16 Φεβρουαρίου, 2019

ილია მეორე – ადამიანი თავისი ცხოვრებით გარდაცვალებისთვის, ამ საიდუმლო დღისთვის უნდა ემზადებოდეს

Διαδώστε:

ადამიანი თავისი ცხოვრებით გარდაცვალებისთვის, ამ საიდუმლო დღისთვის უნდა ემზადებოდეს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სიონში ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში სადღესასწაულო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს, სრულიად საქართველოს მირქმის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის შესახებ ისაუბრა.

პატრიარქმა წმინდა სახარებიდან ადგილი გაიხსენა, თუ როგორ მიეგება მართალი სვიმეონი ყრმა იესოს.

„სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა

ჩვენთან არს ღმერთი!

ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს ის დღეა, როცა მართალმა სვიმეონმა თქვა: ,,აწ გუნეტევე მონა შენი, მეუფო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით“. ეს სიტყვები უნდა თქვას ყოველმა ადამიანმა გარდაცვალების ჟამს. ,,აწ განუტევე მონა შენი“. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მომზადებულნი ვიყოთ მომავალი ცხვრებისათვის ანუ უნდა ვემზადებოდეთ მარადიული ცხოვრებისათვის.

ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, როგორ ასაფლავებენ ადამიანებს, ახლობლებს, შორეულებს, მაგრამ ჩვენ ვერ წარმოგვიდგენია ჩვენი თავი იმათ ადგილზე.

მეტად რთული პროცესია განშორება მიწიერი ცხოვრებისაგან და გადასვლა სულიერ ცხოვრებაში. ღმერთმა მოგვცეს ძალა, რომ მშვიდობა დავტოვოთ აქ, მშვიდობით წავიდეთ და მშვიდობა დაგვახვედროს უფალმა. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია. ერთი ფილოსოფოსი ამბობს, რომ ადამიანის ცხოვრების მიზანი არის მომზადება გარდაცვალებისათვისო.

დღეს ჩვენთან წირვას ესწრებოდნენ ავღანელები. 5000 ქართველი მონაწილეობდა ავღანეთში და აქედან 128 ვეღარ დაბრუნდა, დაბრუნდა მაგრამ გარდაცვალებული. მე მახსენდება შევარდნაძის სიტყვები. ის იყო იმ დროს საგარეო მინისტრი და მას საბჭოთა კავშირის მთავრობამ დაავალა გამოეცხადებინა, რომ ავღანეთიდან გაჰყავთ ჯარი. ამ შეკრებას ესწრებოდნენ გენერლები და მაღალი ჩინოსნები. მეგონაო, რომ ისინი ტაშით შეხვდებოდნენ ამ ამბავს, მაგრამ არცერთმა გენერალმა და ჯარისკაცმა არაფერი მოიმოქმედა, არ გამოხატა არც სიხარული და არც მწუხარება, უფრო კი მწუხარება. საბჭოთა კავშირს უნდოდა, რომ გაეგრძელებინა ეს მკვლელობა.

ღმერთი მოწყალეა. ჟამი ახლოს არს და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ ამ საიდუმლო დღისათვის, გარდაცვალებისათვის. ღმერთმა მოგვცეს ძალა და მადლი, რომ ღირსეულად მოხდეს ჩვენი ამქვეყნიდან გასვლა.

დღეს ჩვენ ვაჯილდოებთ მღვდელ გიორგი ნადარეიშვილს. იგი აღყვანილია დეკანოზის ხარისხში. აქსიოს!

დალოცვილი იყავით. გაიხარეთ თქვენ და საქართველომ.

ჩვენთან არს ღმერთი!“, – ბრძანა უწმინდესმა.

ქადაგების შემდეგ უწმინდესმა ტაძარში სპეციალურად მომზადებული სუფრა აკურთხა პურითა და ტკბილეულით, რომელიც შემდეგ მრევლს გაუნაწილა.

Διαδώστε: