04/12/2024 04/12/2024 საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას. ეკლესიის ყოველ ასეთ დიდ დღესასწაულზე აღინიშნება მოვლენა, რომელიც ხდებოდა ჩვენი ცხონებისთვის, გამოხსნისთვის და რომელიც ასევე...
04 Δεκεμβρίου, 2024 - 17:36
Τελευταία ενημέρωση: 04/12/2024 - 17:37

მეუფე შიო: ‘შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვები და მეოხება.. ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის… აქციებზე დაშავებული ადამიანების გამოჯანმრთელებისათვის’

Διαδώστε:
მეუფე შიო: ‘შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვები და მეოხება.. ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის… აქციებზე დაშავებული ადამიანების გამოჯანმრთელებისათვის’

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ქადაგება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულზე

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.

ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ ტაძრად მიყვანების დიდებულ დღესასწაულს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

ეკლესიის ყოველ ასეთ დიდ დღესასწაულზე აღინიშნება მოვლენა, რომელიც ხდებოდა ჩვენი ცხონებისთვის, გამოხსნისთვის და რომელიც ასევე შეიცავს ადამიანის ქრისტიანული ცხოვრების წინასახეებს. დღევანდელი დღის ტროპარის სიტყვებიც ამაზე მეტყველებს: „დღეს განგებულებისა ღვთისა დასაბამი არს“, – ასეთ წინასახეებს შეიცავს დღევანდელი დღესასწაულიც.

სანამ ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი დედა ღვთისა გახდებოდა, იგი უნდა შეეყვანათ ტაძარში. რატომ იყო ეს საჭირო? იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული მომზადება გაევლო, განსაკუთრებით მომზადებულიყო იმისთვის, რაც მას ელოდა და მასთან ერთად ჩვენ ყველას გველოდა. ეს არის წინასახე იმისა, რომ თუ ადამიანს სურს ოდნავ მაინც გახდეს სულიწმინდის მიმღები, იგი უნდა შევიდეს ტაძარში; სულიწმინდის მოხვეჭისკენ სწრაფვა ხომ მიზანია სულიერი ცხოვრებისა, მთავარი აზრია! აი, ასეთი ადამიანი უნდა შევიდეს ტაძარში, ისევე, როგორც ყოვლადწმინდა ქალწული მარიამი შევიდა.

იგი საფეხურებით ადიოდა სიმაღლეზე, ტაძრისკენ, სადაც მას დახვდა მღვდელმთავარი. ესეც არის წინასახე იმ აღმასვლისა, რომელიც ყველა ადამიანმა უნდა მოახდინოს, განახორციელოს მას შემდეგ, რაც მოინათლება, ეკლესიის წევრი გახდება და ტაძარში შევა.

მაგრამ ყოვლადწმინდა ქალწული არა მხოლოდ კიბეებით ავიდა ამ სიმაღლეზე, არა მხოლოდ ტაძარში შევიდა, არამედ იგი შევიდა ტაძრის ყველაზე საიდუმლო ადგილას, წმინდათაწმინდაში, სადაც ხდებოდა ღმერთთან შეხვედრა. ასე იყო ძველი აღთქმის ტაძარში: ღმერთი ეცხადებოდა მღვდელმთავარს და თავის ნებას უცხადებდა. ესეც არის წინასახე ადამიანის მიერ თავის სულის სიღრმეში შესვლისა, რაც აუცილებელია ყოველი ჩვენგანისთვის. ე.ი. ეს მეტყველებს იმაზე, რომ არ არის საკმარისი მხოლოდ ტაძარში შესვლა, არამედ ადამიანი უნდა შევიდეს თავისი გულის სიღრმეში, ამ სულის წმინდათა წმინდაში, სადაც ხდება ღმერთთან შეხვედრა, საიდანაც იწყება ადამიანის განსულიერება და სულიწმინდის ძალების მოხვეჭა.

მაგრამ ამ დღესასწაულში არის კიდევ ერთი წინასახე: უფრო სწორად, არაერთი, მორიგი, რომ ყოვლადწმინდა ქალწული თავისი მშობლების მიერ მიძღვნილი იყო ეკლესიისადმი, ტაძრისადმი. ე.ი. მისი ამ გზის დასაწყისში იყო მსხვერპლი და თავგანწირვა. ესეც მეტყველებს იმაზე, რომ ყოველი ჩვენგანის სულიერი ცხოვრების დასაწყისში უნდა იყოს მსხვერპლი და თავგანწირვა, თავდადება. სწორედ ამისკენ მოგვიწოდებს ჩვენ დღევანდელი დღესასწაული – თავგანწირული მსახურებისკენ.

კიდევ ერთი წინასახეა დღევანდელ დღესასწაულში ის, რომ როდესაც ყოვლადწმინდა ქალწული ტაძარში შეიყვანეს, იგი ბავშვი იყო. ამდენად, დღევანდელი დღესასწაული არის ასევე ბავშვების, ბავშვური უმანკოების დღესასწაული. იშვიათად, თუ ვინმეს ეძლევა, რომ შეინახოს სხეულის ქალწულება, მაგრამ სულის ქალწულების შენახვისკენ, ბავშვური სულის, ბავშვური უმანკოების შენახვისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, როგორც ამბობს უფალი იესო ქრისტე: „თუ არ იქნებით, როგორც ყრმები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში“ (მთ. 18, 3). ეს დღესასწაული სწორედ ამ თვისებების მნიშვნელობაზე მიგვითითებს და გვახსენებს.

შეგვეწიოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვები და მეოხება, რომ უკეთ შევძლოთ ჩვენში ბავშვური სულის, უბრალოების, სინათლისა და უმანკოების დაცვა, რათა ჯეროვნად ვიაროთ ქრისტიანული ცხოვრების ძალიან რთული, მაგრამ სიხარულით სავსე გზით.

ძვირფასო ძმებო და დებო, მინდა, დღეს ასევე შევეხო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.

ჩვენ, ყველანი, გულისტკივილით და შეშფოთებით ვადევნებთ თვალ-ყურს საპროტესტო აქციებს ჩვენს დედაქალაქში. როგორც ვხედავთ, ვითარება ძალიან დაძაბულია. ეკლესიის მხრიდან არაერთი მოწოდების მიუხედავად, ადგილი ჰქონდა დაუნდობელი მოქმედებების ფაქტებს, რის შედეგადაც დაშავდნენ ადამიანები როგორც მომიტინგეთა, ასევე სამართალდამცავთა შორის. სამწუხაროდ, მავანნი იქამდეც კი მიდიან, რომ იმის ნაცვლად, დააცხრონ და დაამშვიდონ მდგომარეობა, ლამობენ, სასკოლო ასაკის ბავშვებიც კი ჩართონ ასეთ დაძაბულ პროცესში, ამ აქციებში და კიდევ უფრო მეტი ესკალაცია და დაძაბულობა შესძინონ ამ მოვლენებს, რისი დაშვებაც, რა თქმა უნდა, დამღუპველი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

ამასთან დაკავშირებით მინდა, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა, რომ ამ პერიოდში ყველამ განსაკუთრებით უნდა გავაძლიეროთ ლოცვები მშვიდობისთვის.

სამღვდელოებას გეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რომ ვითარების დამშვიდებამდე ყოველდღიურად ტაძრებში ჩატარდეს პარაკლისები საქართველოს მშვიდობისთვის, დამშვიდებისთვის, შერიგებისთვის, სიყვარულის გაძლიერებისა და ამ აქციებზე დაშავებული ადამიანების გამოჯანმრთელებისათვის.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს; ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს. ყოვლადწმინდა დედა ღვთისმშობლის მეოხებით და ლოცვით ღმერთმა დალოცოს, გააძლიეროს, გაამთლიანოს და დაამშვიდოს საქართველო, ამინ.

თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარი

04.12.2024

ელექტრონული ვერსია მოამზადეს ანზორ ჩიქობავამ და თამარ ასათიანმა

 

sazu.ge

 

H αναδημοσίευση του παραπάνω άρθρου ή μέρους του επιτρέπεται μόνο αν αναφέρεται ως πηγή το ORTHODOXIANEWSAGENCY.GR με ενεργό σύνδεσμο στην εν λόγω καταχώρηση.

google-news Ακολούθησε το ORTHODOXIANEWSAGENCY.gr στο Google News και μάθε πρώτος όλες τις ειδήσεις.

Διαδώστε:
Ροή Ειδήσεων