16 Φεβρουαρίου, 2020

მირქმის იგივე ,,ლამპრობის” დღესასწაულის შესახებ

Διαδώστε:

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის  ლოცვა-კურთხევით მოძიებულ იქნა მასალა ,,მირქმის“ (,,მიგებების“) დღესასწაულის, იგივე ,,ლამპრობის“  აღნიშვნის ძველი წესის აღსადგენად. წელს მცხეთა-თბილისის და სხვა ეპარქიების არაერთ ტაძარში აღდგა ამ დღესასწაულის ძველი წესით აღნიშვნა და კიდევ ერთი ისტორიული ტრადიცია გაცოცხლდა. მომავალი წლიდან ეს წმინდა დღესასწაული საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ეკლესია-მონასტერში აღინიშნება ისე როგორც საუკუნეთა განმავლობაში იდღესასწაულებოდა ჩვენი წინაპრების მიერ – სანთლების კურთხევითა და ლიტანიობით.

მირქმა – ლამპრობა

„ლამპრობა“  უძველესი სახელწოდებაა „მირქმის“, იგივე „მიგებების“, დღესასწაულისა, რომელიც ყრმა უფლის ტაძრად მიყვანებას უკავშირდება.

„მირქმამ“განსაკუთრებულად საზეიმო ხასიათი  შეიძინა იმპერატორ იუსტინიანეს დროიდან და საყოველთაოდ დამკვიდრდდა VI საუკუნიდან. ამის საფუძვლად წყაროები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. ზოგიერთის მიხედვით მაშინდელ რომის იმპერიაში (რომლის ცენტრი კონსტანტინეპოლში იყო), შავი ჭირი მძვინვარებდა და ხალხს მუსრავდა; ზეგარდამო უწყებით წმინდანთ ემცნოთ, რომ მირქმის დღესასწაული გადახდილი უნდა ყოფილიყო ანთებული კელაპტრებით, ლამპრებისა და  ჩირაღდნების თანმხლები ლოცვა-ლიტანიობით, რათა გამორჩეული პატივი მიეგოთ ტაძრად მიყვანებული ყრმა იესოსთვის.

მიუხედავად ეპიდემიისა, რწმენით გაძლიერებული ხალხი ეკლესიებში შეიკრიბა და გულმხურვალე ლოცვა ლამპრებით (სანთლებით) საზეიმო მსვლელობით აღასრულეს. ავადმყოფობა მალევე შეჩერდა (გადმოცემით, მსგავსი სასწაული, ოღონდ გამუდმებულ მიწისძვრებთან დაკავშირებული, ანტიოქიაშიც მოხდა. არის სხვა ვერსიებიც).

იმპერატორმა იუსტინიანემ ამ დღის საზეიმოდ აღნიშვნა განაწესა.

იერუსალიმში „მირქმას“ „აღდგომის“ დღესასწაულის პატივით გაცილებით ადრე  აღნიშნავდნენ და იგი მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულის შემდგომი ზეიმის კულმინაციას წარმოადგენდა.

ეგერიას „მოგზაურობის დღიური” მოგვითხრობს, თუ როგორ ხდებოდა ეს IV საუკუნის ბოლოს:

…“აქ მეორმოცე  დღე დიდი პატივით იდღესასწაულებოდა. მსვლელობაა ანასტასისაკენ (იერუსალიმის აღდგომის ტაძარი) და ყველა ლიტანიობს,  ყოველივე უდიდესი დღესასწაულის წესით მიმდინარეობს ისე, თითქოს პასექია. ყველა მღვდელი ქადაგებს, შემდეგ ეპისკოპოსიც და განმარტავენ სახერების იმ მონაკვეთს, როდესაც მეორმოცე დღეს   იოსებმა და  მარიამმა უფალი ტაძრად მოიყვანეს და სვიმეონმა და ანა წინასწარმეტყველმა, ფანუელის ასულმა, ნახეს; განმარტავენ იმ სიტყვებს, რაც მათ თქვეს, იხილეს რა უფალი“ (Itinerarium Aetheriae, s. 26).

იერუსალიმში არსებული ტრადიიცის უძველესობას  ადასტურებს წმინდა კირილე იერუსალიმელის (315-386) მირქმის სადღესასწაულო ქადაგებაში ნახსენები მოწოდებაც:

“ასე რომ, თქვენც მოდით უფლისა და მეუფის შესაგებებლად ქრისტესმოყვარენო და ღვთისმოყვარენო, სიხარულითა და სიწმინდით შევიდეთ, არა გარეგნული სჯულით, არამედ სულიერად, არა ღვინით მთვრალნი, არამედ სულით ანთებულნი, ასე რომ დღეს უკვე განათებულებმა, ლამპრებით (λαμπάδας) ნათელი შევამკოთ, ისე როგორც ნათლის ძეებმა.  სანთლები ჭეშმარიტ ქრისტე ნათელს მივუძღვნათ, რამეთუ ნათელი წარმართებისათვის გამობრწყინვებული ქვეყანას  გამოუჩნდა.  ამიტომაც ნათლიდან ნათლით თოვლზე მეტად განვიწმიდოთ, რძეზე მეტად გავთეთრდეთ, საფირის ქვაზე უმეტესად აველვარდეთ, წმინდა მტრედებზე მაღლა ავფრინდეთ, და ამ სახით შემოვიდეთ უფლის მისაგებებლად” (“სიტყვა მირქმის შესახებ).

წმ. კირილე ალექსანდრიელიც (376-444) მირქმის სადღესასწაულო საკითხავი სახარების განმარტებაში აღნიშნავს: “რადგანაც ყველა გულმოდგინედ შემოიკრიბეთ ბრწყინვალე საუფლო დღესასწაულზე, მოკაშკაშე ლამპრებით(λαμπάδων) თაშეყრილებმა, ბრწყინვალედ ვიდღესასწაულოთ.”

დღემდე შემორჩენილია ცნობილი საეკლესიო წმინდა მოღვაწეების: კირილე იერუსალიმელის (315-386), გრიგოლი ნოსელის  (335-394),  იოანე ოქროპირის (347 – 407) და ევსუქი იერუსალიმელის (451წ) მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებული ჰომილიები.

იერუსალიმის ეკლესიაში არსებული „მირქმის“ დღესასწაულის ანთებული სანთლებით აღნიშვნის  ტრადიცია ნელნელა გადავიდა სხვა ეკლესიებშიც. კინობიარქ წმინდა თეოდოსის (+529) ცხოვრებაში მოხსენებულია იკელია, რომელმაც  შემოიღო ტრადიცია: „რათა ჩვენი ღმერთისა და მაცხოვრის მიგებება სანთლებით აღნიშნულიყო“ (μετὰ κηρίων γίνεσθαι τὴν ὑπαπάντησιν τοῦ σωτῆρος ἡμῶν Θεοῦ). რომის  ეკლესიაში მირქმის დღესასწაულზე სანთლებით მსვლელობების საყოველთაო წესად დამტკიცება უკავშირდება პაპ სერგის(687-701). მირქმის დღესასწაულის საბაწმიდნურ განგებაში შემორჩენილია მინიშნება, რომ მეცხრე ჟამზე ძმებს ეძლევათ სანთლები (εις δε την εννάτην, δίδονται κηρία τοις αδελφοίς). კიეველი მიტროპოლიტ პეტრეს(მოგილა) მიერ 1646წ. შედგენილ „კურთხევანში“ არის მსახურება, – ,,წესი სანთლების კურთხევისა უფლის მიგებებაზე“.

საეკლესიო ზეიმის ანთებული სანთლებით აღნიშვნის გამო იყო, რომ თითქმის მთელს დასავლეთში დღესასწაულის სახელწოდება ლამპარს უკავშირდება: იტალიაში Cadelora, საფრანგეთში Jour de la chandeleur, ინგლისში candlemas day, ფინეთში სანთლის დღე და ა.შ.

საქართველოშიც, როგორ აღვნიშნეთ, „მირქმას“ „ლამპრობაც“ ეწოდებოდა რასაც „უძველესი იადგარი“ და „პარხლის მრავალთავი“ მოწმობს, ხოლო სვანეთში დღემდე მას „სვიმნიშ-ლამპრობს“ უწოდებენ სხვა და სხვა ვარიაციებით, ხოლო საქართველოს სხვა კუთხეებსა და მთაში, – „ლამპრობას“, ასევე სხვადასხვა ვარიაციით.

როგორც ბატონი კორნელი კეკელიძე წერს, „მიგებების“ დღესასწაული საქართველოში იერუსალიმური ლიტურგიული პრაქტიკიდან ძველთაგან შემოვიდა და „ლამპრობის“ სახელით  ქართულ „კურთხევნებში“ და ტრადიციაში XVIII საუკუნემდე იყო.

„მირქმას“ ეკლესია აღნიშნავს   უფლის  ტაძრად მისვლის დღეს, როდესაც კაცთაგან აშენებულ ტაძარში თავად ყოვლის შემოქმედი მივიდა. ამ დღეს იგი მთელ კაცობიობას ეწვია ტაძარში, ეწვია  ისრაელისა და წარმართებისათვის აღმობრწყინვებული ნათელი მიუაჩრდილებელი, რათა საღვთო სიწმინდე და სინათლე მიენიჭებინა ყველასთვის.

ამიტომაც  მას ქრისტიანები ანთებული კელაპტრებით ვხვდებით, რითაც გამოვხატავთ ჩვენს მზაობას და სურვილს, ზეციური მადლის მიღებისა.

საეკლესიო საგალობლები არაორაზროვნად გადმოსცემენ ღვთიური ნათლის ხილული ნათლით განდიდებას.

სანთელ-ლამპრის სულიერი მნიშვნელობის გასააზრებლად და ხილული სინათლის მეშვეობით უხილავისაკენ ყურადღების მიპყრობაზე მიგვანიშნებს ეს უძველესი საგალობელიც:

ამპრითა სულიერითა სვიმეონ მართლისათანა განვიდეთ ჩვენ მიგებებად მეუფისა, რამეთუ მოვიდა ღმრთეებით ღრუბლითა სულ მცირითა აღსრულებად სჯულისა, გამობრწყინვებად ნათელი წარმართა ზედა, აწ შევწიროთ მისსა ქებაი, რაითა ვპოოთ მის მიერ დიდი წყალობაი მოსვლასა მას მისსა დიდებით.“(„უძველესი იადგარი“)

წარმოგიდგენთ, „მირქმის“ დღესასწაულზე უძველესი „კურთხევანის“ მიხედვით შედგენილ ლამპრების (იგივე სანთლების) კურთხევის და ლიტანიობის წესს.

სანთლის კურთხევა მირქმის დღესასწაულზე საღამოს ლოცვის  (ან წირვის) დამთავრების შემდეგ

მსახურების დაწყების წინ მღვდელმა (მღვდელმთავარმა) უნდა განუმარტოს მრევლს, რომ „მირქმის“ დღესასწაული არის იგივე „ლამპრობა“, რომ  ამ დღეს ეკლესიაში იკურთხებოდა სანთლები, რომელსაც იყენებდნენ მთელი წლის მანძილზე და მას განსაკურთრებულ დღეებში ანთებდნენ (თორმეტი სახარების სანთლის მსგავსად).

სასურველია, ამ დღეს ტაძარში მორწმუნეს ჰქონდეს ერთი სანთელი მაინც, რომელიც იკურთხება და სახლში წაიღებს, რათა მთელი წლის მანძილზე გამოიყენოს.

სანთლის კურთხევა და ტაძრის გარშემო ლიტანიობა გალობით, ანთებული სანთლებით და ბაირაღებით აღსრულდება მსახურების ბოლოს.

†  † †

მღვდელი და დიაკონი ანალოღიის წინ, შუა ტაძარში დგებიან; აქ წინასწარ საკურთხებლად დადებულია სანთლები, რომლებიც შემდეგ ხალხს დაურიგდება.

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

ფალო ნათლისაო, განმანათლებელო ბნელისაო და განმომცდელო თირკუმელთაო, აღგვინთენ კაცთა მწუხრისა სანთელნი ესე, სახიერო და კაცთმოყვარეო უფალო, რამეთუ ბუნებაი ცეცხლისაი შეჰქმენ, სახმარებაჲ ზეცისაი  მოგუმადლე ჩუენ, ბრძენთა მათ თანა წმიდათა ქალწულთა, შესვლად სასუფეველსა შენსა. გმადლობთ შენ მხოლოსა ღმერთსა ამას ყოველსავე ზედა და შევსწირავთ სამწუხროსა ლოცვასა. ღირს მყვენ ჩუენ, აწსა სულიერისა მის ნათლისა გამობრწყინებასა სამარადისოდ ნათელსა მას ცხოვრებისასა, რაითა გვიძღოდის ჩუენ ნათლად საუკუნოდ მადლითა და წყალობითა ქრისტე შენისაითა, რამეთუ შენი არს დიდებაი მამისა და ძისა და წმინდისა სულისა აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამენ;“

ლოცვის დამთავრების შემდეგ იქვე მდგარ  სასანთლეზე მღვდელი ანთებს სამ სანთელს

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

„ღმერთო ძლიერო, უფალო ძალთაო, და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღვისაო, და ყოველთა კიდეთა ქუეყანისათაო, რომელი დამკვიდრებულ ხარ ნათელსა შეუხებელსა, რომელი ჰზი ზედა საყდართა ქერობინთა, რომელი იდიდები, ყოველთაგან დაბადებულთა შენთა, ,უხორცოთა ძალნი გაქებენ შენ, დასნი მთავარანგელოზთანი თაყუანის გცემენ, სერაბინნი და ქერაბინნი დაუდუმებელითა ხმითა სამ-გზის წმიდასა გალობასა შესწირვენ, გამოუთქმელო ნათელო; გადიდებთ შენ რამეთუ სიმდაბლით მოხუედ ქუეყნად და განჰხორციელდი წმიდისაგან ქალწულისა, და მსგავს კაცთა იქმნენ და კათოლიკე ეკლესია შენ მიერ აღმართებული,  სუფევითა აღვსებული, ნათლისა ზეცისაითა… დღეს მოხუედ ტაძრად, მაცხოვარო ჩუენო, და დაშჯედ მკლავთა ზედა მოხუცებულისა სვიმეონისთა, რომელსა ვერ შემძლებელ არიან ანგელოზნი მიხედვად ცეცხლა ღმრთეებისა შენისასა. აწცა უფალო, ვითხოვთ შენგან განათლებად სულთა და ხორცთა ჩუენთათვის და მოუკლებელსა შენსა სიმდიდრესა ღმრთეებისა შენისაგან, რაითა მოავლინო ჩუენ ზედა და სანთელთ ამათ -მაღალი სულისაწმიდისაი, განაბრწყინბნე ლამპარნი ესე, ვითარცა ბრძენთა მათ ქალწულთანი,, რაითა მიგეგებვოდით შენ შესვლასა შენსა სასძლოსა, სანთლითა სუფევისა შენისაითა… ღირს ვიქმნნეთ და მადლობით დაუმარცხებლად გადიდებდეთ შენ თანა მამით და ყოვლადწმინდით სულითიურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.“

მღვდელი: შვიდობა ყოველთა

დიაკონი:თავნი ჩვენნი უფალსა მოუდრიკნეთ:

მღვდელი ხელაპყრობით:

„უფალო  რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოხედ ქუეყანად, ცხოვრებისათვის ნათესავისა კაცთაისა, რომელსა წინათვე გვიწინასწარმეტყველებდეს წინაისწამეტყუელნი მოსვლასა შენსა, ქრისტე სიტყუაო, ღმრთისაო, რომელი განუშორებელ ხარ მამისაგან და თანა-მოსაყდრე და გამოუთქმელად  გაბრწყინდი წმინდისა უბიწოსა ქალწულისაგან, იშევ ხორცითა ვითარცა ჯერ – გიჩნდა ნებითა მამისაითა, გამოსჩნდი ჩჩვილი, იტვირთე წიაღთა ქალწულისათა, რომლისა გარემოს დგას ბევრეული დასი ანგელოზთა, დღეს მოხუედ ტაძრად უფლისა, აღსრულებად სჯულისა, ვითარცა კაცი, და სვიმეონ მოხუცებულმან მკლავთა ზედა მიგიქუა ვირცა ყრმაი,  შენ მიერვე სულისაგან წმიდისა ეუწყა არა ხილვად სიკუდილი, ვიდრე გიხილოს ხორციელად მოსრული უფალი, რომლისათვისცა ძლიერად ღაღად-ყო; და გვიქადაგა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა გუახარა, მახარებლისა მიერ გამობრწყინვებაი შენი, ჩვენ უღირსთა მონათა შენთა ღირს ჰყუენ ჩუენ, … წინაშე შენსა სათნოებით და სიმართლით, განანათლენ გულნი ჩუენნი,  ნათლითა ღმრთეებისა შენისაითა, და განაბრწყინვენ ლამპარნი სულთა ჩუენთანი, და აკურთხენ სანთელი ჩუენნი, ვითარცა ბრძენთა ქალწულთანი, რომელნი მოგეგებვოდით შენ საიხარულით და ღირს ვიქმნნეთ ღმრთისმეტყუელებით გალობასა ანგელოზთა თანა და გადიდებდეთ მხოლოსა უკვდავსა მეუფესა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

დიაკონი: უფლისა მიმართ ვილოცოთ

ამის შემდეგ  მღვდელი ამბობს ლოცვას, რომელსაც ეწოდება „კურთხევაჲ სანთლისაჲ“

მღვდელი:

„გმადლობთ შენ, რომელი ხარ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა, შევწირავთ შენდა სანთელსა შენსა წმიდასა, ძესა შენსა, იესუ ქრისტესა, რომელმან გამოაბრწყინვა ნათელი სიმართლისაჲ გულთა ჩუენთა და გამობრწყინდა ნათელი შენი ჩუენ ზედა, რომელნი სხენან ბნელსა შინა და აჩრდილთა სიკუდილისათა. ამის ყოვლისა ნიჭისათჳს გმადლობთ შენ ღმრთისა ჩუენისა მიმართ იესუ ქრისტესა, თაყუანის-გცემთ მამასა და ძესა და წმიდასა სულსა აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე. ამინ!“

მღვდელი წინ დადებული სანთლებიდან იღებს დიდ სანთელს, სამი ანთებული სანთლიდან უკიდებს მას და

დიაკონი იტყვის:  უფლისა მიმართ ვილოცოთ

მღვდელი:

„აუნთე სანთელი, სახიერო კაცთმოყუარეო, რამეთუ ბუნებაჲ ცეცხლისაჲ შეჰქმენ, და საჴმარებაჲ ნათლისაჲ მოგუმადლე, გმადლობთ შენ ყოველთა ზედა და შევწირავთ შენდა სანთელსა, მას ბრწყინვალესა მოსლვასა შენსა, რაჲთა გჳძღოდეს ჩუენ ნათლად საუკუნოდ მადლითა და წყალობითა და კაცთმოყუარებითა ქრისტეს შენისაჲთა, რამეთუ შენი არს დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

მღვდელი მარცხენა ხელში გადაიტანს სანთელს, მარჯვენათი კი ნაკურთხ წყალს ასხურებს სანთლებს, როგორც ანალოღიის წინ დადებულს, ისე ხალხისას.

გუნდი (ან ერი) გალობს: აწ განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარებაი შენი რომელი განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა ამ სიტყვებზე კი: ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაილისა, მღვდელი დიაკონს და მრევლს გადაუკიდებს სანთელს  და მთელი ტაძარი ანთებული სანთლებით გაბრწყინდება.

შემდეგ მღვდელი სანთლით და დიაკონი სანთლითა და საცეცხლურით, სტიქაროსნები ბაირაღებით და ხატებით,  მრევლიც ანთებული სანთლებით გამოდიან გარეთ და ლიტანიობით უვლიან ტაძარს. მსვლელობისას ითქმის მრჩობლი კვერექსი, რომელსაც ჩაერთვის „ლამპრობის“ მუხლები „იადგარიდან“:

დიაკონი:

სთქვათ ყოველთა  ყოვლითა სულითა და ყოვლითა გონებითა ჩვენითა ვსთქვათ.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ
– ფალო ყოვლისამპყრობელო, ღმერთო მამათა ჩვენთაო, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ
– ეგვიწყალენ ჩვენ ღმერთო, დიდითა წყალობითა შენითა, გევედრებით, ისმინე და შეგვიწყალენ.
გუნდი, ან ერი: უფალო, შეგვიწყალენ (3-გზის, იმეორებს ყოველ მუხლზე)
– ერმეცა გევედრებით ღვთისმორწმუნისა  ერისა ჩვენისა, და ღვთივგანგებულისა მთავრობისა, მხედრობისა, ხელმწიფებისა და მეუფებისა მისისათვის.
– ერმეცა გევედრებით უწმიდესისა და უნეტარესისა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტისა დიდისა მეუფისა, მამისა ჩვენისა ილიასათვის,(მოსაყდრე, ან, და, ადგილობრივი ეპისკოპოსი) მიტროპოლიტთა, მთავარეპისკოპოსთა, ეპისკოპოსთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის.
– ერმეცა გევედრებით ძმათა ჩვენთა მოძღვართა-მღვდელთა, – მღვდელ-მონაზონთა და ყოველთა ქრისტეს მიერ ძმათა ჩვენთათვის
– ერმეცა გევედრებით სანატრელთა და მარადის მოსახსენებელთა, წმიდათა მართლმადიდებელთა პატრიარქთა, კეთილმსახურთა მეფეთა და კეთილმორწმუნეთა დედოფალთა და აღმაშენებელთა წმიდისა ამის ტაძრისათა (მონასტრისათა) და ყოველთა პირველ დაძინებულთა მამათა და ძმათა, (დედათა და დათა(აქა მდებარეთა,)) და ყოველთა მართლმადიდებელობით აღსრულებულთათვის.

– რისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ მისგან  ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

– ომელი რჩულისმდებელ ხარ და რჩულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

– ომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და  ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

– ომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ
– ერმეცა გევედრებით წყალობისა, სიცოცხლისა, მშვიდობისა, სიმრთელისა, ცხოვრებისა, შეწევნისა, შენდობისა და მიტევებისა ცოდვათასა, ნაყოფის შემომწირველთათვის და კეთილისმყოფელთა წმიდისა და ყოვლადპატიოსნისა ამის ტაძრისა და ამას შინა მშრომელთა, მგალობელთა და აქა მდგომარეთა ერთათვის, რომელნი მოელიან შენ მიერ დიდსა და მდიდარსა წყალობასა.

მღვდელი ამბობს ქვემოთ მითითებულ ლოცვა-ასამაღლებელს და შედის ტაძარში:

ფალო, ღმერთო ჩუენო, რომელმან შეჰქმენ ნათელი და დაჰბადე ბნელი, ბუნებაჲცა ცეცხლისაჲ შეჰქმენ საჴმარად ჩუენდა და მსახურებისა შენისა, შენ გევედრებით და შევსწირავთ შენდა დღისა ამის თაყუანისცემასა: ღირს მყვენ ჩუენ სამარადისოსა ნათელსა შენსა, სადა ყოველნი წმიდანი შენნი მკჳდრ არიან,

ამეთუ შენ ხარ განმანათლებელი სულთა და ჴორცთა ჩუენთაჲ და შენდა დიდებასა შევსწირავთ, მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამინ!

თუ ეს მსახურება ჩატარდება წირვის შედეგ ამ შემთხვევში არ წაიკითხება მხოლოდ პირველი ლოცვა („უფალო ნათლისაო, განმანათლებელო ბნელისაო … მწუხრისა სანთელნი..“)დანარჩენი წესი შესრულდება უცვლელად.

თუ ტაძარს არა აქვს გარშემოსავლელი სივრცე,  უამინდობაა, ან სხვა რამ ხელისშემშლელი მიზეზია, არსებობს საეკლესიო პრაქტიკა, ლიტანიობის ტაძრის შიგნით ჩატარებისა.

ლამპრობა – მიგებების დღესასწაული

(ექვთიმე კოჭლამაზაშვილის ნაშრომის შემოკლებული ვარიანტი)

ქრისტიანული დღესასწაულია ლამპრობა,მისი სახელწოდება და რიტუალური თავისებურება – ლამპრებისა და ცეცხლის ანთება,ჩირაღდნებით საზეიმო მსვლელობა და ლიტანიობა – შემორჩენილია სააქრთველოს სხვადასხვა კუთხეში, სვანეთში („ლამპრობის “სახელით)მთიულეთში („ლაპორიობა), გუდამაყარში („ლამპარიობა“),ფშავში („ლომპორია“)ხევსურეთში („ლამპრობა“),  ხევში („ამპარიობა“) გურიასა და იმერეთში.

ლამპრობა მარტო ქართული ღმრთისმსახურების დამახასიათებელი რიტუალი არ ყოფილა. იგი უძველეს დროში მთელ საქრისტიანოში იყო გავრცელებული და მიგებების (მიქმის) დღესასწაულს უკავშირდებოდა.

მიგებება, როგორც ვიცით, ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია.  ქრისტიანული ეკლესიისა, რომელიც შობიდან მეორმოცე დღეს ერმა იესუს იერუსალიმის ტაძარში მიყვანისა და მართალი სვიმეონის მიგებების მოსახსენებლად დაწესდა (ლუკა 2,22-39) წმ. კირილე ალექსანდრიელი (+444), სოფრონ იერუსალიმელი (634-638), კირილე სკვითოპოლელი (+557), სილვია აკვიტანელი (IV ს) და სხვა ავტორები გვაუწყებენ, რომ ამ დღეს სრულდებოდა ლიტანიობა (საზეიმო მსვლელობა) ანთებული სანთლებით. დასავლეთის ეკლესიაში მიგებებამ სანთლების (ლამპრების) დღესასწაულის სახელი მიიღო და სანთლებით მსვლელობის რიტუალი სხვადასხვა ვარიაციით აისახა ევროპის ხალხთა წეს-ჩვეულებაში.

ლამპრობისა და მიგებების იგივეობას ადასტურებენ ქართული საისტორიო და ლიტურგიკული მწერლობის ძეგლებში დაცული ცნობები. უძველეს საღმრთისმსახურებო  კრებულებში მიგებების დღესასწაული არცთუ იშვიათად „ლამპრობის“ სახელით გვხვდება. „ლამპრობა“ რომ სწორედ მიგებების გამომხატველია, გვიჩვენებს ამ სახელით წარწერილი საკითხავ-საგალობლების კალენდარული ადგილი და შინაარსი. სახელდობრ, „იბაკონი ლამპრობისანი“ -ასეა დასათაურებული მოხუცებული სვიმეონის მიერ ყრმა იესუს „მიქმის“ შესახებ საგალობლები უძველეს ჰიმნოგრაფიულ კრებულში -იადგარში.

უძველესი ლიტურგიკული პრაქტიკის ამსახველ ევხოლოგიონში ვხვდებით ლამპრობის კვერექსებსა და „მიგებების ლამპართა“ კურთხევის წესებს, რომლებიც კალენდარული ადგილისა და  შინაარსის მიხედვით აგრეთვე მიგებების დღესასწაულს შეეფერებიან. პარხლის მრავალთავში ლამპრობის საკითხად შეტანილია აპოკრიფული თხზულება: „სიყრმე უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი“, რაც შინაარსის მიხედვით ისევ და ისევ მიგებების დღესასწაულს შეეფერება. „ლამპრობა“, როგორც დღესასწაული, „ქართლის ცხოვრებაშიცაა“ მოხსენიებული მიგებების შესატყვისად.

საინტერესოა, რომ უფლის მიგებების ამსახველ ქართულ ძველ ხატებზე, სხვადასხვა ფორმით გამოხატულია ანთებული ლამპარი. მაგალითად,  XII-XIII სს. ტიხრული მინანქარის ფირფიტაზე ლამპარი გამოსახულია ძირს მდგარი, ღმრთისმშობლის წინ, X-XI სს. ჭედურ ხატზე (მოოქრული ვერცხლი). იგი ხელთ უპყრია მართალი სვიმეონის უკან მდგომ ანა წინასწარმეტყველს.

იმის გასათვალისწინებლად, თუ რა სულიერი შინაარსი ჰქონდა მიგებების დღესასწაულზე ანთებული სანთლებით ლიტანიობას, საინტერესო მასალას გვაწვდის ძველ ქართულ ლიტურგიკულ კრებულებში დაცული ლამპართა კურთხევის წესები („კურთხევაჲ ლამპართა მიგებებისათა“, „კურთხევაჲ ლამპრისა მიგებებასა“ დ ა.შ.) ჩვენთვის ცნობილია ამ „კურთხევის“ სამი რედაქცია, ორი მათგანი დაცულია X საუკუნის სინურ ხელნაწერებში, მესამე კი XVII-XVIII სს-ის რამდენიმე პოსტათონურ ხელნაწერში, რომლებიც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშიინახება.

აქვე მოგვყავს ლამპართა კურთხევის ლოცვა ბოლო, მესამე რედაქციისა, რომელიც შედარებით სრული სახითაა ჩვენამდე მოღწეული:

კურთხევა ლამპართა მიგებებისათა:

უფალო,  რომელმან მოსდრიკენ ცანი და გარდამოჰედ ქუეყანად, ცხორებისათს ნათესავისა კაცთასა, რომელსა წინათვე გწინასწარმეტყუელებდეს წინასწარმეტყუელნი მოსლვასა შენსა, ქრისტე, სიტყუაო ღმრთისაო, რომელი განუშორებელ ხარ მამისაგან და თანამოსაყდრე, და გამოუთქუმელად გამოჰბრწყინდი წმიდისა უბიწოსა ქალწულისაგან, იშევ ორცითა,ვითარცა ჯერ-გიჩნდა ნებითა მამისათა, გამოსჩნდი ჩჩლი, იტრთე წიაღთა ქალწულისათა, რომლისა გარემოს დგას ბევრეული დასი ანგელოზთა, დღეს მოხუედ ტაძრად უფლისა, აღსრულებად შჯულისა, ვითარცა კაცი, და სვიმეონ მოხუცებულმან მკლავთა ზედა მიგიქუა ვირცა ყრმაი,  შენ მიერვე სულისაგან წმიდისა ეუწყა არა-ხილვად სიკუდილი, ვიდრე გიხილოს ორციელად მოსრული უფალი,  რომლისათსცა  ძლიერად ღაღად-ყო და გქადაგა ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა; გუახარა მახარებლისა მიერ გამობრწყინვება შენი, ჩუენ უღირსთა მონათა შენთა. განანათლენ გულნი ჩუენნი  ნათლითა ღმრთეებისა შენისათა, და განაბრწყინვენ ლამპარნი სულთა ჩუენთანი, დააკურთხენ სანთელნი ჩუენნი, ვითარცა ბრძენთა ქალწულთანი, რომელნი მოგეგებვოდით შენ საიხარულით, და ღირს ვიქმნნეთ ღმრთისმეტყუელებით გალობასა ანგელოზთა თანა, და გადიდებდეთ მხოლოსა უკუდავსა მეუფესა, თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი-უკუნისამდე, ამენ.

როგორც ვხედავთ, უფლის მიგებების დღესასწაული სულიერად უკავშირდება იმ ათი ქალწულის იგავს, რომლებიც სიძის მისაგებებლად ემზადებოდნენ (მათე 25, 1-13).

მართალი სვიმეონის მიგებება იმით ჰგავს ბრძენ ქალწულთა მოქმედებას, რომ ისიც, მათ მსგავსად, სულიწმინდის ლამპრით იყო განათებული („კაცი ესე მართალი იყო და მოშიში უფლისა… და სული წმიდა იყო მის ზედა“ – ლუკა 2,25) დღენიადაგ მოელოდა უფლის განხორციელებას („მოელოდა ნუგეშინისცემსა ისრაელისასა“) ე.ი. მის შესაგებებლად იყო მუდამ განმზადებული და სულიწმიდის უწყებით (ე.ი. „ანთებული ლამპრით“) მიეგება კიდეც ტაძრად მიმავალ უფალს.

წმინდა ეკლესიამ ამ დღისათვის  ლამპრებით ლიტანიობა დააწესა. ლამპრების ელვარებით სვიმეონ წინასწარმეტყველთანერთად ეგებებოდნენ უფალს და ევედრებოდნენ, მათი სულის ლამპრებიც ბრძენ ქალწულთა ლამპართაებრ განებრწყინებინა, ე.ი. სულიწმიდის მადლი გარდამოევლინა მათზე. მიგებების დღესასწაულზე ლამპრების სიმრავლე ისეთივე გამომხატველი იყო  სადღესასწაულო სულისკვეთებისა, როგორც აღდგომის დღეს – სპეტაკი სამოსლით შემოსვა, იერუსალიმში შესვლის დღეს – ბზის რტოების აღპრობა, სულიწმიდის მოფენის დღეს – ბალახითა და ყვავილებით შემკობა ეკლესიისა და ა.შ.

ლამპრებით ლიტანიობის გარდა მიგებების დღეს სხვა სახარებისეული გადმოცემის აღსრულებაც ყოფილა დაწესებული, ამ დღეს შეიწირებოდა ორ-ორი გვრიტი ან ტრედის მართვე, ისე, როგორც უფლის ტაძრად მიყვანებისას  ყოვლადწმინდა ღმრთისმშობელმა და მართალმა იოსებმა (ლუკა2,24). ასეთი დასკვნის საშულებას გვაძლევს არა მართო ის ფაქტი, რომ ზოგიერთ კუთხეში (ქვემო სვანეთი) ლამპრობა ჩიტების დღედ იყო მიჩნეული, არამედ ისიც, რომ ვრცელ ქართულ კურთხევანში ძველთაგანვე შეუტანიათ „კურთხევა ტრედისაჲ“. ეს ტექსტი უშუალოდ წინ უძღვის „მიგებების“ ლამპართა“ კურთხევის ტექსტს და მასთან ერთად მიგებების დღესასწაულის ლიტურგიკულ განგებას (აკოლუთიას) ქმნის.

მიგებების დღესასწაულს დღესაც ისეთივე სულიერი შინაარსი აქვს, რაც პირველ საუკუნეებში, მისი დაფუძნებისას ჰქონდა. წმინდა ეკლესია კვლავაც მოგვიწოდებს სულიერი ლამპრის ანათებისკენ, რათა ბრძენ ქალწულთაებრ მომზადებულნი მივეგებოთ  დიდებით მომავალ უფალს. ლამპრობის წესიც, როგორც ამ საუფლო დღესასწაულის სულიერი შინაარსის გამომხატველი საღმრთო მსახურება, სვანეთსა და საქართველოს ზოგიერთ სხვა კუთხეში საკვირველი ერთგულებით შემონახული, არასდროს არ დაძველდება და წლითი-წლად გაგვამხნევებს ჭეშმარიტი ნათელის -ქრისტეს მიგებების სასოებით.

ღმრთისმსახურების იერუსალიმური ტრადიციისათვის დამახასიათებელი იყო დამატებითი სადღესასწაულო მუხლების ჩართვა ლიტურგიაზე, მრჩობლ კვერექსში.

კერძოდ, მიგებების კვერექსში ჩაერთვოდა შემდეგი მუხლები:

1. ვთქუათ ყოველთა: უფალო, შეგჳწყალენ ჩუენ.

2. ქრისტე, რომელი პირველ საუკუნეთა ღმერთი ხარ, და ცხორებისათჳს კაცთაჲსა ქალწულისა მიერ მისგან  ჩჩჳლ იქმენ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

3. რომელი რჩულისმდებელ ხარ და რჩულისა დამორჩილებაჲ ჯერ-იჩინე, და წყვილთაგან გურიტთაჲსა ტაძრად მიიყვანე, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

4. რომელი ცეცხლისფერთა ეტლთა ზედა მჯდომარე ხარ და  ჴსნისათჳს კაცთაჲსა მკლავთა ზედა მოხუცებულისა სჳმეონისთა დაშჯედი, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

5. რომლისაჲ წინაწარმეტყუელმან პირველვე თქუა მცირითა ღრუბლითა შესლვად ეგჳპტედ და ქალწულისაგან მიყვანებული ტაძრად მიგიქუა წინაწარმეტყუელმან სჳმეონ, გევედრებით შენ, უფალო, ისმინე და შეგჳწყალენ ჩუენ.

 

 

patriarchate.ge

Διαδώστε: