საერისთავო და საეპისკოპოსო ცენტრი იყო. აღნიშნულ წყაროებში ვეჯინი თავდაპირველად X საუკუნეში გვხვდება. მასში უწყებულია აფხაზთა მეფე კონსტანტინე III-ის ჰერეთში ჩასვლის ამბავი, რომლის თანახმად, მეფის მიზანი აფხაზთა მეფის და კახეთის მთავრის – კვირიკე I-ის – დაზავების საკითხი იყო ჰერეთის მმართველ ადარნასე პატრიკთან.

X საუკუნეში ვეჯინი ჰერეთის, ხოლო XI საუკუნეში კახეთის უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვეჯინის ციხე აუღებლად ითვლებოდა, რის დასტურადაც თუნდაც ეს ფაქტი გამოდგება: XI საუკუნის 80-იან წლებში საქართველოს მეფე გიორგი II (1072-1089 წწ.) აღნიშნულ ციხეს ასაღებად მიადგა, მაგრამ მისი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა. XVII საუკუნეში ვეჯინი თავად ანდრონიკაშვილთა მფლობელობაში გადადის. 1776 წელს ბატონიშვილმა გიორგიმ ქეთევან ანდრონიკაშვილზე ვეჯინში დაიწერა ჯვარი. 1782 წელს აქ გარდაიცვალა ლევან ბატონიშვილი, 1784 წელს კი ვახტანგ ბატონიშვილმა მარიამ ანდრონიკაშვილზე დაიწერა ჯვარი.

ვეჯინის ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს აგებული რამდენიმე ეკლესიაა შემორჩენილი, კერძოდ, ყველაწმინდის, ამაღლების, აღდგომის მცირე, ღვთისმშობლის, მოციქულის და წმ. გიორგის ტაძრები.

გარდა ამისა, ვეჯინის ციტადელის ტერიტორიაზე არაერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დგას. მათ შორის – კოშკი და სამი ეკლესია ამაღლების, წმ. მარიამის, აღდგომის კარის ეკლესია და საერო ნაგებობა.

ამაღლების ტაძარი ციტადელის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. მრავალჯერადი გადაკეთების მიუხედავად, ძეგლი თავდაპირველად XIV საუკუნეში აუგიათ. დარბაზული ტიპის ეკლესიას ჩრდილოეთით მიდგმული აქვს მოგვიანო ხანის სხვადასხვა დროის სათავსო, რომელიც მოხატული ყოფილა. დაზიანების გამო დღეს გაძნელებულია მათი ამოკითხვა.

როგორც ჩანს, ტაძარს მსგავსი მინაშენი სამხრეთიდანაც ჰქონდა. თუმცა, იგი დღეს არ შემორჩენილა. ადგილზე მხოლოდ საძირკველი და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე მცირე ნაშთია. სამშენებლო მასალად გამოყენებულია რიყის ქვა და აგური. ტაძარს შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული ნიშის ადგილას, მკვლევრების აზრით, ადრე კარი უნდა ყოფილიყო.

ტაძარი მოხატულია. სტილისტური ნიშნების მიხედვით, იგი XVI საუკუნეს განეკუთვნება. საკურთხევლის კონქში მთავარანგელოზებს შორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის გამოსახულებაა. მეორე რეგისტრში კი ექვსი მღვდელმთავარი, რომელთაც განმარტებითი წარწერები და ბერძნულ ენაზე შესრულებული გრაგნილები ახლავს. მარცხნიდან მარჯვნივ ვხედავთ მღვდელმთავარ წმ. ნიკოლოზის, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველის და წმ. იოანე ოქროპირის გამოსახულებებს. წმ. ნიკოლოზის გრაგნილზე წარმოდგენილი ტექსტი იოანე ოქროპირის ლოცვას შეიცავს: „კუალადცა და მრავალგზის შენ შეგივრდებით და გევედრებით…“ წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ტექსტი კი ბასილი დიდის ლიტურგიიდანაა აღებული: „წმიდა არს ღმერთი, რომელი წმიდათა შორის განისვენებს…“, წმ. იოანე ოქროპირის გრაგნილის ტექსტი თავად მისი ლოცვიდანაა: „ღმერთო, ღმერთო ჩუენო , რომელმან ზეცისა პური საზრდელი. . . “

რეგისტრს ასრულებს ორნამენტული ზოლი. რაც შეეხება ბემას, ზედა ორ რეგისტრში სახარებისეული, კერძოდ, მაცხოვრის მიერ აღვლენილი სასწაულების და განკურნებების ეპიზოდებია წარმოდგენილი. დაზიანების გამო, ზოგიერთი მათგანის ზუსტი იდენტიფიცირება გაძნელებულია. ერთი კი ცხადია, რომ ჩრდილოეთით და სამხრეთით ორ-ორი სცენა ყოფილა გამოსახული. სამხრეთი კედლის მესამე რეგისტრი ეთმობა წმინდანთა ნახევარფიგურებს. რაც შეეხება მის მოპირდაპირედ მდებარე სახარების სცენებს, მის ქვემოთ ხატი მანდილიონია გამოსახული, რომელიც ანგელოზებს უპყრიათ. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთში ქრისტე ემანუელია, კონქის შუბლზე კი – სულიწმინდის მოფენა. რაც შეეხება კამარას, მის ცენტრში პანტოკრატორის ფიგურაა გამოსახული, რომელიც მახარებელთა სიმბოლოებითაა გარშემორტყმული. ჩრდილოეთი კედლის აღმოსავლეთ არეზე წარმოდგენილია ხარება, შობა, ფერისცვალება და ამაღლება. მათ ქვემოთ კი ცალკეულ წმინდანთა ფიგურები. სამხრეთი კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე ბრმის განკურნება და ქრისტეს სამარიტელი ქალთან საუბარია მოცემული. ცენტრალურ არეში – ლაზარეს აღდგინება და ბზობა. დასავლეთი კედელი ეთმობა განკითხვის დღის კომპოზიციას.

ამაღლების ტაძრის დასავლეთით მდებარეობს დარბაზული ტიპის მცირე ტაძარი, რომელი ყოვლადწმინდა მარიამის სახელზე XIV საუკუნეში ააგეს. ტაძარს სამხრეთიდან მიდგმული აქვს მოგვიანო ხანის სამრეკლო. ტაძარს შესასვლელი დასავლეთით და სამხრეთიდან აქვს. აღმოსავლეთით კონქს ნახევარწრიული მოხაზულობის აფსიდი ქმნის. თაღოვანი მოხაზულობის სარკმლის ორივე მხარეს ოთხკუთხა ნიშებია გამოკვეთილი, მათ წინ არსებულ არეში კი ტრაპეზია.

რაც შეეხება სამრეკლოს, იგი ორსართულიანია. ქვედა ნაწილი ოთხკუთხა ფორმისაა, მეორეზე კი თაღებით გახსნილი ფანჩატურია. სტილისტური ნიშნების მიხედვით, იგი XVI საუკუნეში ტაძრის სივრცისთვის უნდა მიედგათ. XIX საუკუნეში მისთვის ჩრდილო-დასავლეთ ბურჯზე ქვის კიბე მიუშენებიათ.

სამონასტრო კომპლექსში შედის აღდგომის ტაძარი. დარბაზული ტიპის ეკლესია XVI საუკუნეში აუგიათ. იგი სამრეკლოდან 4 მეტრითაა დაშორებული. ციტადელის ზედა ტერასაზე შემორჩა მცირე ზომის ტაძარი. ამაღლების ტაძრის სამხრეთით, რამდენიმე მეტრის დაშორებით, დგას გვიან შუასაუკუნეებში აგებული საერო ნაგებობა. ერთსართულიანი წაგრძელებული ფორმის ნაგებობას აქვს სარდაფი, რომლის აღმოსავლეთით შემორჩა ბუხრის და ორი ნიშის კვალი, ასევე, ორი სარკმელი. ციტადელის გალავნის ძირში მდებარე აგურით ნაგები კვადრატული გეგმარების მქონე სამარხი გენერალ-მაიორ სვიმონ შალიკაშვილის საძვალეა.

დღეს ვეჯინის ამაღლების სახელობის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე მოქმედი მამათა მონასტერია.

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων