11 Δεκεμβρίου, 2020

მამაოს “აყვანის” შესახებ

Διαδώστε:

დეკანოზი თამაზ ლომიძე: “მთელი კაცობრიობიდან მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩება და შევა მარადიულ სიცოცხლეში. როცა უფალი წინასწარ ხედავს ადამიანის გულს და ინებებს და მოუხმობს მას, ბევრი ამბობს: მამაო უნდა ავიყვანო, უნდა დავიწყო ეკლესიური ცხოვრებაო. თუმცა ბევრისთვის ბუნდოვანია, რატომ უნდა აიყვანოს მამაო, რა არის ეს ეკლესიური ცხოვრება და რომელია ის პირველი და აუცილებელი ნაბიჯები სარწმუნოებაში. მამაოს აყვანა კარგია, გამოცდილი, შენებული და მცოდნე მოძღვარი ძალიან გამოგადგებათ, მაგრამ მე გირჩევთ, თქვენ რით უნდა დაიწყოთ და რაში გამოგადგებათ მოძღვარიც.

ესაა ის 3 საქმე, რითიც უნდა დაიწყოთ:

1) აიღეთ და ყოველგვარი ნებართვების, აკრძალვების და ლოცვა-კურთხევების გარეშე დაიწყეთ ბიბლიის კითხვა. ნუ აჯანყდებით, ნუ დაეჭვდებით და ნუ გააკეთებთ წინასწარ ნურავითარ დასკვნებს, ჯერ ნუ განსჯით წაკითხულს. იკითხეთ მთელი ინტერესით და ნდობით. იკითხეთ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯერ ინფორმაცია მოაგროვოთ, უბრალოდ კარგად იცოდეთ რას მოგვითხრობს ბიბლია. ესაა უმარტივესი და ამავე დროს ძალიან კომპლექსური წიგნი, რომელის გაგებაც ერთჯერადი, ამოგლეჯილი მომენტებით შეუძლებელია. მაგრამ, გახსოვდეთ: წმინდა წერილს შეიმეცნებს მხოლოდ ის, ვისაც ღმერთი უყვარს, ეძებს და რწმენით და ნდობით კითხულობს მის სიტყვებს.
ე.ი. 1-ლი – დაიწყეთ ბიბლიის კითხვა. უმჯობესია თანამედროვე, გასაგები ქართული ენით.

2) დაიწყეთ ლოცვა. შეიძლება არსდროს გილოციათ, მაგრამ სცადეთ, მიმართეთ და ესაუბრეთ ღმერთს. ფსალმუნი ამობს: ის, ვინც ყურთასმენა და მხედველობა შექმნა, განა არ ესმის და ვერ ხედავს თვითონ?! (ფს. 93) ღმერთი ყველგან მყოფი ცოცხალი სულია და ესმის ჩვენი ყოველი სიტყვა, მანამდეც ვიდრე ბაგეებით ვიტყვით. ილოცეთ დილასაც, საღამოსაც, ნებისმიერ დროსაც და ადგილას, როცა გული მოგთხოვთ, გიჭირთ ან გილხინთ. ილოცეთ დაწერილი ლოცვებით და ასევე, აუცილებლად თქვენი ს ა კ უ თ ა რ ი სიტყვებით. თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე, განმარტოვდებოდა ხოლმე და მარტო ლოცულობდა ზეციური მამის წინაშე. ასევე ლოცულობდა უფალი მის მოწაფეებთან ერთადაც. ილოცეთ და სულ მალე გიპასუხებთ ღმერთი.
ე.ი. მე-2 – დაიწყეთ ლოცვა.

3) დაესწარით და მონაწილეობა მიიღეთ საეკლესიო ცხოვრებაში. დაესწარით წირვა-ლოცვას და ცოცხალი მონაწილეობა მიიღეთ მასში. რას ვგულისხმობ? მაგ. როცა წირვაზე მღვდელი ამბობს: კურთხეული არს ღმერთი ჩვენი…, რწმენით უპასუხეთ “ამინ” ან როცა მრწამსს ან “მამაო ჩვენოს” ამბობენ წირვის დროს, თქვენც ხმამაღლა შეუერთეთ თქვენი ხმა ქრისტეს კრებულს. როცა ესწრებით ნათლობას, ჯვრისწერას ან სხვა საიდუმლოებებს, ეცადეთ გააზრებულად ისწავლოთ და გესმოდეთ, რა აღესრულება და რატომ. ქრისტეს კრებულთან თანაზიარება ანუ ქრისტეს სახელით ერთად ყოფნა არის სარწმუნოებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი.

ე.ი. მე-3 – შეუერთდით ქრისტეს კრებულს, ეკლესიას. ეცადეთ რომელიმე სამრევლოს ცოცხალი წევრი იყოთ.

ამით დაიწყეთ და თქვენი მამაოც აუცილებლად დაგეხმარებათ ამ 3 საქმეში. ღმერთმა მოგიხმოთ და გაცხონოთ ყველა!”

 

— ambioni.ge

Διαδώστε: