10 Οκτωβρίου, 2020

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია მეუფე გიორგის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიაზე ინფორმაციას აქვეყნებს

Διαδώστε:

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სამღვდელოება ეპარქიის მღვდელმთავრის, მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიმართ ცილისმწამებლური კამპანიისა და მის წინააღმდეგ ხელმოწერების შეგროვების შესახებ იუწყება, რომელშიც „ქართული ოცნებაის“ წევრია ჩართული. განცხადება ამის შესახებ ეპარქიის „ფეისბუკის“ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„კრებამ ერთხმად განაცხადა,რომ ბევრს სურს არეულობა შემოიტანოს და საეკლესიო წესრიგი დაარღვიოს, მტრული და ცილისმწამებლური ბრალდებით გამოდიან ეპარქიის მმართველი ეპისკოპოსის წინააღმდეგ; მათ მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ: ჩრდილი მიაყენონ მის სახელს და მშვიდობიან მრევლში შფოთი შეიტანონ. გამომდინარე აქედან, სათანადოდ მივიჩნიეთ, გაგვეფრთხილებინა საზოგადოება, რომ მიმდინარეობს მიზანმიმართული, ცილისმწამებლური კამპანია ეპარქიის მმართველი მღვდელთმთავრის წინააღმდეგ, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩართულნი არიან ადგილობრივი მმართველი გუნდის – პარტია “ქართული ოცნების” წევრები. მათ ადგილობრივი მოსახლეობა შეგნებულად შეჰყავთ შეცდომაში, ცილს სწამებენ ეპისკოპოსს თითქოს პარტია “ქართული ოცნების” წევრის თ.შ.-ს მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა მეუფის დავალებით, რაც არის მტკნარი სიცრუე, უმძიმესი ბრალდება და ცილისწამება! ისინი დადიან მოსახლეობაში, ცდილობენ ხელმოწერების შეგროვებას მეუფის წინააღმდეგ – მისი ეპარქიიდან გაწვევის მოტივით. ეს გახლავთ გაგრძელება იმ პოლიტიკისა და გეგმის, რომელიც მავანთ მიზნად აქვთ დასახული. კერძოდ, სხვადასხვა ცილისმწამებლური კამპანიით მეუფის ეპარქიიდან ჩამოშორება.

დაე,საზოგადოებამ განსაჯოს ასეთ რეგიონში ეკლესიაზე იერიშის მიტანა ვის წისქვილზე ასხამს წყალს და რას ემსახურება!

მოსახლეობას მოვუწოდებთ, არ აყვნენ პროვოკაციას და შეინარჩუნონ სიმშვიდე.

რაც შეეხება იმ პირებს,რომელნიც ცილისმწამებლურ კამპანიაში არიან ჩართულნი, შევაგონებთ,რომ შეინანონ, რადგან დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდება, ანუ ცილისწამება კანონიკური სამართლის მიხედვით ექვემდებარება საეკლესიო სასჯელს!“ – ნათქვამია განცხადებაში.


dogma.ge

Διαδώστε: