29 Οκτωβρίου, 2020

პანაშვიდი და მიცვალებულთა მოხსენიების დღეები

Διαδώστε:

მიცვალებულთა სულის მოსახსენიებლად, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ დადგენილია ერთ-ერთი სახეობა ღვთისმსახურებისა, რომელსაც პანაშვიდი ეწოდება. თავად სიტყვა „პანაშვიდი“ მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან pannykhis და ნიშნავს „ღამისთევას“, „ღამისთევის მსახურებას“. ადრეულ პერიოდში, როდესაც ქრისტიანები იდევნებოდნენ წარმართების მიერ, ისინი ღამღამობით ფარულად იკრიბებოდნენ ხოლმე მიცვალებულთა დასასვენებლად (დასაკრძალავად) და მათ სახელზე ლოცვა-ვედრებებსაც აღავლენდნენ. სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მსახურებას „პანაშვიდი“, ანუ „ღამისთევის მსახურება“.

ახლადშესვენებულს ეკლესიაში პანაშვიდი აუცილებლად უნდა გადავუხადოთ შემდეგ დღეებში:

პირველ დღეს, როცა გარდაიცვლება;

მე-3 დღეს, როდესაც პირველად წარდგება უფალთან; მე-9 დღეს, როდესაც მეორედ წარდგება უფალთან;

მე-40 დღეს, როცა ის პირად სამსჯავროზეა.

და ამის შემდეგ მიცვალებულის გარდაცვალების დღეს, წლისთავზე, დაბადებისა და ანგელოზის დღეებში.

გარდა ამისა, ეკლესიაში წლის განსაკუთრებულ დღეებში დანიშნულია საზოგადო პანაშვიდები, რომელსაც ჭირისუფალი უნდა დაესწროს:

• ხორციელის მსოფლიო (საყოველთაო) შაბათი (აღინიშნება დიდ-მარხვის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე). ამ დღეს ეკლესია ლოცულობს ყველა მართლმადიდებელისათვის, მათ შორის უეცარი სიკვდილით (წყალდიდობით, მიწისძვრით, უბედური შემთხვევით, ომით) გარდაცვლილთათვის;
• დიდ-მარხვის მე-2, მე-3 და მე-4 შაბათები;
• კვირაცხოვლობის (თომას კვირის) სამშაბათი – აღდგომიდან მეორე კვირის სამშაბათი;
• სულთმოფენობის წინა შაბათი.

წყარო: წიგნი “ეკლესიის საუნჯე”
შემდგენელი: დავით შონვაძე

 

ambioni.ge

Διαδώστε: