06 Ιουνίου, 2019

მეუფე შიომ საქართველოს ამაღლების დღესასწაული მიულოცა და მრევლს პატრიარქის ლოცვა-კურთხევა გადასცა

Διαδώστε:

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ საქართველოს ამაღლების დღესასწაული მიულოცა. მან მრევლს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევა გადასცა.

მეუფე შიოს თქმით, როგორც ლუკას სახარებაშია აღნიშნული, იესო ქრისტეს ზეცად ამაღლება, მისი თავის მოწაფეებთან მიწიერი განშორებით გამოწვეული ტკივილი კი არა, სიხარული იყო, რადგან იესო ქრისტემ სამუდამო სამყოფელი, ცათა სასუფეველი, ზეციური ცხოვრება დაგვიბრუნა. მისივე თქმით, შეიძლება ითქვას, რომ „ეს განშორების სიხარული, თან გასდევს ჩვენს ქრისტიანულ ისტორიას ამ 2000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში”.

“ყოვლად უსამღვდელოესო მეუფეო, ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. ეს არის ზეცად ამაღლება, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და გადმოგცემთ უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევას, მოლოცვას და დალოცვას. შეგვეწიოს მისი მადლი და ლოცვა-კურთხევა. საოცარი დღე არის დღეს. დღეს არის ზეცის დღესასწაული, თუ შეიძლება ასე ითქვას. ლუკა მახარებელი წერს, რომ იესო ქრისტე, 40 დღის განმავლობაში ეცხადებოდა თავის მოწაფეებს და ყოველდღე ესაუბრებოდა მათ ცათა სასუფევლის და ქრისტიანული საიდუმლოებების შესახებ და მეორმოცე დღეს, მან როდესაც ბოლოჯერ დალოცა ისინი, ესაუბრა და მათ თვალწინ ზეცად ამაღლდა. მოციქულებმა იხილეს ეს საოცარი რამ და თაყვანი სცეს მას“, – განაცხადა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, ამაღლების დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელ ცხოვრებაში, რადგან დღევანდელი იდეოლოგია, მაინც მიწიური ცხოვრებისკენ მიგვიზიდავს.

„ამ დღეს ვდღესასწაულობთ ჩვენ და ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და მკაფიოდ ჟღერს დღევანდელ ცხოვრებაში, როდესაც ვხედავთ ჩვენ, რომ დღევანდელ ცხოვრებაში, შეიძლება ითქვას, უმეტესწილად, დღევანდელი ცივილიზაცია, დღევანდელი იდეოლოგია, მაინც მიწიური ცხოვრებისკენ მიგვიზიდავს ჩვენ. მიწიურ კეთილდღეობაზე არის აწყობილი ყველაფერი და მთავარი მიზნები ამის გარშემოა, ამიტომ დღეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჟღერს უფლის სიტყვები და მოწოდება”, – განაცხადა მეუფე შიომ.

IPN

Διαδώστε: