14 Οκτωβρίου, 2020

მეუფე ვახტანგი დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულებზე – მწამს, რომ ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა

Διαδώστε:

ცურტაველი მიტროპოლიტი, მეუფე ვახტანგი აცხადებს, რომ მისი აზრით, დავით გარეჯის საქმეზე დაკავებულები უდანაშაულონი არიან.

„სიმართლე რომ ვთქვათ, ქვეყანას ემსახურება. არ შეიძლება, ასე გავწიროთ ვიღაცების უაზრო, გაუაზრებელი მითითებებით, თუ რას აკეთებენ, არ ვიცი, ვინც ეს ხალხი მიიყვანა ამ ზომამდე, პირველ რიგში, ვინც განცხადებას აკეთებს, რომ დამნაშავეები არიან. ჯერ არ არის გარკვეული და არ არის გადაწყვეტილი ეს საკითხი და რატომ ღელავს ორივე მხარე, არ ვიცი“, – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

კითხვაზე, არის თუ არა პოლიტიკური კონტექსტი დავით გარეჯის საქმეში, მეუფე ვახტანგმა განაცხადა, რომ შეიძლება, იყოს.

„შეიძლება, იყოს კიდეც, ვერ იტყვი ამას. არ ვიცით გამოძიება, მართალი გამოძიება რასაც ჰქვია, სადაც უნდათ, სიმართლე და ჭეშმარიტება დაადგინონ, ესეც გაირკვევა სულ მოკლე დროში“, – აღნიშნა მეუფე ვახტანგმა.

მისივე თქმით, სჯერა, რომ დაკავებული კარტოგრაფები სიმართლეს ემსახურებოდნენ და ყველაფერს დრო გაარკვევს.

„​სიმართლე გითხრათ, ის ხალხი თავის საქმიანობაში სიმართლეს ემსახურებოდა, მე ეს მწამს. შეიძლება, მე ვცდები, მაგრამ დაამტკიცებს დრო. ამ მოკლე დროში არა. ორ-სამში გაირკვევა ყველაფერი. ვერ ვიტყვი ბოლომდე, რა როგორ არის , არ ვიცი საქმე, ხომ არ გავცნობილვარ. მე ვარ არც ადვოკატი ვარ, არც პროკურორი და არც მოსამართლე. როგორ გითხრათ ახლა, ვინაა მტყუანი და მართალი. ალოგიკური არ უნდა იყოს სწორი ხედვა. ჩვენი დაუდევრობაა, რომ რუკა და ასეთი ორიგინალი ჩვენთან უნდა ინახებოდეს და არა რუსეთში, პარიზში და ლონდონში. მოკლე დროში გადაწყდება, სინოდი ინება თუ არა“, – განაცხადა მეუფე ვახტანგმა.

კითხვაზე, იგულისხმა თუ არა არჩევნები და ხელისუფლების შეცვლა, მეუფე ვახტანგმა აღნიშნა, რომ ყველაფერს არჩევნები გაარკვევს და ახალი სახეა საჭირო.

„რა თქმა უნდა, ყველაფერს გაარკვევს არჩევნები და გადაწყვეტს. მე მინდა, უკვე კმარა ასეთი ცხოვრება, ახალი ნაბიჯები უნდა გადაიდგას ერის საკეთილდღეოდ. ყველა შესაცვლელია, ახალი სახე უნდა მოვიდეს ქვეყანაზე, ეროვნული ღირსებით, რომელიც რაღაცას გააკეთებს ამ ქვეყანაზე. მოდი, სიმართლეს თვალი გავუსწოროთ ყველამ. რუკების შესახებ ახლა გავიგეთ – სად, რა, როგორ, ვინ ჩამოიტანა, სად ინახებოდა, მაგრამ ეს ხალხი უდანაშაულო მგონია, პირადად მე ასე ვფიქრობ“, – დასძინა მეუფე ვახტანგმა.


1tv.ge

Διαδώστε: