11 Απριλίου, 2020

მეუფე მელქისედეკი: “ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ სახელმწიფოს, მედიკოსებს”

Διαδώστε:

სასულიერო პირებს არ გვაქვს კომპეტენცია ცალკეული ტესტების ავკარგიანობაზე ვისაუბროთ. ეს მედიკოსების საქმეა! ჩვენი ვალდებულებაა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ, რომ ამ რთული ვითარებიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ. ამის შესახებ “ფეისბუკის” პირად გვერდზე მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ ხაჩიძე წერს.

“ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, იქიდან გამომდინარე რომ, უკვე ბევრმა თქვენგანმა (მათ შორის სასულიერო პირებმა, რომლებიც ასევე რისკ ჯგუფს წარმოადგენენ) მთხოვა აზრი გამომეთქვა კორონა ვირუსზე ხშირად ჩასატარებელი ტესტირების შესახებ, საჭიროდ ვთვლი დავაფიქსირო პოზიცია. უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ, სასულიერო პირებს არ გვაქვს კომპეტენცია ცალკეული ტესტების ავკარგიანობაზე ვისაუბროთ. ეს მედიკოსების საქმეა! ჩვენი ვალდებულებაა დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ მათ, რომ ამ რთული ვითარებიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდეთ.
აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ რაც უფრო ხშირად ჩატარდება ტესტირება, მით უფრო დაცული ვიქნებით ვირუსისის გავრცელებისგან. ამის თქმის საფუძველს ვირუსის საკმაოდ ვერაგი ბუნება მაძლევს, ვინაიდან მოგეხსენებათ, რომ ვირუსი ორ კვირამდე პერიოდის განმავლობაში შეიძლება იყოს ადამიანის ორგანიზმში მაგრამ არ გამოავლინოს სიმპტომები. თუმცა, ამ პერიოდში ის ჩვენგან გადაედოს სხვა ადამიანებს. აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანი ადრეულ სტადიაზევე შეიტყობს, რომ მას ეს ვირუსი აქვს, ის მოთავსდება შესაბამის იზოლირებულ სივრცეში და თავიდან ავიცილებთ ვირუსის უკონტროლო გავრცელებას. ამით მარტო ჩვენს თავს კი არა, სხვა ადამიანებსაც დავიცავთ და არ გავხდებით ვირუსის უნებლიეთ გავრცელების წყარო.
ჩვენზე განვთარებულ ქვეყნებსაც კი უჭირთ ამ ვირუსთან ბრძოლა, რადგან წამალი არ არსებობს და ერთადერთი გამოსავალი ამ დროისთვის არის ტესტირებით საწყის ეტაპზე გამოვლენა ვირუსის და თვითიზოლაცია.
ყველამ უნდა გავითავისოთ, რომ ვირუსთან ბრძოლა მხოლოდ ექიმების საქმე კი არა, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა. როგორ უნდა აღვუდგეთ მას წინ? რამდენადაც შესაძლებელი და ხელმისაწვდომია, ტესტირება დროულად ჩავიტაროთ და თუ ტესტზე პასუხი დადებითი აღმოჩნდა, სასწრაფოდ გადავიდეთ მკაცრად იზოლირებულ გარემოში, ისე, როგორც ამას მედიკოსები გვირჩევენ.
და ბოლოს, როგორც სხვა დროსაც ბევრჯერ მითქვამს, კიდევ გავიმეორებ, რომ ახლა არაა დაყოფის დრო! ყველა გვერდში უნდა დავუდგეთ სახელმწიფოს, მედიკოსებს და ერთმანეთს, რათა ერთობით ვძლიოთ ამ საშინელ ვირუსს და თავი დავაღწიოთ ამ საყოველთაო განსაცდელს!
თქვენთვის მლოცველი,
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე”

 

dogma.ge

Διαδώστε: