23 Σεπτεμβρίου, 2024

მეუფე შიო: ‘დღეს დაიბადა ის ადამიანი, რომელიც გახდება კარი ძე ღმერთის განკაცებისა, კარი, რომელიც იხსნება ზეცისკენ’

Διαδώστε:

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ქრისტეს მიერ საყვარელნო მამანო, ძმანო და დანო, გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დღეს დიდებული დღეა, ხარობს ზეცა და ხარობს დედამიწა. ამ სიხარულზე გალობს დღეს წმინდა ეკლესიაც: „შობამან შენმან, ღვთისმშობელო ქალწულო, სიხარული აუწყა ყოველსა სოფელსა“ და ეს სიხარული მდგომარეობს იმაში, რომ ღმერთმა სამყაროს მოუვლინა ყოვლადწმინდა დედა და დედოფალი ჩვენი – ღვთისმშობელი.

ყოველი ადამიანის მოვლინება ამქვეყნად დიდი საიდუმლოა, ვინაიდან სამყაროში შემოდის ამოუცნობი საიდუმლოებით აღსავსე ახალი არსება, ახალი პიროვნება. როგორი იქნება მისი ცხოვრება? რას მოიტანს იგი ამ სამყაროში? იქნება ის ნიჭიერი და სარგებელს მოუტანს თავის ქვეყანას, თუ შეუმჩნეველი ადამიანი იქნება, ასევე შეუმჩნევლად იცხოვრებს და წავა ამ ქვეყნიდან ისე, რომ მისი სახსენებელიც აღარ დარჩება? როგორი იქნება ის? ამიტომ ყოველი ბავშვის დაბადებას მისი მშობლებიც და ახლობლებიც დიდი მოწიწებით ეგებებიან.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობა, როგორც ნათქვამია წმინდა სახარებაში, მოხდა ,,არა ნებითა ხორცთაითა, არა ნებითა მამაკაცისაითა”, არამედ ღვთისგან, ღვთისგან იშვა იგი, როგორც უკანასკნელი რგოლი ადამიანთა იმ დიდი რიგისა, გრძელი ჯაჭვისა, რომელიც მთელი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში იბრძოდა სიწმინდისთვის, სიკეთისთვის, იმისთვის, რომ ღმერთი ყოფილიყო პირველ ადგილზე მათ ცხოვრებაში. მოგეხსენებათ, ამ თაობებში, მის წინაპრებს შორის იყვნენ ცოდვილი ადამიანებიც, რომლებსაც შეიძლება ჰქონდათ მხოლოდ ერთი თვისება, რომელიც ამართლებდა მათ ცხოვრებას. იყვნენ ასევე წმინდანებიც, რომელთა ცხოვრებაშიც ძნელად თუ მოინახებოდა რაიმე ნაკლულევანება, მაგრამ მათ ყველას ჰქონდათ ერთი საერთო თვისება: ისინი იბრძოდნენ, ისინი იღვწოდნენ იმისთვის, რომ ღმერთი ყოფილიყო გამარჯვებული. ასე, საუკუნიდან საუკუნემდე, თაობიდან თაობამდე მათ მოამზადეს მათი მოდგმის მემკვიდრე, ყოვლადწმინდა ქალწული, რომლისგანაც უნდა დაბადებულიყო ძე ღმერთი.

ყოვლადწმინდა ქალწული იშვა, როგორც ყველა ჩვილი იბადება, მაგრამ ის განსაკუთრებული ბავშვი იყო, რადგან თავიდანვე სიკეთე აირჩია, თავიდანვე დაიწყო ცხოვრება სიწმინდით და ასე იცხოვრა მთელი ცხოვრების განმავლობაში – სიწმინდით და თავისი ადამიანური მოწოდების, ადამიანური სიდიადის სრული ერთგულებით.

ძვირფასო ძმებო და დებო, დღევანდელი დღე გახლავთ იმ უფსკრულის გადალახვის დასაწყისი, რომელიც გაჩნდა ღმერთსა და ადამიანს შორის დაცემის მომენტიდან. დღეს დაიბადა ის ადამიანი, რომელიც გახდება კარი ძე ღმერთის განკაცებისა, კარი, რომელიც იხსნება ზეცისკენ. ამიტომ ვიხაროთ დღეს ჩვენ, ვიხაროთ იმის გამო, რომ მოგვიახლოვდა ცხონების დასაწყისი, ჩვენი გამოხსნის დასაწყისი და ვეცადოთ, ვიფიქროთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელზე დიდი სიყვარულით, დიდი მოკრძალებით, მადლიერებით, აღტაცებით და ვევედროთ მას, გვასწავლოს მისი მიბაძვა, გვასწავლოს მისი სიყვარული და თაყვანი ვცეთ მას ისე, რომ ღირსი გავხდეთ, ვიყოთ მასთან ერთად ადამიანთა იმ მოდგმის ნაწილი, რომლისგანაც იშვა ღმერთი. რატომ? – იმიტომ, რომ ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა გამოავლინა ასეთი სრულყოფილი სიყვარული და მორჩილება ღვთისადმი.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დიდებულ და შესანიშნავ დღესასწაულს; ღვთისმშობელმა დალოცოს თავისი წილხვედრი ქვეყანა – საქართველო, ღვთისმშობელმა გაამთლიანოს და გააძლიეროს ჩვენი სამშობლო, დედა ღვთისმშობელმა დაიფაროს და გააძლიეროს ჩვენი ეკლესია და დაიცვას ის ხილული და უხილავი მტრებისგან, გააძლიეროს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

დედა ღვთისმშობელი შეგვეწიოს ჩვენ, ძვირფასო ძმებო და დებო, რომ დავამარცხოთ ყოველი ცოდვა და დავძლიოთ ყოველი უღირსება, რაც ჩვენში და ჩვენ ირგვლივ არის, რომ მის მსგავსად შეგვეძლოს წარმოთქმა მისი ცნობილი სიტყვებისა: „ადიდებს სული ჩემი უფალსა და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩვენისა, ამინ“.

დღეს ჩვენი დღესასწაული კიდევ უფრო საზეიმო და სასიხარულო გახდა, ვინაიდან გვეწვია ძვირფასი სტუმარი, მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ლიმასოლელი მიტროპოლიტი ათანასე, რომელიც ცნობილია თავისი დიდი მოღვაწეობით, მისიონერობით, დიდი სულიერებით და მინდა ვთხოვო მას, რამდენიმე სიტყვით დალოცოს ჩვენი მრევლი.

სიონის საპატრიარქო ტაძარი

21.09.2024

ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

sazu.ge

Διαδώστε: