25 Σεπτεμβρίου, 2020

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი თვითიზოლაციაშია

Διαδώστε:

ზუგდიდში, ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის მგალობელს კორონვირუსი დაუდასტურდა. ის ამავე ეკლესიის მესანთლე ქალის კონტაქტია, რომელსაც კორონავირუსი 22 სექტემბერს გამოუვლინდა. მგალობელი ეკლესიაში წირვაზე იმყოფებოდა.

ზუგდიდსა და ცაიშისა ეპარქიაში აცხადებენ, რომ მეუფე გერასიმე თვითიზოლაციაში არ იმყოდება, თუმცა დღეს მას ვირუსზე PCR კვლევა ჩაუტარდება.

ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, PCR კვლევა ჩაუტარდა კოვიდინფიცირებული მესანთლე ქალის კონტაქტებს. მათი პასუხები უარყოფითია. მიუხედავად ამისა, ამ დროისთვის თვითიზოლაციაშია ტაძრის მრევლისა და სასულიერო პირების ნაწილი.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


— imedinews.ge

Διαδώστε: