ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობისა და სასულიერო სემინარიის ფაკულტეტების მესვეურთა ინიციატივით თბილისის სასულიერო სემინარიის მე-3 კურსის სტუდენტებმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ოქროს ფონდის ძველი და ახალი ექსპოზიციები დაათვალიერეს. სტუდენტებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა ანჩისხატის, ხახულის, აწყურის, წილკნის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატების, საწინამძღვრო და საკურთხევლის წინ აღსამართი ჯვრების, სანაწილეებისა და ჩვენი ეროვნული საგანძურის სხვა სიწმინდეების ხილვამ.
სტუდენტებს მეგზურობდა თსას-ის ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის კათედრის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნე რუსუდან ვაშალომიძე. ქ-ნმა რუსუდანმა ვრცელი და საგულისხმო ინფორმაცია მიაწოდა სტუდენტებს ოქროს ფონდში დაცული საგანძურის შესახებ, აღნიშნული სიწმინდეების თავგადასავალზე ესაუბრა.